ამღერებული მერკელი და მოგონებები საქართველოზე - დეტალები ოფიციალური ვახშმიდან
გერმანიის კანცლერმა საქართველოში ვიზიტის პირველივე დღეს მოასწრო ფუნიკულიორით მგზავრობა, თბილისის ხედების ნახვა, ქართული სიმღერისა და ცეკვის შეფასება, საქართველოზე მოგონებების გახსენება და მეგობრობის სადღეგრძელოს დალევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანცლერმა მცხეთის ნახვის სურვილიც კი გამოთქვა.
ოფიციალური შეხვედრების და პრესკონფერენციების შემდეგ, კანცლერი პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს ოფიციალურ ვახშამზე ეწვია, რომელიც მთაწმინდაზე გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ხედები იხილა და მცხეთაში არასდროს ყოფილა მერკელს მიაჩნია, რომ მცხეთა საქართველოს საუკეთესო ადგილია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანცლერმა განაცხადა, რომ გული წყდება, რადგან მცხეთის ნახვას ვერ ამჯერად ახერხებს.
კანცლერმა ოფიციალურ ვახშამზე 80-იან წლებში საქართველოში "ნახევრად ლეგალურ და ნახევრად არალეგალურ" სტუმრობაზეც ისაუბრა:
"მახსოვს, რომ ტრანზიტი ნებადართული იყო, თუმცა მხოლოდ 12 დღით შეიძლებოდა ქვეყანაში გაჩერება. როდესაც ქართველმა პოლიციელმა გამაჩერა და მკითხა, აქ რას ვაკეთებდი, ვუთხარი, რომ მომწონდა და შესანიშნავი იყო აქაურობა და რომ სწორედ ასეთმა მოხიბლულმა დათქმულ დროში ვერ დავტოვე საქართველო. იმ წამსვე გამიგო და მკითხა, მქონდა თუ არა ნანახი თბილისში ესა თუ ის ადგილი, ვიყავი თუ არა ნამყოფი მცხეთაში. ვუპასუხე, ჯერ ვერ მოვახერხე-მეთქი. მაშინ მითხრა, მეტი დღით აღარ დარჩე, მაგრამ ყველა ეს ადგილი მოინახულეო. ვერ ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ რაც იყო, იყო. მახსოვს, რომ მაშინ დრო არ მქონდა".
კანცლერმა საღამოზე ანსამბლ შვიდკაცას უსმინა ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან და ნატო მეტონიძესთან ერთად. საღამოს ბოლოს კი მათთან ერთადაც იმღერა.
ასევე ნახა სუხიშვილების ცეკვა, ქართული ფერწერის ნიმუშები და ღვინოც დააგემოვნა.
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მერკელმა შეხვედრაზე აღნიშნა ისიც, რომ ახარებს თბილისელების გულითადი მასპინძლობა რუსი ტურისტების მიმართ. მისი თქმით, დაძაბული პოლიტიკის ფონზე ეს ხალხთაშორის ურთიერთობებს ალაგებს.
მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია არ დაივიწყებს საქართველოს პრობლემებს. მან მადლობა გადაიხადა მასპინძლობისთვის და განაცხადა "გაუმარჯოს გერმანულ-ქართულ მეგობრობას".
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ანგელა მერკელი საქართველოს დღეს, 23 აგვისტოს ეწვია. მან ოფიციალური შეხვედრა გამართა პრემიერ მინისტრთან და საქართველოს პრეზიდენტთან. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მერკელმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთალიანობას და რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უსამართლობაა.
ხვალ, 24 აგვისტოს ის საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის დელეგაციას შეხვდება. მერკელი საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების გარეშე მივა და შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.
გერმანიის კანცლერის ვიზიტის სრული განრიგი იხილეთ აქ.
გაიგეთ მეტი:
- რაზე ისაუბრა ანგელა მერკელმა — მთავარი გზავნილები
- მერკელი: მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას
- მერკელი: გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ, სწორედ ამიტომ ვარ აქ
- ზალკალიანი: გერმანიის გარეშე არ გვექნებოდა მკაფიო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი
- მერკელი საქართველოზე: თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის მანძილზე
- ზალკალიანი: მერკელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონობა უნდა დასრულდეს
კომენტარები