ლონდონის ზოოპარკში, თეთრი ფილებით მოპირკეთებულ ლაბორატორიის კედლებში, ჟირაფების გალიის მოპირდაპირედ, ორი მკვლევარი, ნელა და სკრუპულოზურად ატარებს ზღვის ღორის გაკვეთის ოპერაციას.

ერთი კვირით ადრე, ეს ცხოველი მაშველებმა იპოვნეს სომერსეტის პლაჟზე. მისი სხეული, მაშველების აზრით, გემის ხრახნისაგან მიყენებული სასტიკი წითელი ჭრილობებით იყო დასერილი. თუმცა, ეს არ სჯერათ წამყვან მკვლევრებს - რობ დივილსა და მეტ პერკინსს, რომლებიც მისი დაღუპვის მიზეზს იკვლევენ და ცდილობენ ახსნან, რა გახდა სინამდვილეში ამის მიზეზი.

გარდა ამისა, ეს მეცნიერები შეეცდებიან პასუხი გასცენ გაცილებით უფრო გლობალურ კითხვებს წყალქვეშ მცხოვრები ყველა არსების შესახებ, მაგალითად: როგორია ჩვენი ოკეანეების მდგომარეობა, რაში მდგომარეობს მთავარი საფრთხეები და რა დახმარების გაწევა შეუძლიათ ასეთ დროს ადამიანებს.

ყოველ წელს, დივილი და პერკინსი, ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების დაკვეთით, ასზე მეტი დაღუპული ვეშაპის, დელფინისა და ზღვის ღორის გაკვეთას ატარებენ. მათი მუშაობის შედეგად რამდენიმე შემაშფოთებელი გარემოება გამოიკვეთა - მაგალითად, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ზღვის წყალი კვლავინდებურად შეიცავს ისეთ ქიმიკატებს, რომლებიც დიდი ხნის წინ იქნა აკრძალული. დაღუპულ ზღვის ბინადართა შესწავლის შემდეგ კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამის მიზეზი (ანუ ტანჯვა-წამებით სიკვდილის მიზეზი) ძალზე ხშირად სათევზაო ბედეებია.

თუმცა, კვლევის პროცესში კარგი ახალი ამბებიც გამოჩნდა: მას შემდეგ, რაც ძალაში ახალი კანონმდებლობა შევიდა, განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფ ცხოველთა ბევრი სახეობა ბრიტანეთის სანაპიროს დაუბრუნდა. „ჩვენ, ნაპირზე გამორიყულ დაღუპულ ცხოველთა სხეულებს არა მხოლოდ იმიტომ ვიკვლევთ, რომ მათი სიკვდილის მიზეზი დავადგინოთ, არამედ იმისთვისაც, რომ უფრო მეტი რამ გავიგოთ მათი სიცოცხლის შესახებ“ - ამბობს დივილი, რომელიც ზოოლოგიურ საზოგადოებაში ვეშაპისებრთა ნაპირზე გამორიყვის მიზეზების შემსწავლელ პროგრამას ხელმძღვანელობს (Cetacean Strandings Investigation Programme, შემოკლებით CSIP).

კუზა ვეშაპი შეტლანდის კუნძლების მახლობლად; დიდი ბრიტანეთში მაცნიერებისათვის ცნობილი ვეშაპისებრთა ყველა სახეობის დაახლოებით მეოთხედი ნაწილი ცხოვრობს.

ფოტო: Getty Images

ბრიტანეთის წყლებში დიდი რაოდენობით ბინადრობენ ვეშაპისებრნი, აქ მაცნიერებისათვის ცნობილი ყველა სახეობის დაახლოებით მეოთხედ ნაწილს შეხვდებით - სამგზავრო ავტობუსის ტოლი მომღერალი კუზა ვეშაპებიდან ელეგანტურ აფალინებამდე (დელფინები ბოთლისმაგვარი დინგით), რომლებსაც წყლიდან 5 მეტრის სიმაღლეზე ამოხტომა შეუძლიათ.

ყოველწლიურად ბრიტანეთის პლაჟებზე წყალი დაახლოებით 600-მდე ვეშაპისებრს გამორიყავს. 1990 წლიდან დაწყებული, CSI-ს პროგრამის მონაწილე მეცნიერებმა 4 ათასამდე ასეთი შემთხვევა შეისწავლეს (მათ შორის - მონიტორინგის ფარგლებში მოაქციეს ზვიგენებიც).

გამორი

ფოტო: CSIP

ამასობაში კი დივილი და პერკინსი ლაბორატორიაში ყურადღებით იკვლევენ ზღვის ღორის ჭრილობებს. მათ საკმაოდ უბრალო ინსტრუმენტები აქვთ - სკალპელი, პინცეტი და რამდენიმე ბაღის მაკრატელი. თუმცა, მსგავსი კვლევების მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი საკმაოდ სწრაფად ადგენენ ამ ცხოველების დაღუპვის მიზეზებს; გემის ხრახნის პირობაზე, არსებული ჭრილობები საკმაოდ ზედაპირულია - როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, სასიკვდილო იარაღად თოლიების ნისკარტი უნდა ვივარაუდოთ. დივილი ფრთხილად აჭრის კანისა და ქონის ზოლს - ამ ნიმუშს, მოგვიანებით, სახიფათო ქიმიკატების არსებობის დასადგენად გამოიკვლევენ.

ზღვის ღორის სხეული ხრწნის ძლიერ სუნს გამოსცემს და ზოგიერთ დამკვირვებელს ამ პროცესის დროს ხშირად გული მისდის. „გაკვეთის მსვლელობისას თქვენ დაინახავთ, რა დიდი მსგავსებაა ჩვენსა და მათ შორის, - გვესაუბრება დივილი, თან გვაჩვენებს ზღვის ღორის სხეულიდან ამოღებულ მუქ მოიისფრო ღვიძლს, - მაგრამ არსებობს განსხვავებებიც“.

ზღვის ღორი გაკვეთის მოლოდინში

ფოტო: CSIP

ყველაზე დიდი მსგავსება თვალებშია; ამ ზღვის ცხოველს თვალები ძაღლისას მიუგავს, ისეთივე ცოცხალია და თევზების ბრტყელი, შუშისებრი თვალებისაგან განსხვავებით, სიკვდილის შემდეგაც კი გულითადი და მეგობრული გამომეტყველება აქვს. მალე განსხვავებების დემონსტრირებასაც ახდენენ, რაც მეტად საინტერესო აღმოჩნდა: ზღვის ღორებს, ძროხების მსგავსად, რამდენიმე კუჭი აქვთ; ასევე მათ არა ორი დიდი, არამედ - ასეულობით წვრილ-წვრილი თირკმელი აქვთ. მათი თირკმელზედა ანუ ადრენალინის ჯირკვლები გადიდებულია - ამ ძუძუმწოვრის სიცოცხლე აღსავსეა სტრესული სიტუაციებით: ზღვის ღორები ხომ გაცილებით მცირე ზომისანი არიან დელფინთან და ვეშაპთან შედარებით, შესაბამისად მათ უამრავი მტაცებელისაგან ელით საფრთხე, მაგალითად - სელაპებისაგანაც კი.

ბუნებრივი საფრთხეების გარდა, არსებობს კიდევ ერთი - ადამიანისაგან მოსალოდნელი ზიანის საფრთხეც. ბრიტანეთში, წყლის ძუძუმწოვართა დაღუპვის უმთავრესი მიზეზი წინასწარ განუზრახველი, უნებლიე მონადირებაა - როდესაც სამრეწველო თევზჭერის პროცესში, ბადეში შემთხვევით მოყვებიან ხოლმე ზღვის ის ბინადარნი, რომელთა დაჭერა აკრძალულია, ან დაგეგმილი არ არის. ზღვის ღორები ამ დროს გაგუდვს შედეგად იღუპებიან და რადგან ცხოველი ცდილობს ნებისმიერი გზით დაიხსნას თავი, ხშირად ამას თან სდევს საშინელი ჭრილობები და ძვლებისა და ფარფლების მოტეხილობა.

„უნებლიე მონადირებისას ბადეში მოხვედრა საშინელი სიკვდილით მთავრდება“ - ამბობს სარა დოლმენი, საქველმოქმედო ფონდ „დელფინებისა და ვეშაპების შენარჩუნების“ თანამშრომელი. მე მას ტელეფონით დავუკავშირდი მას შემდეგ, რაც დავესწარი ცხოველის გაკვეთას (ანუ როგორც მას უწოდებენ - ნეკროფსიას), რათა უფრო მეტი გამეგო იმის შესახებ, თუ როგორ ეთავსება ერთმანეთს თევზეულის კერძებისადმი ჩვენი სიყვარული და ვეშაპისებრთა ბრძოლა გადარჩენისათვის;

მიუხედეავად იმისა რომ დელფინები

ფოტო: Getty Images

დოლმენიც და დივილიც აღნიშნავენ, რომ არც ერთ მეთევზეს არ სურს დელფინის დაჭრა, რადგან ეს სახეობა, ისევე როგორც ვეშაპი ან ზღვის ღორი, დაცულ ცხოველთა რიგს განეკუთვნებიან. ეს მართლაც ასეა: ბრიტანეთის მთავრობისათვის მომზადებულ 2017 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ თევზის მრეწველობის დარგი მკაცრად იცავს ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმებს, რაც მიმართულია უნებლიე მონადირების შემთხვევათა შემცირებისაკენ. სხვა მუხლებს შორის, ამ ნორმებში შეტანილია ე. წ. პინგერების გამოყენება - ეს არის მოწყობილობა, რომელიც აკუსტიკურ სიგნალს ასხივებს თევზჭერის დროს ზღვის ღორების დასაფრთხობად. ამის მიუხედავად მხოლოდ 2016 წელს ბრიტანეთის ნაპირებზე თევზსაჭერ ბადეებში 1000-ზე მეტი ზემოთაღნიშნული ძუძუმწოვარი დაიღუპა - და ეს მხოლოდ ბრიტანეთის თევზსაჭერი ფლოტის მონაცემებია.

ერთ-ერთი მთავარი სირთულე, რაც უნებლიე მონადირების მოცულობის რადიკალურად შემცირებას აბრკოლებს, საზღვაო ცხოვრების გასაოცარი მრავალფეროვნებაა; აქ არა მარტო ვეშაპისებრნი, არამედ ზღვის ფრინველებიც არიან, ხოლო თევზსაჭერი ხელსაწყოების სხვადასხვა სახეობათა სიმრავლე იმას მოასწავებს, რომ პრობლემის ერთობლივი ძალით, ყველასათვის უნივერსალური გზით გადაწყვეტა უბრალოდ შეუძლებელია.

მაგალითისათვის, შოტლანდიაში ნაპირზე გამორიყული პატარა სრელა ვეშაპების დაახლოებით ნახევარი ასთაკვების (ომარების), კიბორჩხალებისა და ლანგუსტების დასჭერი მოწყობილობებისაგან იღუპება. არსებობს დადასტურებული შემთხვევები, როცა კუზა ვეშაპები ზურგზე გამოდებულ თევზსაჭერ ბადეს ზღვაში გაიტაცებდნენ ხოლმე და ასე დაცურავდნენ რამდენიმე ხანს. ყოველ წელს კი სამხრეთ ინგლისის ნაპირებზე ასობით დელფინი ხდება ჩვეულებრივი თევზსაჭერი ბადის მსხვერპლი.

დიდ ბრიტანეთში ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის მთავარი მიზეზი მათ სათევზაო ბადეში უნებლიე მონადირებაა

ფოტო: Getty Images

მე უეცრად მივხვდი, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ერთ ქილა თინუსს ვყიდულობ, სულ ტყუილად ვეძებ მასზე იარლიყს წარწერით 'dolphin-friendly' („დელფინებისადმი მეგობრული“) - ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მეთევზეები უბრალოდ ცდილობენ, არ დაუშვან დელფინის მოხვედრა თავიანთ ბადეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იქ არ ხვდებიან - თუმცა კი შემთხვევით, მაგრამ მაინც.

დოლმენის აზრით, ერთადერთი გზა, რათა თავიდან ავიცილოთ საკვებად „უნებლიე მონადირების“ მსხვერპლად ქცეული თევზის გამოყენება, - ეს არის ანკესით დაჭერილი თევზის შეძენა. ამის მიუხედავად, იგი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი: „ეს პრობლემა რთულია, მაგრამ მისი გადაჭრა შესაძლებელია“. მას მიაჩნია, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გამოიღებს შედეგს ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომები: „ჩვენი ხელისუფლება სერიოზულად უდგება ამ პრობლემას, ხოლო საზოგადოებისაგან კი დიდი მხარდაჭერა იგრძნობა“.

ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაკვეთილი ზღვის ღორი არ დაღუპულა თევზსაჭერ ბადეში: ერთი საათის შემდეგ დივილმა გამოიკვლია მისი ღვიძლი, ფილტვები, კუჭი და ა.შ. და დაადგინა, რომ ეს იყო ახალგაზრდა ძუ, რომელიც შიმშილისაგან იტანჯებოდა. მის სხეულში მეცნიერმა ასევე აღმოაჩინა პარაზიტები, რამდენიმე სისხლჩაქცევა და კუჭის წყლული. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს ძუძუმწოვარი ინფიცირებული იყო, რის გამოც იმდენად დასუსტდა და ვეღარ შეძლო ნადირობა. ან კიდევ პირიქით - მან ვერ მოიპოვა საკმარისი ოდენობის საკვები, რის გამოც დასუსტდა და შედეგად დაინფიცირდა.

ასეთ შემთხვევებში საკმაოდ რთულია სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა, თუმცა გაკვეთას ხშირად გასაოცარი შედეგები მოაქვს ხოლმე.

1980-იანი წლებიდან აკრძალვის მიუხედავად პქბ-ს მოწმამვლელი ნივთიერება მაინც ჩაედინება ოკენაში და სწორედ იგია მიჩნეული ცელნამგალა ვეშაპების გადაშენების მიზეზად

ფოტო: Getty Images

ალბათ, ყველაზე მოულოდნელი რამ, რაც დაღუპული წყლის ძუძუმწოვრების სხეულში შეიძლება იპოვნონ, დიდი ხნის წინათ აკრძალული ტოქსიკური ცეცხლდამცავი ნივთიერებაა, რომელიც პოლიქლორირებადი ბიფენილის სახელწოდებით არის ცნობილი. მისი გამოყენება ჯერ კიდევ 1980-იან წლებში აკრძალეს, თუმცა იგი ძველებურად ხვდება ზღვაში ნაგავსაყრელებიდან. სწორედ ამ ნივთიერების შემცველობას უკავშირებენ წყლის ძუძუმწოვართა უნაყოფობის პრობლემას; ვარაუდობენ, რომ ამავე მიზეზით, შოტლანდიის სანაპიროზე ცელნამგალა ვეშაპების სახეობა თითქმის მთლიანად განადგურდა, გადარჩა მხოლოდ 8 ერთეული. გასულ წელს ერთ-ერთი მათგანი ნაპირზე იპოვნეს, რომელსაც უკვე სიკვდილის შემდეგ შეარქვეს სახელი „ლულუ“; მის სხეულში აღმოჩენილი ბიფენილის შემცველობით, ლულუ, პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე ქიმიურად დაინფიცირებულ ცხოველად იქნა აღიარებული.

„ეს ყველაფერი ძალზე სამწუხაროა, - ამბობს დოლმენი, - მათ აღარ ჰყავთ შთამომავლობა, ამიტომ სავარაუდოდ გადაშენება ემუქრებათ“.

ქორნიშის ნაპირზე გამორიყული დედალი კაშალოტი. "გამორიყვა ყოველთვის ცუდ ამბავს არ გულისხმობს" ამბობს რობ დივილი.

ფოტო: Getty Images

მეორე მხრივ, დივილის მუშაობა ამ სფეროში ადასტურებს, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს; ზღვის ღორების ცხიმის ერთ-ერთი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მასში კიდევ ერთი ტოქსიკური ნივთიერების (რომელიც ასევე წვის ინჰიბიტორია) შემცველობის დონე რადიკალურად შემცირდა მას შემდეგ, რაც 2000-იანი წლებიდან თანდათანობით უარი თქვეს მის გამოყენებაზე.

ვეშაპების ჭერაზე დაწესებული მორატორიუმის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა კუზა ვეშაპების სულადობა, რაც ამავე დროს იმასაც ნიშნავს, რომ წყალი მათ უფრო ხშირადაც გამორიყავს ხოლმე: „როდესაც ჩვენ ნაპირზე გამორიყულ დაღუპულ წყლის ძუძუმწოვარს ვაწყდებით, ეს ყოველთვის არ არის სამწუხარო ფაქტი, - ამბობს დივილი, - უფრო სამწუხაროა, როცა საერთოდ ვერ ვნახულობთ მათ, ეს მართლაც შემაშფოთებელია“.