26 მაისის პირველად აღნიშვნიდან 100 წლის შემდეგ - ფოტორეპორტაჟი
დღეს, 26 მაისს, თბილისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეზე, შვიდი სახელმწიფოს მეთაურისა და სხვა მაღალი რანგის სტუმრების თანდასწრებით დადეს სამხედრო ფიცი წვევამდელებმა. მათ შორის იყვნენ პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, სლოვაკეთის, ფინეთისა და სომხეთის პრეზიდენტები. საგანგებოდ ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.
ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად გაიმართა თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და გელათში.
სამხედრო ფიცის დადებამდე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, მედროშეებმა კი სახელმწიფო დროშა დაკიდეს. შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიების შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
ფიცის დადებამდე თბილისის თავისუფლების მოედანზე თავიანთი სახელმწიფოების დროშებით ჩაიარეს აშშ-ის, გერმანიის, თურქეთის, ლატვიის და უკრაინის შეიარაღებული ძალების მედროშეებმა.
სამხედრო მარშში მონაწილეობა მიიღეს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინსტრუქტორებმა.
თავისუფლების მოედანზე ჩაიარეს გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმის კადეტებმა. მათ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარისკაცის ფორმა ეცვათ და იმავე პერიოდის იარაღი ეჭირათ ხელში. კადეტების მსვლელობისას საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრმა, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მარში შეასრულა.
ფიცის დადება პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლით გაგრძელდა, რა დროსაც რამდენიმე ჯარისკაცი შეუძლოდ გახდა. მათ პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია.
თავისუფლების მოედანზე გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა. მათ შორის ჯაველინების ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა. გასული წლის 20 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები საქართველოს 75 მილიონ დოლარად მიჰყიდა. მათ შორისაა, 72 გამშვები და 450-ზე მეტი რაკეტა.
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
რუსთაველის გამზირი სრულად იყო დატვირთული გასართობი, კულტურულ-შემეცნებითი და სხვადასხვა სახის აქტივობებით.
კომენტარები