"მოწევა აკრძალულია", - ამ ფრაზის თქმა მოუწევს ყველა ბარისა და რესტორნის თანამშრომელს, მისალმების შემდეგ, სტუმრისთვის. პირველი მაისიდან საქართველოში, თითქმის, ყველა დაწესებულებაში მოწევა იკრძალება. რეგულაცია თანაბრად ეხება მწეველებსაც და არამწეველებსაც.

შეზღუდვა ეხება რესტორნებს, ბარებს, კაფეებსა და კლუბებს. თამბაქოს მომხმარებელთა ნაწილის თქმით, სიგარეტის ნამწვის სუნი თავადაც აწუხებთ, ნაწილი კი ამბობს, რომ მსგავსი აკრძალვა მათთვის მიუღებელია. არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც აკრძალვაზე არაფერი სმენიათ.

ბარ-რესტორნების ზოგიერთ მმართველს ჰგონია, რომ მოსაწევად ცალკე სივრცის გამოყოფით კანონის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ნაწილმა არ იცის როგორ აღკვეთავს სამართალდარღვევას, ან ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.

კლუბი

კლუბები ის ადგილია, სადაც 5-დღიანი სამუშაო კვირის ბოლოს ადამიანები განსატვირთად მიდიან, უსმენენ მუსიკას, სვამენ ალკოჰოლს და ეწევიან თამბაქოს.

"მარტო დალევის პარალელურად არ ვეწევი, ცეკვის პროცესშიც მიყვარს მოწევა, აქამდე არავინ შეწუხებულა, რატომ უნდა აკრძალონ?" - ესაა პასუხი, რომელიც On.ge-მ ერთ-ერთი მოქალაქისგან კლუბში მოწევის აკრძალვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მიიღო.

რესპონდენტების ნაწილს მიაჩნია, რომ კლუბის სტუმარი მზადაა, რომ სიგარეტის სუნი დახვდება და ეს არ აღიზიანებთ.

"კლუბში ვინც დადის იცის, რომ ხალხი ეწევა და სვამს და ამაზე არ წუწუნებს. აბსურდია იმის მოთხოვნა, ასეულობით მოცეკვავე ადამიანში ვინმემ სიგარეტის კვამლი აკონტროლოს."

მტკვარზე

კლუბი მტკვარზეს დამფუძნებელი, ქეთა გაბუნია ამბობს, რომ ცვლილებების შესახებ მოხმარებლის წინასწარ ინფორმირება გადაწყვიტეს:

"ამისთვის კამპანიას ჩავუშვებთ სოციალურ ქსელში. ხალხი გვინდა შევამზადოთ."

მტკვარზე მისულ სტუმრებს სიგარეტის მოწევა კლუბის ეზოში ან აივანზე შეეძლებათ. კლუბის ორივე დარბაზში სიგარეტის მოწევაზე შეზღუდვას, გაბუნიას თქმით, დენსფლორმენეჯერები და დაცვის წევრები გააკონტროლებენ.

ხიდი

კლუბი ხიდის წარმომადგენელი, სოფო ებრალიძე ამბობს, რომ ეს რეგულაცია მათ დააზარალებთ.

"ჩვენ მძიმე მდგომარეობაში ვართ, მდებარეობიდან გამომდინარე. ხიდი არის ვახუშტი ბაგრატიონის ბურჯის ქვეშ, სადაც არ გვაქვს გარე სივრცე ან ტერასა", - ამბობს ის.

მისი თქმით, პირველი მაისიდან მომხმარებლებს მოუწევთ, კლუბიდან გარეთ გასვლა მოსაწევად და უკან შებრუნება, რაც მომხმარებლის რაოდენობის კლებას გამოიწვევს:

"ყველა ვარიანტში აისახება მომხმარებლის რაოდენობაზე იმიტომ, რომ დისკომფორტი შეექმნებათ. კლუბში ხანდახან ისინიც კი ეწევიან, ვინც მწეველი არ არის და ამ სივრცეს მოსაწევად იყენებენ, ეს უნდა გაეთვალისწინებინათ და გამონაკლისი დაეშვათ სამორინის და სიგარაბარის მსგავსად".

ამ კითხვებით ბასიანის დამფუძნებელს, ნაჯა ორაშვილსაც მივმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

ლუდის ბარები

ლუდის ბარები ის ადგილებია, სადაც On.ge-ს კომენტარების მიღება გაუჭირდა. 10-მდე დაწესებულებიდან საუბარი მხოლოდ 9 მთის მენეჯმენტმა ისურვა.

აქ დასალევად მოსულ მთვრალ კაცს მოწევას რომ აუკრძალავ, კარგი ამბავი არ მოყვება

ამბობს ერთ-ერთი ლუდის ბარის მენეჯერი, რომელსაც იდენტიფიცირება არ სურს.

იმის მიუხედავად, რომ თამბაქოს მოწევის დაწესებულებებში აკრძალვა არ ახარებთ, თბილისში, ქიაჩელზე მდებარე ლუდის ბარების უმეტესობას უკვე დაწყებული აქვს მზადება სპეციალური ნიშნების გასაკვრელად.

"ეს უფრო კაცური დაწესებულებაა, და აქ დასალევად მოსულ მთვრალ კაცს მოწევას რომ აუკრძალავ, კარგი ამბავი არ მოჰყვება", - ამბობს ერთ-ერთი ლუდის ბარის მენეჯერი, რომელსაც იდენტიფიცირება არ სურს.

"მე თვითონ მწეველი ვარ, ჩემს ბარში მოწევას რომ მიკრძალავენ, უფლებები არ მეზღუდება? ვისაც სიგარეტის სუნში ჯდომა არ უნდოდა არ მოდიოდა პაბში. იმ კაფეში იაროს, სადაც არამწეველთა სივრცეა", - ერთ-ერთი ლუდის ბარის მეპატრონე.

ლუდის ბარების ნაწილში მიაჩნიათ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სტუმრისთვის მოწევის აკრძალვა შესაძლოა, დაპირისპირების მიზეზი გახდეს და ეს მომსახურე პერსონალს დისკომფორტს შეუქმნის.

9 მთა

9 მთა ლუდის ბარია, რომელშიც გახსნიდან ამ დრომდე მწეველთა სივრცე არ არსებობს. როგორც მენეჯერი, ბექა გოგიაშვილი ამბობს, ამას სტუმართან კონფლიქტი არასდროს გამოუწვევია, თუმცა დისკომფორტი შეუქმნია.

"მოხმარებლის დიდი რაოდენობა არ დაგვიკარგავს ამის გამო. იყო მსგავსი შემთხვევები, თუმცა ცოტა. მოსაწევად გარეთ გადიოდნენ".

იმის მიუხედავად, რომ 9 მთაში მოწევა ამ დრომდეც აკრძალული იყო, კანონის მოთხოვნით, შესაბამის ამკრძალავ ნიშნებს მაინც გააკრავენ. მოგვიანებით კი, მწეველებისთვის ვერანდაზე სივრცის გამოყოფა იგეგმება.

ქართული რესტორანი

ხინკლის სახლი

ხინკლის სახლში არამწეველებისათვის ცალკე სივრცე აქვთ გამოყოფილი, სტუმრების უმეტესობა მწეველია. მიმტანების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სტუმრისთვის რთული ასახსნელია, რატომ ვერ მიუტანენ საფერფლეს. ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ მოსახლეობა აკრძალვის შესახებ უკეთ უნდა იყოს ინფორმირებული და მათ აღარ უნდა უწევდეთ ახსნა.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ხშირად ეწევა და მისთვისაც დისკომფორტი იქნება უარი მოწევაზე და ჩვენთვისაც ამის ახსნა

ხინკლის სახლის მენეჯერი

ხინკლის სახლის მენეჯერის, ირაკლი ჯოლოგანიძის თქმით, პირველი მაისიდან მიმტანებსა და მენეჯერებს მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმისთვის, რომ აკონტროლონ არავინ მოწიოს ჩუმად. მას მიაჩნია, რომ ახალი წესი სტუმრებთან ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ხშირად ეწევა და მისთვისაც დისკომფორტი იქნება უარი მოწევაზე და ჩვენთვისაც ამის ახსნა", - ამბობს ირაკლი ჯოლოგანიძე.

შემოიხედე გენაცვალე

შემოიხედე გენაცვალეს მწეველ სტუმრებს უკვე აფრთხილებენ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. მენეჯერის თქმით, ახალი წესების ახსნა პრობლემას არ შეუქმნით, თუმცა სტუმრებს შეექმნებათ დისკომფორტი.

შემოიხედე გენაცვალეს მენეჯერმა არ იცის იმის შესახებ, რომ დაწესებულებაში მოსაწევი ოთახების გამოყოფაც აიკრძალება. როგორც მან On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ადმინისტრაცია რამდენიმე ფილიალში მსგავსი ოთახების გამოყოფას გეგმავს.

მაჭახელა

მაჭახელას ერთ-ერთ ფილიალში მოწევა სტუმართა მოთხოვნის საფუძველზე რამდენიმე თვის წინ, ერთი თვით აიკრძალა. როგორც მენეჯერი ლიკა ჩოხელი ამბობს, ამან მოხმარებლის რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა:

"მოწევა რომ ავკრძალეთ, უკმაყოფილო სტუმრები სხვაგან მიდიოდნენ, სადაც მოწევა შეეძლოთ. ახალი წესით კი, თუ მოწევა ყველგან აიკრძალება ალტერნატივა არ ექნებათ და რაოდენობაზე არ აისახება. მაგრამ უკმაყოფილება რაღაც ნაწილისგან აუცილებლად იქნება".

მისივე თქმით, რესტორანს უმეტესად ტურისტები ან ოჯახები სტუმრობენ ბავშვებთან ერთად და პრეტენზიას გამოთქვამენ სუნის გამო. მაჭახელაში მიაჩნიათ, რომ ეს რეგულაცია ბიზნესს არ დააზარალებს.

ევროპული რესტორანი

პიანო

როგორც პიანოს დირექტორი, ეკატარინე ქეცბაია ამბობს, დაწესებულებაში მოწევა 2012 წელს, მომხმარებელთან ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე აიკრძალა. ამ მიზეზით, დაკარგეს მოხმარებლის ნაწილი, რომლებმაც პროტესტის ნიშნად რესტორანში სიარული შეწყვიტა.

"განსაკუთრებული წინააღმდეგობა მოდიოდა ქართველების მხრიდან. უცხოელებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და ამიტომ მარტივად იღებდნენ. რამდენიმე ერთგული სტუმარი დავკარგეთ იმის გამო, რომ მოწევა ავკრძალეთ."

დირექტორი გვიამბობს, რომ პირველი სამი თვე ეს ცვლილებები ბიზნესზეც აისახა, თუმცა მომხმარებლები მალევე დაუბრუნდნენ და ბოლო 6 წელია ეს პრობლემა არ აქვთ. მისივე თქმით, აკრძალვა არც სტუმრებს უქმნის დისკომფორტს და არც მომსახურე პერსონალს:

"ჩვენთან არ დადის ის სეგმენტი, რომ პრეტენზიები ჰქოდნეთ და ღრეობა იყოს, ამიტომ მშვიდად გადავიტანეთ."

კაფე

ჩაის სახლი

ჩაის სახლი ალტჰაუსის მენეჯერის და თანამშრომლების თქმით, მათი სტუმრების უმეტესობაც მწეველია და მომხმარებელთან პრობლემა შეექმნებათ. მოსალოდნელი პრობლემების მიუხედავად, კაფე ამ ცვლილებების მომხრეა.

ჩაის სახლში გეგმავენ მწეველთა სივრცე ვერანდაზე გადაიტანონ, თუმცა არ არიან ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მათი ვერანდა ახალი კანონის მიხედვით მოსაწევ სივრცედ არ მიიჩნევა.

რას ითხოვს კანონი

კანონის ახალი ვერსიით, მოწევა იკრძალება ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და ზედაპირის არანაკლებ 1/2-ზე აქვს კედლები, მათ შორის დახურული ფანჯარა ან კარი.

კანონით, დაწესებულების მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოფს შენობაში მოწევის შეზღუდვა და მოხმარებლის ინფორმირება სპეციალური ნიშნებით, რომელიც შენობის შესასვლელში და თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გაკრული.

გარდა ამისა, დაწესებულების მენეჯმენტი ვალდებულია განათავსოს იმ პირის საკონტაქტო ნომერი, ვისაც უნდა მიმართონ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში.

დაწესებულების მენეჯმენტმა დარღვევის აღმოჩენისთანავე, კანონით მინიჭებული უფლებით, უნდა მოითხოვოს მოწევის შეწყვეტა. თუკი დაწესებულების წარმომადგენელი დამრღვევს არ მიუთითებს დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა გაორმაგდება.

ამავე თემაზე: