შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 15 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ორივე პირი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლები არიან.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წელს, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან, ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულ - 1984 წელს დაბადებულ ნ.ქ.-სთან ერთად, ზესტაფონში ერთ-ერთი მოქალაქეს ხელკეტით სცემეს. ისინი მოქალაქეს ქურდული გარჩევის გზით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და მუქარით, 15 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხას უკანონოდ სძალავდნენ", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება გამოძალვის და ძალადობის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. ამ მუხლებით ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.