ჩინელმა მეცნიერებმა ასტეროიდის განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს
ჩინელი მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწისკენ მომავალი ასტეროიდის განადგურების საუკეთესო გზა მისი "შიგნიდან აფეთქებაა".
ჩვენს მზის სისტემაში მილიონობით ასტეროიდია, თუმცა მათი ძალიან მცირე ნაწილი წარმოადგენს რეალურ საფრთხეს დედამიწისთვის. მაგალითად, აქამდე მიიჩნეოდა, რომ ასტეროიდი Apophis დედამიწას 2068 წლისთვის ზიანს მოუტანდა. მაგრამ, მეცნიერებმა იგი პოტენციური საფრთხეების სიიდან უკვე ამოიღეს.
მიუხედავად ამისა, 2013 წელს რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა საშუალო ზომის მეტეორმაც კი დიდი ნგრევა გამოიწვია. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ათეულობით მეტრის სიგრძის ასტეროიდები დედამიწას საკმაოდ ხშირად ჩაუფრენენ ხოლმე. ამიტომ მათი მოკლე დროში განადგურების მეთოდების ძიება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
2022 წელს NASA-მ, საცდელი სახით, მცირე ზომის ასტეროიდს წარმატებით შეუცვალა მიმართულება. თუმცა, დღესდღეობით მსგავსი საფრთხის მოკლე დროში განეიტრალების ეფექტური მეთოდები არაა შემუშავებული.
2022 წელს NASA-მ ასტეროიდს მიმართულება წარმატებით შეუცვალა.
ფოტო: NASA/Johns Hopkins APL/Steve Gribben
ასტეროიდების განადგურების პროტოკოლის არარსებობა გახდა ის მიზეზი, რატომაც ჩინელმა მკვლევრებმა თავდაცვის ორი სტრატეგია შეიმუშავეს. პირველი ზედაპირული აფეთქების მეთოდია. მარტივად რომ ვთქვათ, რაკეტის დარტყმის შედეგად ასტეროიდის ზედაპირზე არაღრმა კრატერს აჩენენ, სადაც შემდეგ ბირთვულ მოწყობილობას აფეთქებენ. მეორე გზა კი ასტეროიდის შიგნიდან აფეთქებას გულისხმობს. ამ დროს სპეციალური მოწყობილობით უფრო ღრმა ღრმულს აკეთებენ, რის შემდეგაც ბირთვული ქობინი უშუალოდ მეტეორის წიაღში ფეთქდება. ამით ასტეროიდი მაქსიმალურად ნადგურდება.
მეცნიერებმა ორივე მეთოდი პრაქტიკულად გამოცადეს ისეთი სცენარის გათვალისწინებით, როდესაც პოტენციურ კატასტროფამდე 1-დან 20-წლამდე დროა დარჩენილი. მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შიგნიდან აფეთქების მეთოდი ასტეროიდზე გაცილებით მასშტაბურ და ზუსტ ზემოქმედებას ახდენს, ვიდრე ზედაპირული შეჯახება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მას ღრმულის გაჩენის ზუსტი ადგილის შერჩევა შეუძლია. აღმოჩნდა, რომ ასეთი დარტყმით 100 მეტრამდე ზომის კოსმოსური ობიექტების სრულად განადგურებაა შესაძლებელი. ხოლო 1 კილომეტრამდე ზომის ასტეროიდები სულ რაღაც 60 დღეში შეიცვლიან მიმართულებას.
მეცნიერები დასძენენ, რომ შიგნიდან აფეთქების მეთოდი მხოლოდ მაშინაა ეფექტური, თუ საკმარისი დრო გვაქვს. მოულოდნელი საფრთხის შემთხვევაში კი ზედაპირული დარტყმის გზა ბევრად მიზანშეწონილია. მიუხედავად შემუშავებული სტრატეგიებისა, ჯერ კიდევ გაუგებარია, შეუქმნის, თუ არა საფრთხეს აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნატეხები დედამიწას. ან საერთოდ, როგორ უნდა მოხდეს ბირთვული ქობინების უსაფრთხო გადატანა კოსმოსში.