ახალი სტრატეგიული ნაშრომის თანახმად, NASA-ს მომავალი მთვარის ბაზის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სპეციალური ბიოიზოლირებული ლაბორატორია (ბიოკონტეინერი). მისი მთავარი დანიშნულება იქნება დედამიწის იმ პოტენციურად სახიფათო ბიოლოგიური დამაბინძურებლებისგან დაცვა, რომლებიც, შესაძლოა, კოსმოსიდან ხომალდებს ჩამოჰყვეს.

ფოტო: NASA

"კაცობრიობამ კოსმოსის ათვისების სრულიად ახალ ეპოქაში შეაბიჯა, თუმცა ჩვენი პლანეტარული უსაფრთხოების სტრატეგიები აშკარად ჩამორჩება იმ რისკებს, რაც უცხოპლანეტური ნიმუშების დედამიწაზე დაბრუნებას ახლავს", — ამბობს კვლევის თანაავტორი ფრედერიკ ი. მოქსლი, აიდაჰოში დაფუძნებული "სტრატეგიული საფრთხეების ანალიზისა და კვლევითი ლაბორატორიების" დირექტორი.

"ჩვენ მიერ შემოთავაზებული ობიექტი, არსებითად, იქნება ერთგვარი დამცავი ფარი დედამიწასა და იმ ცოცხალ ორგანიზმებს შორის, რომლებიც, შესაძლოა, მომავალ კოსმოსურ მისიებს გამოჰყვეს", — განმარტავს მოქსლი. მისი თანაავტორია ენტონი რიჩარდი — მაკგილის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი და ბილერის გარემოსდაცვითი სკოლის დირექტორი.

ჟურნალ Ambio-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, მოქსლი და რიჩარდი ამტკიცებენ, რომ მთვარიდან, მარსიდან ან კიდევ უფრო შორი კოსმოსიდან მოპოვებული ნებისმიერი მასალა, ჯერ მთვარეზე არსებულ უსაფრთხო საკარანტინო და კვლევით ბაზაზე უნდა გადაიტანონ და არა პირდაპირ დედამიწაზე.

ავტორები გვთავაზობენ, რომ მთვარის ამ ობიექტზე შემოსულ ნიმუშებთან ნებისმიერი მანიპულაცია მხოლოდ რობოტების მეშვეობით განხორციელდეს. ეს მაქსიმალურად შეამცირებს ადამიანის ინფიცირებისა და უცხო ორგანიზმების გარემოში შემთხვევითი გაჟონვის რისკს.

გაკვეთილი დედამიწის ისტორიიდან

მიუხედავად იმისა, რომ არამიწიერი ცივილიზაციების, ან სიცოცხლის უცხო ფორმების არსებობა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, მკვლევრები გვაფრთხილებენ: დედამიწის ბიოსფეროში ნებისმიერი ახალი სიცოცხლის ფორმის შემოჭრას შეიძლება არაპროგნოზირებადი ეკოლოგიური შედეგები მოჰყვეს. ამის მაგალითად მათ დედამიწაზე ინვაზიური სახეობების ისტორია მოჰყავთ.

"ინვაზიურ სახეობებზე ჩატარებულმა ათწლეულების კვლევამ აჩვენა, თუ როგორ შეუძლია არასწორ დროსა და ადგილას მოხვედრილ ორგანიზმს უკონტროლოდ გავრცელება, რასაც ხშირად სავალალო და შეუქცევადი გრძელვადიანი გავლენა აქვს ეკოსისტემებზე", — ამბობს ბიოლოგიური ინვაზიების ექსპერტი, პროფესორი ენტონი რიჩარდი — "ეს გამოცდილება სრულად ამართლებს მკაცრი და ფრთხილი მიდგომის აუცილებლობას კოსმოსური წარმოშობის ორგანიზმების მიმართ."

ეს სამეცნიერო ნაშრომი ძალიან მნიშვნელოვან დროს ქვეყნდება, რადგან დღეს, კოსმოსურ კვლევებში, საერთაშორისო და კომერციული კონკურენცია პიკს აღწევს. სახელმწიფო სააგენტოები და კერძო აეროკოსმოსური კომპანიები სწრაფად აფართოებენ თავიანთ მისიებს დედამიწის ორბიტის მიღმა. ავტორების აზრით, ეს მზარდი და კონკურენტული გარემო ბიოუსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დანერგვას უფრო აუცილებელს ხდის, ვიდრე ოდესმე.

კვლევაში განხილულია ისეთი კრიტიკული შემთხვევებიც, როგორიცაა, მაგალითად, კოსმოსური ხომალდის ავარია, რომელსაც დაბინძურებული მასალა გადააქვს, ტექნიკური გაუმართაობა ან თუნდაც ასტრონავტების შესაძლო ინფიცირება კოსმოსურ გარემოში ყოფნისას. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დედამიწაზე არსებულ ლაბორატორიებს არ შეუძლია უზრუნველყოს აბსოლუტური იზოლაცია, კონტროლი ან უცნობი წარმომავლობის მქონე მიკროორგანიზმის სრული განადგურება, თუკი ავარია მოხდება.

ავტორების თქმით, დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძიება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია მეცნიერებისთვის, თუმცა შესაძლო საფრთხეებს კაცობრიობა წინასწარ მომზადებული უნდა შეხვდეს.

"მთვარე შესაძლოა კაცობრიობის პირველ თავდაცვის ხაზად იქცეს", — აცხადებენ ისინი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.