დეპრესიის მქონე პაციენტების დაახლოებით მესამედი სტანდარტულ მკურნალობაზე არ რეაგირებს. ზოგჯერ ის მეთოდი, რომელიც აქამდე კარგად მუშაობდა, ეფექტიანობას კარგავს.

ახალი ნაშრომის თანახმად, მცირე ზომის იმპლანტანტის ჩადგმით, შესაძლოა, მკურნალობისადმი რეზისტენტული მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტებმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იგრძნონ. ამ მკურნალობას ცთომილი ნერვის სტიმულაცია (VNS) ეწოდება.

ცთომილი ნერვი ორგანიზმში არსებული ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნერვია. იგი ტვინის ღეროში, კისერში, გულ-მკერდსა და მუცლის არეში გვხვდება. იგი ტვინს გულთან, ფილტვებთან და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან აკავშირებს.

VNS თერაპია ქირურგიული ჩარევის გზით გულ-მკერდის არეში პატარა მოწყობილობის ჩანერგვას გულისხმობს. იგი ზომით პეისმეიკერის მსგავსია. თხელი მავთული იმპლანტანტს კისერში არსებული ცთომილი ნერვის მარცხენა ნაწილთან აერთებს. მოწყობილობა რეგულარული ინტერვალებით ხანმოკლე, დაბალი დონის ელექტრულ იმპულსებს წარმოქმნის.

კვლევაში მონაწილეობა 493 ადამიანმა მიიღო. თითოეულ მათგანს მკურნალობა ოთხჯერ მაინც ჰქონდა ნაცადი, ყველა შემთხვევაში უშედეგოდ. მკურნალობის მცდელობის საშუალო რაოდენობა 13-ს შეადგენდა.

ცდისპირებს VNS-მოწყობილობები ჩაუნერგეს, თუმცა პირველი 12 თვის განმავლობაში იმპლანტანტთა მხოლოდ ნახევარი იყო ჩართული. ცდისპირების მეორე ნახევარი საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა.

გასულ წელს გუნდმა განაცხადა, რომ იმ ცდისპირებს, რომლებმაც VNS-მკურნალობა მიიღეს, დეპრესიის სიმპტომები მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდათ.

2026 წლის მოხსენება იმ ცდისპირების შედეგებზეა კონცენტრირებული, რომლებსაც ცდების დასაწყისიდანვე VNS-ით აქტიურად მკურნალობდნენ. ამით მკვლევრებს იმის დადგენა სურდათ, გაუმჯობესებული შედეგები მეორე წელსაც ნარჩუნდებოდა თუ არა. უმეტესი ცდისპირის შემთხვევაში ამ შეკითხვაზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

უფრო კონკრეტულად, 12 თვეზე მეტი ხნის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ცდისპირების 69%-ს გამოუვლინდა. ამ ინდივიდების 80%-ზე მეტს გაუმჯობესებული მდგომარეობა 24 თვის შემდეგაც კი შეუნარჩუნდა.

ეს საოცარი შედეგებია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესია უმნიშვნელოდ თუ მსუბუქდება ხოლმე და ისიც — ცოტა ხნით. აღსანიშნავია, რომ ამ ცდაში მონაწილე პაციენტებს დეპრესია საშუალოდ 29 წლის განმავლობაში ჰქონდათ. მათ 3/4-ს მუშაობაც კი არ შეეძლო.

მეორე წელს გაუმჯობესება იმ ცდისპირების 1/3-საც ჰქონდა, რომელთა შემთხვევაშიც პირველ წელს VNS ეფექტიანი არ აღმოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ზოგ ადამიანზე ეს თერაპია შეიძლება თავიდან არ მოქმედებდეს, თუმცა საბოლოოდ მათაც დაეხმაროს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ VNS-თერაპია მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესიის სამართავად 2005 წელს დაუშვა, თუმცა ამ მხრივ აღნიშნული თერაპიის ეფექტიანობა მაინც ცუდად იყო გამოკვლეული.

ნაშრომი გამოცემაში International Journal of Neuropsychopharmacology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.