აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს
ფოტო: ESA
ევროპული კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით, რომელსაც "ევკლიდე" ეწოდება, ასტრონომებმა 31 კვაზარი აღმოაჩინეს. ისინი ადრეული სამყაროდანაა, ხოლო 2 მათგანი ყველაზე ძველი და შორეულია, რომლებიც ოდესმე დაგვიფიქსირებია. კერძოდ, ეს ობიექტები დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 670 მილიონ წელში უკვე არსებობდა, მათი სინათლე კი ტრილიონი მზისას უდრის.
კვაზარი აქტიური გალაქტიკური ბირთვია, რომელშიც ზემასიური შავი ხვრელი "იმალება". ასეთი ენერგიის წყარო სწორედ ისაა, რადგან აკრეციული დისკოთია გარემოცული — მატერიის ნაკადით, რომელიც ამ ობიექტში ჩაედინება. მისი ძლიერი გრავიტაციის გავლენით აირისა და მტვრის მასა იმდენად კაშკაშა ხდება, რომ გალაქტიკის ყველა ვარსკვლავის ჯამურ სინათლესაც კი აჭარბებს ხოლმე.
ამის მიუხედავად, შორეული კვაზარების იდენტიფიცირება მარტივი არაა, რადგან შეიძლება ახლომდებარე ვარსკვლავები გვეგონოს. ევკლიდე ამ დაბრკოლების გადალახვაში გვეხმარება, რისი დასტურიც აქამდე უცნობი 31 კვაზარის აღმოჩენაა. ზოგი მათგანი მკრთალიცაა, ამიტომ ჩვენ წინაშე მსგავსი ობიექტების მრავალფეროვანი პოპულაციაა (ძალიან და ნაკლებად კაშკაშა).
ასევე, იხილეთ: ევკლიდე უკვე კოსმოსშია — სამყაროს ყველაზე ბნელი და დიდი საიდუმლოს ამოსახსნელად
18 ახალაღმოჩენილი კვაზარი.
ფოტო: ESA
ევკლიდეს მიერ დაფიქსირებული კვაზარების განლაგება ცაზე.
ფოტო: ESA
მთავარი კითხვაა, როგორ გახდა ასეთი მასიური ეს სისტემები ჯერ კიდევ ახალგაზრდა სამყაროში. ამის გასაგებად კი ზუსტად ასეთი სრული სურათი გვჭირდება. მაგალითად, 12 კვაზარი დაახლოებით 770 მილიონი წლის კოსმოსში არსებობდა, 2 კი — 670 მილიონი წლისაში. ესენია EUCL J172902.75+641018.1 და EUCL J125308.55+705432.3, რომელთაგანაც 13 მილიარდამდე სინათლის წელი გვაშორებს, რაც მათ ჩვენთვის ცნობილ უშორეს და უძველეს კვაზარებად აქცევს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ობიექტები რეიონიზაციის ეპოქიდანაა, რომელიც დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 680 მილიონ წელში დაიწყო და დიდი აფეთქებიდან 1.1 მილიარდ წელში დასრულდა. ამ დროს სამყაროში სინათლის ნაწილაკებმა, ფოტონებმა, თავისუფლად გადაადგილება შეძლო, რასაც მანამდე ვერ ახერხებდა.
გამოდის, რომ ახალაღმოჩენილი კვაზარები ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის შესახებ ინფორმაციას ინახავს და ახალგაზრდა კოსმოსში მიმდინარე პროცესების შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს. ევკლიდემ ისინი დააფიქსირა პროექტ Wide Survey-ის ფარგლებში, რომლის განმავლობაშიც ცის დაახლოებით ერთი მესამედი უნდა გამოიკვლიოს. მთავარი მიზანი ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის შესწავლაა, რომელთაგანაც პირველი სამყარო აჩქარებულ გაფართოებაში მონაწილეობს, მეორე კი გალაქტიკებს მთლიანობას უნარჩუნებს.
ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები