სირიაში ბოლოს განვითარებული მოვლენები - მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

სირიასა და ერაყში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დასუსტებასთან და თითქმის სრულ განადგურებასთან ერთად რეგიონში ცხოვრება უფრო მშვიდი არ გამხდარა. გასული წლის ზაფხულში, დაჯგუფების დედაქალაქი და მთავარი საყრდენი, ქალაქი რაქა სირიის სამთავრობო ძალებმა გაათავისუფლეს. ასევე, დაეცა დაეშის ყველაზე დიდი მონაპოვარი ერაყის ტერიტორიაზე ქალაქი მოსული.

ისლამური სახელმწიფოს თითქმის სრული განადგურების მიუხედავად, სირიის მთელ ტერიტორიაზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ქვეყნის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი ცდილობს კონტროლი აღადგინოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და აჯანყებულები გაანადგუროს.

ვინ ვის ეომება ?

უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, სხვადასხვა რაოდენობითა და განსხვავებული მანდატით, სირიის სამხედრო ძალების გარდა, კიდევ ოთხი ქვეყნის სამხედრო შენაერთებია. თუმცა ირანის, რუსეთის, თურქეთის და აშშ-ს სამხედრო ძალების გარდა საომარ მოქმედებებში სხვადასხვა ინტენსივობით ჩართულია კიდევ რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის, საფრანგეთი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და სხვები.

საერთაშორისო მოთამაშეების გარდა, ძირითადად, მოწინააღმდეგე მხარეები სირიის სამთავრობო ძალები და აჯანყებული ოპოზიციაა. ამასთანავე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ქვეყნის ეთნიკურად ქურთი მოსახლეობა და მათი სამხედრო შენაერთები. ვითარება რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა ბოლო წლის განმავლობაში რუსეთის სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური დახმარებით მნიშვნელოვნად გამყარდა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის პოზიციები.

სირიის სამთავრობო ძალებით კონტროლს ექვემდებარება ქვეყნის დედაქალაქი, დამასკო, ასევე, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, ალეპო და კიდევ რამდენიმე რეგიონი, რომლებსაც წინა წლებში ოპოზიციური ძალები აკონტროლებდნენ. ახლა ყველაზე აქტიურ საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში და აფრინშია.

რა მოხდა უქმეებზე ?

13 თებერვლის შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში აქტიურ საარტილერიო და ავია იერიშებს ახორციელებს. რეგიონს, თითქმის მთელი სამოქალაქო ომის განმვალობაში, ქვეყნის აჯანყებული ოპოზიცია აკონტროლებდა, თუმცა პოზიციების გაძლიერებასთან ერთად ამ მიმართულების სირიის სამთავრობო ძალები უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ.

შეტევების დაწყებიდან დღემდე რეგიონში დაღუპულია დაახლოებით 1 700 ადამიანი, დაშავებულთა და დაჭრილთა რიცხვი კი - 10 ათასს აღემატება. რეგიონში უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისია. დანგრეულია სკოლები, საავადმყოფოები, მეჩეთები, მოსახლეობა საკვები და მედიკამანტები არ ჰყოფნის.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ უქმეებზე რეგიონში სირიის სამთავრობო ძალებმა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს. დიდი ალბათობით, საუბარია ქლორის შემცველ მაღალ ტოქსიკურ გაზზე, ე.წ. ზარინზე. შეტევის შედეგად დაღუპულია სულ ცოტა 70 ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვია.

რეგიონი მოწყვეტილია გარე სამყაროს. ამ მიზეზით, მონაცემები, დიდი ალბათობით, არაზუსტია და სავარაუდოდ, დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო დიდია. სირიის მთავრობის მხრიდან ეს ზარინის გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის. იგივე ნივთიერება გამოყენეს, დაახლოებით ერთი წლის წინ, ქიმიური შეტევის დროს. მაშინ თავდასხმას 86 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

საერთაშორისო რეაქცია?

სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას უმწვავესი საერთაშორისო რეაქცია მოყვა. ფაქტს Twitter-ის ექაუნთზე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ტრამპმა მომხდარში სირიის მთავრობა დაადანაშაულა. ამერიკის პრეზიდენტმა ბაშარ ასადს ცხოველი უწოდა. ტრამპმა, ტვიტში პირველად დაასახელა ვლადიმერ პუტინი:

"სასტიკი ქიმიური შეტევის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. რეგიონი სრულად მოწყვეტილია გარე სამყაროს სირიის სამთავრობო ძალების მიერ. პრეზიდენტი პუტინი და ირანი პასუხისმგებელია "ცხოველი" ასადის მხარდაჭერისთვის. შეტევის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს ეს ძვირად დაუჯდებათ"

უცნობია კონკრეტულად რა ზომებს მიიღებს ამერიკის პრეზიდენტი. ანალოგიურ ვითარებაში, ერთი წლით ადრე, აშშ-ს ავიაციამ სირიის სამთავრობო ბაზების დაბომბვის გადაწყვეტილება მიიღო. მედიასთან საუბარში აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა ღირსეული პასუხი გასცეს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. პრეზიდენტის რიტორიკა გაიმეორა აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში. ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში პასუხისმგებელი რუსეთია.

გაეროს უშიშროების რიგგარეშე საბჭო, ორშაბათს, 9 აპრილის, რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის შემდეგ, მოიწვიეს. სხდომაზე დასავლური ქვეყნების წარმომადგენლებმა, მომხდარში სირიის მთავრობა, რუსეთი და ირანი დაადანაშაულა. ასევე, ორშაბათს, საღამოს საათებში დაიბომბა სირიის სამთავრობო ბაზა T-4. სირიის სამთავრობო ტელევიზიამ შემთხვევიდან მალევე განაცხადა, რომ განხორციელებული შეტევის უკან აშშ იდგა, თუმცა პენტაგონმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.

მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ შეტევის უკან ისრაელის ავიაცია იდგა. ავიაიერიში ლიბანის საჰაერო სივრციდან განხორციელდა და შედეგად 14 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარს არ ავრცელებს.

როგორ რეაგირებს რუსეთი?

რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ქიმიურ შეტევა არ ყოფილა.

შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ რუსული დაზვერვის ინფორმაციით, აჯანყებულების მიერ იგეგმებოდა პროვოკაციები ქიმიური იარაღის მეშვეობით, რაც შემდგომში გამოყენებული იქნებოდა ასადის მთავრობის "გასაშავებლად". პუტინის თქმით, აშშ-ს და სხვა მოთამაშეების მხრიდან ფაქტზე აგრესიულ რეაგირებას მძიმე შედეგები მოჰყვება.

რა არის მოსალოდნელი?

წინა წელს სირიის მთავრობის მიერ განხორციელებულ ქიმიურ შეტევას მძიმე საერთაშორისო რეაქცია მოყვა, რაც, საბოლოოდ, აშშ-ს ავიაციის მიერ სირიის სამთავრობო ავიაბაზების დაბომბვით დასრულდა. უცნობია როგორი იქნება პასუხი ამჯერად. მედიაში გავრცელებული ინფორმაცით, აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები ერთიანი პასუხის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

ვითარება სირიის ირგვლივ მძიმეა. სიტუაციას ართულებს ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტისა და მისი შვილის მოწამვლის საქმე, რომელის გამოც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ 150 რუსი დიპლომატი გააძევა. 6 აპრილს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა ახალი სანქციები რუსი ოლიგარქებისა და რუსული ბიზნესის წინააღმდეგ.

სანქციებიდან 5 დღის შემდეგ, 50 ყველაზე მდიდარი რუსი ოლიგარქის ქონება $14 მილიარდით შემცირდა. რთული სავარაუდოა როგორ პასუხს გასცემენ აშშ და მისი მოკავშირეები ასადის და პუტინის ალიანსს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…