ბიტკოინის სამყარო შესაძლოა არსებობის ბოლო დღეებს ითვლიდეს. შოკისმომგვრელმა აღმოჩენებმა, შესაძლოა, ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის არსებობას საფრთხე შეუქმნას.

გერმანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უცნობი ადამიანები ბიტკოინის ბლოკჩეინს ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოებით ვაჭრობისთვის იყენებდნენ, რის სანაცვლოდაც ბიტკოინს იხდიდნენ.

ბლოკჩეინი ყველასთვის ხელმისაწვდომი ღია სივრცეა, რომელიც ძირითადად ბიტკოინის ტრანზაქციებისთვის გამოიყენება. ამასთან, სისტემა მცირე ზომის არაფინანსურ მონაცემებსაც ინახავს, როგორიცაა ტრანზაქციების ისტორია. გარდა ამისა, ბლოკჩეინში ლინკებისა და ფაილების გაცვლაცაა შესაძლებელი.

აახენის უნივერსიტეტის გერმანელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ბიტკოინის ბლოკჩეინში 1600-ზე მეტი ფაილი იყო ატვირთული, რომელთაგან მინიმუმ რვა სექსუალურ შინაარს ატარებდა. მათგან ერთი, ბავშვის გაუპატიურების ამსახველი ფოტო იყო. ერთ-ერთი ფაილი ბავშვთა პორნოგრაფიის 274 ლინკს შეიცავდა. კიდევ ერთ ატვირთულ ფაილში კი, აკრძალული ინტერნეტ სერვისების 142 ლინკი იყო.

"ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ ისეთი კონტენტის გავრცელებამ, როგორიცაა არალეგალური პორნოგრაფია, შესაძლოა ბლოკჩეინის გამოყენების აკრძალვა გამოიწვიოს", - წერენ მკვლევრები.

"მართალია არ არსებობს კონკრეტული კანონები ბლოკჩეინის წინააღმდეგ, მაგრამ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და მსგავსი ქვეყნების სამართლებრივი ჩანაწერები, რომლებიც ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებას კრძალავს, გვაფიქრებინებს, რომ ბლოკჩეინი ყველა მომხმარებლისთვის არალეგალური გახდება", - ნათქვამია მეცნიერების განცხადებაში.

მართალია, ბიტკოინის ხარჯვისთვის არ არის აუცილებელი ბლოკჩეინის გამოყენება, თუმცა ზოგიერთი პროცესი, როგორიცაა მაინინგი, ბლოკჩეინის სრულად ან მისი ნაწილების გადმოწერას მაინც საჭიროებს.

"ბლოკჩეინის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, რაც მომხმარებლების მიერ მონაცემების ჩამოტვირთვასა და ატვირთვას გულისხმობს, ყველა მათგანს აქვს წვდომა იმ ფაილებთან, რომელსაც მომხმარებლები ბლოკჩეინში ტვირთავენ. შესაბამისად, ისინი თანამონაწილე ხდებიან ყველა იმ არალეგალური ქმედების, რომელიც ბლოკჩეინში აკრძალული კონტენტის ატვირთვისას ხდება", - წერენ მკვლევრები.

მაინინგი ბიტკოინის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია. ბიტკოინის მოპოვების პროცესში ბლოკჩეინში ფიქსირდება და ინახება ტრანზაქციების დამადასტურებელი ჩანაწერები. აქედან გამომდინარე, ბლოკჩეინში აკრძალული კონტენტის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება, შესაძლოა უარყოფითად აისახოს ბიტკოინზე.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ არალეგალური კონტენტი მომავალში ძალიან საზიანო იქნება ბლოკჩეინის სისტემაზე დამოკიდებულ კრიპტოვალუტაზე, როგორიცაა ბიტკოინი", - ნათქვამია მკვლევრების მოხსენებაში.

გარდა ბავშვთა პორნოგრაფიისა, ბლოკჩეინში საავტორო უფლებების დარღვევით სხვადასხვა მასალები ვრცელდება. ამასთან, დაფიქსირდა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებისა და ინფორმაციის გავრცელების ფაქტებიც.

გაიგეთ მეტი: