პროკურატურა ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 2017 წელს დაიწყეს.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას და მათ შორის დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კიდევ ერთხელ ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 მაისს გამოქვეყნებული შუალედური ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2017 წლის 23 მაისს დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე"

დღეს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ პროკურატურას ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის, ქონების გადაცემის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. ორგანიზაციაში თბილისის მუნიციპალიტეტსა ფარცხალაძის კომპანიას შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ.

პროკურატურის ინფორმაციით, ამჟამად სისხლის სამართლის საქმეზე, მიმდინარეობს როგორც საგამოძიებო, ისე საპროცესო მოქმედებები.