საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება. მან ამის შესახებ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 154 წლის განმავლობაში რკინიგზელების არაერთი თაობა ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.

"მინდა, დღეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ რკინიგზელს, რკინიგზელებს, რომლებიც ყოველდღიურად, ხშირად ძალიან რთულ პირობებში უზრუნველყოფენ რკინიგზის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიზრდება 20%-ით. ბატონ ლაშას [აბაშიძე, საქართველოს რკინიგზის დირექტორი], მინდა მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება მომავალ წელს 8,4%-ით უნდა გაიზარდოს.