Apple-მა შემოდგომის მეორე ღონისძიება დააანონსა და, როგორც ჩანს, ის ჭკვიანი სახლის პროდუქტებზე იქნება ფოკუსირებული. ღონისძიება, რომელიც კომპანიამ ფრაზით Welcome home დააანონსა, 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 17 საათზე, ნიუ-იორკშია დაგეგმილი.

ტექნოლოგიური სამყარო ელოდა, რომ კომპანია ოქტომბერში მსგავს ღონისძიებას გამართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, Apple TV-სა და HomePod mini-ს განახლებულ ვერსიებთან ერთად, Apple დიდი ხნის განმავლობაში მოსალოდნელ HomePad-საც წარადგენს.

წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები, რომ Apple მუშაობდა ჭკვიან ეკრანზე, რომელიც Amazon-ის Echo Show-სა და Google-ის Next Hub-ს კონკურენციას გაუწევდა. Bloomberg-ის ცნობით, Apple-მა მოწყობილობის გამოშვება Siri AI-ს მზადყოფნამდე გადადო.

გავრცელებული ინფორმაციით, HomePad-ს (როგორც ვარაუდობენ, მას ეს სახელი ერქმევა) 17.8-სანტიმეტრიანი ეკრანი, ახალი ოპერაციული სისტემა, სახელად homeOS და სამართავი პანელი ექნება, რომელიც iPhone-ების StandBy-სას წააგავს. როგორც ჩანს, მოწყობილობა სახისა და ხმის ამოცნობის ფუნქციას გამოიყენებს, რათა კონტენტი იმ ადამიანს მოარგოს, რომელიც მას კონკრეტულ მომენტში იყენებს.

ჭკვიანი სახლის პროდუქტების მართვის შესაძლებლობასთან ერთად, მიიჩნევა, რომ HomePad-ს ექნება FaceTime ზარების, ვიდეო და მუსიკალური სტრიმინგის, სხვა მოწყობილობებთან ინტერკომით კომუნიკაციისა და მრავალი სხვა ფუნქციის მხარდაჭერა.

რაც შეეხება ახალ Apple TV-სა და HomePod mini-ს, სავარაუდოდ, მათ ტექნიკური მახასიათებლები გაუუმჯობესდებათ, რათა Siri AI-ს მხარდაჭერა შეძლონ. თუმცა, macOS-ის ბეტა ვერსიის ბოლოდროინდელი კოდი მიანიშნებს, რომ განახლებულ დინამიკს შესაძლოა Apple Watch-ის სტილის ინტერფეისის მქონე ეკრანიც დაემატოს.

როგორც ჩანს, ოქტომბერი Apple-ისთვის მნიშვნელოვანი თვე იქნება. გარდა იმისა, რომ კომპანიას ეს უახლესი ღონისძიება აქვს დაგეგმილი, ის რამდენიმე კვირაში თავისი პირველი დასაკეცი ტელეფონის, iPhone Duo-ს გამოშვებასაც აპირებს.