ერთი პირი დამნაშავედ ცნეს წვევამდელებისთვის სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარების, დოკუმენტების გაყალბებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში ხელშეწყობის, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტებზე. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2024–2026 წლებში, ბრალდებული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, წვევამდელებს და მათი ოჯახის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მათგან მოტყუებით მიიღო ჯამში 24 200 ლარი.

ამას გარდა, ბრალდებული 2024-2026 წლებში ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად ყალბი სამედიცინო ისტორიის შექმნით დოკუმენტებს აყალბებდა. შედეგად ავადმყოფობის სიმულაციის და ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენით, სსიპ "გ. აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის" მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისია წვევამდელს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ათავისუფლებდა.

ასევე, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, რასაც მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - 6 ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 25.356-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარება), 25.362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადებაში და გამოყენებაში დახმარება), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. See less