რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, გიორგი დავითაძის, დედის, ირმა დავითაძის განცხადებით, მისი შვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი თქმით, დავითაძემ პროტესტის ნიშნად ტელევიზორის ნაწილები გადაყლაპა. ამის შემდეგ, მისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, სხვა პატიმრებმა ხმაური დაიწყეს და ისინი ე.წ. დეესკალაციის ოთახებში გადაიყვანეს.

დავითაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი კლინიკა "ვივამედში" გამოკვლევებზე გადასვლას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც სხვა პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ.

"გიორგის გადაუყლაპია რაღაც სამი რკინის ნაწილი ტელევიზორის. ის აცხადებს, რომ ეს გააკეთა პროტესტის ნიშნად და არავითარ შემთხვევაში არ გადავა საავადმყოფოში, სანამ პატიმრებს არ ამოიყვანენ დეესკალაციიდან. ეს იყო გიორგის პროტესტის მიზეზი. ვინაიდან პატიმრებმა გიორგის მხარდასაჭერად ასე ვთქვათ, ხმაური ატეხეს და ამის გამო ისინი დასაჯეს და გადაიყვანეს დეესკალაციაში და ამას აპროტესტებს გიორგი. მანამ არ გადავა "ვივამედში", სანამ ისინი არ იქნებიან ამოყვანილი თავიანთ კამერებშიო, აცხადებს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პატიმარს, ვინც ასე გვერდში დაუდგა გიორგის. გიორგიც არის ის პიროვნება, რომელიც თავგანწირვით იბრძოლებს თქვენთვის და ის არაფრით გადადის საავადმყოფოში, სანამ თქვენ არ ამოგიყვანენ დეესკალაციიდან", — ამბობს ირმა დავითაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დავითაძე, რომელიც რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, აცხადებს, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე რამდენიმე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც მათი თქმით, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში შეყვანაა ასახული. კადრებში ჩანს დავითაძის ძალით შემოწმება და ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ჩანაწერს ხმა არ აქვს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ამ ეტაპზე ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ უნახავთ.

გუშინ, 4 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ 21:12 საათზე რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა გიორგი დავითაძემ ადმინისტრაციის თანამშრომლისა და საკნის ვიდეოკამერის წინ გაურკვეველი მცირე ზომის საგანი დემონსტრაციულად გადაყლაპა. უწყების განცხადებით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგისთვის კლინიკა "ვივამედში" გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა დავითაძემ უარი განაცხადა. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის 24-საათიან მონიტორინგს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი ახორციელებს.