2024 წელს მეცნიერებმა პირველი პირდაპირი მტკიცებულება აღმოაჩინეს იმაზე, რომ ადამიანის თავისა და ზურგის ტვინში შინაგანი "ნარჩენებისგან დაცლის სისტემა" არსებობს. ხოლო ახალი ნაშრომის თანახმად, ეს სისტემა შეიძლება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სიმპტომებს იწვევდეს.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ხშირად მიალგიურ ენცეფალომიელიტს უწოდებენ (ME/CFS). ეს დარღვევა იმდენად ცუდადაა შესწავლილი, რომ მისი არც გამომწვევი მიზეზია ცნობილი და არც მკურნალობის გზები.

ადრე ექიმებს მიაჩნდათ, რომ თუ პაციენტს უკიდურესი დაღლილობა, გონებაგაფანტულობა ან გრიპის მსგავსი სიმპტომები ქრონიკულად აღენიშნებოდა, დიდი ალბათობით, პაციენტი ამ ყველაფერს იგონებდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნულ ჩივილებს სხვა ახსნა უბრალოდ არ მოეძებნებოდა.

ბოლო წლებში მეცნიერებმა პაციენტთა გენებში, თავზურგტვინის სითხეში, სისხლსა და ნაწლავის მიკრობიომაში ME/CFS-ს ბიოლოგიური მარკერები იპოვეს. ბევრი მათგანი იმუნურ სისტემასთან და ანთებით პროცესებთანაცაა დაკავშირებული, რაც ჯანმრთელობის სისტემურ პრობლემებზე მიანიშნებს.

ახალი ნაშრომის ავტორებმა, რომლებიც ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტში მუშაობენ, ახალი მოსაზრება გამოთქვეს: მთავარი პრობლემა შეიძლება ტვინის გლიმფურ სისტემაში იყოს. ეს ტვინის "გამწმენდი" სისტემაა.

აღსანიშნავია, რომ ახალი კვლევა მცირე მასშტაბისაა, თუმცა ჰიპოთეზა ლოგიკურად გამართულია.

გლიმფური სისტემა ნაკლებადაა შესწავლილი. მის შესახებ უმეტესად თაგვებზე ჩატარებული კვლევებიდან ვიცით. სავარაუდოდ, ტვინის "გაწმენდა" ძირითადად ძილის დროს ხდება. ამაში ტოქსიკური პროდუქტების ან მკვდარი უჯრედების ტვინიდან გამოდევნა იგულისხმება, რაც თავზურგტვინის სითხიდან ხდება.

ადამიანებში გლიმფურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები კოგნიტიური უნარების დაქვეითებასთან, მეხსიერებისა და ძვალ-კუნთოვანი სისტემების პრობლემებთან და ფსიქოზთან აქამდეც ყოფილა დაკავშირებული. ამის მიუხედავად, ეს პირველი კვლევაა, რომელშიც გლიმფური სისტემის გაუმართაობა ME/CFS-ს დაუკავშირეს.

ახალი ნაშრომის ავტორებმა 31 ცდისპირის ტვინის მაგნიტორეზონანსული სკანერები 27 ჯანმრთელი ცდისპირისას შეადარეს.

გლიმფური სისტემის პირდაპირ გამოსახვა რთული საქმეა. სწორედ ამიტომაა, რომ ეს სისტემა აქამდე ცუდად იყო შესწავლილი. საამისოდ ადამიანის თავზურგტვინის სითხეში (CSF) სპეციალური მოწყობილობა შეჰყავთ. ეს ინვაზიური პროცედურაა. მეორე მხრივ, გრიფიტის მკვლევრებმა სხვა მიდგომა აირჩიეს.

მათ არაინვაზიური ტექნიკა გამოიყენეს, რომელიც უბრალოდ გლიმფურ ფუნქციას აფასებს. საამისოდ იგი ტვინში არსებულ სისხლძარღვებში CSF-ის დიფუზიის მაჩვენებელს ზომავს. ეს ნაკლებად პირდაპირი და ზუსტი მეთოდია, თუმცა, როგორც ვთქვით, იგი არაინვაზიურია. სხვათა შორის, ამ ტექნიკით უკვე გამოვლინდა, რომ პარკინსონის დაავადების, ალცჰაიმერის, სისხლის წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მრავლობითი სკლეროზის მქონე პაციენტებში გლიმფური დინება დარღვეულია.

სწორედ ეს გამოვლინდა CFS/ME-ის მქონე პაციენტებშიც. უჩვეულოა ის, რომ ეს დისფუნქცია ტვინის მხოლოდ მარჯვენა ნახევარსფეროში ვლინდება. როგორც ნაშრომის ავტორები განმარტავენ, ამგვარი ასიმეტრია საფეთქლის წილის ეპილეფსიის, პარკინსონის დაავადებისა და ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის (ALS) შემთხვევებშიც ვლინდება.

ისიც საინტერესოა, რომ რაც უფრო ცუდად სძინავს CFS/ME-ის მქონე პაციენტს და რაც უფრო მეტი პრობლემა აქვს კონცენტრაციასთან დაკავშირებით, მით უფრო მეტადაა გლიმფური ფუნქცია მარჯვენა ნახევარსფეროში დარღვეული. ეს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნების მხრივ ძილის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

ნაშრომში წარმოდგენილი მიგნებების ასახსნელად დამატებითი კვლევები გახდება საჭირო. იგი გამოცემაში Frontiers in Neuroscience გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.