მეცნიერებმა პირდაპირ დააფიქსირეს, როგორ ფართოვდება ოკეანის ფსკერი შუაოკეანურ ქედზე. მათი თქმით, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია იმის გასაგებად, თუ როგორ წარმოიქმნება ახალი ოკეანური ქერქი.

შუაოკეანური ქედები წყალქვეშა ტექტონიკური საზღვრებია, რომელთა მიმდებარედაც დედამიწის სიღრმიდან ამოსული მაგმა ცივდება, მყარდება და ოკეანის ფსკერს უერთდება. დედამიწის ზედაპირის დაახლოებით ორი მესამედი სწორედ ამ გზით არის წარმოქმნილი, მაგრამ ზუსტად არ იყო ცნობილი, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი უშუალოდ ფსკერის გაფართოების დროს.

ამის შესასწავლად მკვლევრებმა ინდოეთის ოკეანეში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთის ქედზე, ავტონომიური სადამკვირვებლო სისტემა განათავსეს. ეს ქედი ავსტრალიისა და ანტარქტიდის ტექტონიკურ ფილებს შორის საზღვარს ქმნის.

მათი მოწყობილობები უკვე ადგილზე იყო, როცა 2024 წლის 26 აპრილს ძლიერი სეისმური აქტიურობა დაიწყო. მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში დააფიქსირეს, რომ ქედის მიმდებარე ოკეანის ფსკერი ჯამში 4.2 მეტრით გადაადგილდა.

მკვლევრების ვარაუდით, ამის მიზეზი ქერქის ქვეშ დაახლოებით 3.6 კილომეტრ სიღრმეზე მდებარე 2.5 კილომეტრი სიგანის მაგმის რეზერვუარის დაცლა გახდა. მათი თქმით, ამ მოვლენის დროს ოკეანის ფსკერზე 160 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მაგმა ამოვიდა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთის ქედი.

ფოტო: Wikimedia Commons. Nature (2026)

ფსკერი ყველაზე სწრაფად მიწისძვრების შემდეგ გადაადგილდებოდა — წუთში დაახლოებით 5 სანტიმეტრით. ერთი კვირის შემდეგ სიჩქარე დღეში დაახლოებით 1.2 სანტიმეტრამდე შემცირდა.

ავტორების თქმით, ეს დაკვირვება უფრო სრულ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ ფართოვდება ოკეანის ფსკერი. მათი ვარაუდით, მსგავსი მოვლენები ათწლეულების განმავლობაში ტექტონიკურ ფილებს შორის დაგროვებულ დეფორმაციულ ზეწოლას ხსნის.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სხვა შუაოკეანური ქედების შესწავლაც საჭიროა. მათ შორის მოიაზრება ისეთებიც, რომელთა შემთხვევაშიც მსგავს პროცესებში მთავარ როლს არა მაგმა, არამედ მიწისძვრები ასრულებს.

ავტორები აღნიშნავენ, რომ, ხმელეთთან შედარებით, ოკეანის ფსკერზე ტექტონიკური ფილების მოძრაობის შესწავლა რთულია, რადგან ასეთ სიღრმეზე დაკვირვება ტექნიკურად დიდ გამოწვევას უკავშირდება. მათი თქმით, ბოლო შედეგები აჩვენებს, რომ ამგვარი პროცესების დეტალური მონიტორინგი უკვე შესაძლებელი გახდა.

ორი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.