ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა?
ფოტო: Unsplash
სტრესი, მარტოობის განცდა და სხვებთან საკუთარი თავის მუდმივი შედარება თანამედროვე ცხოვრების თანმდევი გახდა. ახალი კვლევის მიხედვით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ადამიანის ტვინი ევოლუციურად სულ სხვაგვარ გარემო-პირობებსაა მორგებული: ნაცნობ სახეებს, მცირე სოციალურ ჯგუფებსა და პირდაპირ საფრთხეებს.
მეცნიერები ასეთ აცდენას "ევოლუციურ შეუსაბამობას" უწოდებენ. მათი თქმით, ადამიანის ინსტინქტები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ მცირე ჯგუფებში ცხოვრებისას ჩამოყალიბდა. ასეთ გარემოში საფრთხის ამოცნობა, ნდობის ჩამოყალიბება, საკუთარი ადგილის განსაზღვრა და სხვებთან ურთიერთობა უშუალო კონტაქტს ეფუძნებოდა.
დღეს დიდ ქალაქებში ვცხოვრობთ, სოციალურ ქსელებს ვიყენებთ და ვირტუალურ სივრცეში ყოველდღიურად ათასობით ადამიანის ცხოვრებას ვადევნებთ თვალს. მკვლევრების თქმით, მსგავს პირობებში ძველი ინსტინქტები ისევ აქტიურდება, თუმცა ისინი ამ გარემოზე აღარაა მორგებული და შინაგან დაბნეულობას იწვევს.
ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სოციალური ქსელებია. წარსულში ადამიანთა ჯგუფში საკუთარი ადგილის ცოდნა კოოპერაციასა და კავშირების შენარჩუნებაში გვეხმარებოდა. ამჟამად კი იგივე მექანიზმი მუდმივად აქტიურდება, როცა სხვების წარმატებას, მიღწევებსა და ცხოვრების იდეალიზებულ სურათს ვედრებით.
კვლევის ავტორების აზრით, თანამედროვე გარემო ხშირად აჩენს განცდას, რომ სხვები განუწყვეტლივ გვაკვირდებიან ან გვჯობნიან. სწორედ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ევოლუციური შეუსაბამობა სტრესსა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაუარესებას უკავშირდება.
"კონკურენცია ჩვენთვის სიახლე არაა, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებამ შეიძლება ის მუდმივ საფიქრელად გვიქციოს. ევოლუციური პერსპექტივიდან შეგვიძლია ავხსნათ, რატომ ვრეაგირებთ ასე მძაფრად შედარებასა და ჩამორჩენის შიშზე მაშინაც კი, როცა ეს სიგნალები უცხო ადამიანებისგან ან ეკრანიდან მოდის და არა მცირე სოციალური ჯგუფიდან", — აცხადებენ მკვლევრები.
მათ უკვე გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები მიმოიხილეს, ამიტომ ეს დასკვნა დამატებით შემოწმებას საჭიროებს. ავტორების თქმით, თუ თანამედროვე ცხოვრების სტილი ადამიანზე მართლაც ასე ზემოქმედებს, გამოსავალი მხოლოდ ფსიქოლოგიური გამძლეობის გაუმჯობესება ვერ იქნება. მათი აზრით, ყურადღება უნდა მივაქციოთ ურბანულ გარემოს (მაგალითად, რეკომენდებულია მეტი გამწვანება), სამუშაო სივრცეებსა თუ ციფრულ პლატფორმებსაც. მომავალში სწორედ ასეთი ცვლილებების ეფექტიანობის შესწავლა სურთ.
ნაშრომი გამოცემაში Behavioral Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები