სევდის გადადების ხელოვნება, ანუ როგორ ვკარგავთ ბედნიერების უნარს მოჩვენებითი სიმშვიდის სანაცვლოდ
იმედგაცრუება, გარდაცვალება, უსამართლობის განცდა, განშორება, ვერმიღწეული მიზნები, ღალატი, წყენა, მოგონებები — სევდას თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა სახელით იცნობს, თუმცა შეგრძნება უმეტესად ერთნაირია: სხეულზე მომაგრებული ლოდები ფსკერისკენ გექაჩება, შენი პირველი ინსტინქტი კი თავის დახსნა ანუ გაქცევაა. მეცნიერულ ენაზე ამ დამცავ მექანიზმს გამოცდილებისეული არიდება (Experiential Avoidance) ჰქვია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მცდელობა, ნებისმიერ ფასად გავექცეთ, ჩავახშოთ ან თავიდან ავირიდოთ უსიამოვნო შინაგანი განცდები, იქნება ეს სევდა, შფოთვა, მტკივნეული მოგონებები თუ დისკომფორტის მომტანი სხვა ფიზიკური შეგრძნებები.
უსევდო ყოველდღიურობა
თავიდან ყველაფერი მარტივი ნაბიჯებით იწყება. უბრალოდ რაღაც ასაკში ხვდები, რომ განსხვავებული ხარ, თუმცა რატომაა ეს ამბავი მთელი სამყაროსთვის საყურადღებო, წარმოდგენა არ გაქვს. დიდობასთან ერთად შედარებით დიდი ემოციები ჩნდება და ამ ყველაფერს მარტოობის მასშტაბებიც არ ჩამორჩება. თუ შენი პირველი კატის დაკარგვისას ოთხი კლასელი გამხნევებდა, ბოლო ურთიერთობის დასრულების ჟამს მხოლოდ ოთხ კედელს შესცქერი. თუ ოჯახის წევრის პირველად დაკარგვისას გლოვის ფუფუნება კვირაობით გქონდა, ბოლო ასეთი მოვლენისას სტანდარტულ შეტყობინებებს ცვლი ხალხთან, რომლებიც მოვალეობას იხდიან. ცხოვრება ასე მარტივად ბანალურია, თუმცა ეს სულაც არაა ნუგეში იმ შეფუთული სევდისთვის, რომელიც სადაცაა კარადიდან გადმოვარდება და არც ისე ახლობელ სტუმრებთან შეგარცხვენს.
სანამ იმას გაიაზრებ, რომ სხვებისთვის უფრო მისაღებია ნაკლებად "პრობლემური" ადამიანი იყო, სევდის გადადების ხელოვნებას მანამდე ეუფლები, რადგან სხვანაირად, თუნდაც საკუთართ თავთან დარჩენილს, ფუნქციონირება არ შეგიძლია. ემოციური ფსკერის შესახებ ყველა ასაკსა თუ სიტუაციაში გვაქვს წარმოდგენები და ხშირად გვგონია, რომ ამაზე უარესი ვერაფერი მოხდება, თუმცა მაინც ხდება! ადამიანური გამოცდილებები სტატისტიკის მსგავსად არ მუშაობს: თუ სკალაზე "აუტანლობის რიცხვის" მაქსიმუმი უკვე დაიწერა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ, გარკვეულ სიტუაციასა და კონტექსტში, უფრო ნაკლები "რიცხვი" გაუსაძლისი არ იქნება. ტკივილით გამოწვეული სევდა არსად მიდის და რა არის ამაზე მარტივი პასუხი? რა თქმა უნდა ის, რომ "ოღონდაც დღეს არა, ხვალ ვიღელვებ".
ხანდახან იმდენად მიამიტი ხარ, რომ ამ "ხვალის" დადგომის მართლაც გჯერა. ამ დროს კი სევდა შენზე გონიერია. მაგრამ ვინ არის ეს სევდა? ეს ხომ ისევ შენ ხარ, ოღონდ უფრო ცბიერი და მიზანდასახული. შენს თავზე ჭკვიანიც ისევ შენ ხარ, ოღონდ შენი მეორე მე პირდაპირი ენით გელაპარაკება და არა მიკიბ-მოკიბვით. თან ეს პირდაპირობა უხეში არ არის, პირიქით — გაჩუმებული ემოციები, მთელი სიფრთხილით და სიზუსტით, საცეცებით მოიწევს შენკენ. რადგან ამ საცეცებს ერთხელ და სამუდამოდ ვერ იცილებ, ცოტ-ცოტა ხნით აბრუებ ხოლმე და ოდნავ კმაყოფილი სახით ცხოვრებას აგრძელებ.
ფოტო: Getty
და როგორ ცხოვრებას? იმის იმედით ცხოვრებას, რომ ეს "ხვალ" კიდევ უფრო უპერსპექტივო დრო გახდება. ამაში არ ცდები, რადგან "ხვალ" წლობით გრძელდება და მოჩვენებით რუტინას ყოველ დილით გამარჯვებული ეგებები, თან იმ იდეით დამშვიდებული ხარ, რომ კიდევ ერთი საღამო გადაიტანე. ეს ყველაფერი ადრე უფრო რთული იქნებოდა, მაგრამ დღეს — ნაკლებად: თანამედროვე სამყაროში ყურადღების გადასატანი ათასობით საშუალება არსებობს, ზოგი ზედმეტად ბანალურია და ზოგიც — უფრო კომპლექსური. მარტივად შეგიძლია, რომელიმე პერსონაჟის ცხოვრებით იცხოვრო, დღემდე ვერგადაუწყვეტელ დილემებში შენი შესაძლებლობები ჩართო, ან თუნდაც საღამო უაზრო ვიდეოების ყურებაში გაატარო. შენ კი შეგიძლია ეცადო, თან ძალიან ეცადო, რომ ყველაფერი გეგმებში გაწერო და ამ ცხოვრებისეულ გრაფიკში სევდის გამომჟღავნებასაც პატარა ადგილი მიუჩინო, მაგრამ ის შენი მეორე მე რომ შენზე გაცილებით ჭკვიანია, ამას მუდამ გრძნობ.
როდის გრძნობ? ზოგიერთი შეკითხვა იმდენად ცხადია, რომ პასუხები წინასწარვე ვიცით, უბრალოდ გამჟღავნება არ გვსიამოვნებს ან არ გვინდა. თუკი ფანტაზიებსა და ოცნებებში ხშირად იკარგები ხოლმე, ალბათ შენი ცხოვრებაც ფილმივით ვითარდება. მაგრამ ყოველთვის არის მომენტი, როცა რაღაც ხმა ამბობს, რომ მორჩა დავარცხნილი სცენარი და დროა, რეალობაში დაბრუნდე. მართალია, 21-ე საუკუნემ მიგვაჩვია, რომ ყველაფრის გადასქროლვა, გადახვევა ან აჩქარება შეგვიძლია, მაგრამ წლობით ნაგროვებ სევდას ასე მარტივად ვერ მოიშორებ.
სევდის გადადების დღიურებში როდის დგება ეს მომენტი? არ გაგიკვირდება და ღამით, როცა ჩვენი გონება და ინსტინქტები სათანადოდ დაღლილია იმისთვის, რომ რამეში შეგვეწინააღმდეგოს ან თავდაცვა შეძლოს. აქაც შეგიძლია, რომ ტელეფონი ხელიდან მანამ არ დააგდო, სანამ რეფლექსები შეგრჩენია, თუმცა ეს შენთვისვეა უარესი: რადგან გადადებული სევდები სიზმრების სახით გევლინება, რომლებშიც იმაზე მეტად უძლური ხარ, ვიდრე მაშინ, როცა ტვინის ორადორი ფხიზელი უჯრედით ბალიშს თავის ჩარგვის წინააღმდეგ ებრძვი. კარგი, ნუ მივიყვანთ მტანჯველ სიზმრებამდე საქმეს, მაშინ რა ხდება? ჩაძინების პროცესი შემდეგ სცენას ემსგავსება: თითქოს ბნელ ოთახში ხარ დაბმული და დიდ ეკრანს უყურებ, სადაც შენი ცხოვრებიდან ყველა მწარე კადრი დაუსრულებლად მეორდება. შენ კი თვალების დახუჭვაც ვერ გეხმარება, რადგან გადაზეპირებულ სცენარში ზუსტად იცი, რის შემდეგ რა მოხდება.
როგორ აკომპენსირებს სამყარო ილუზიურ სიმშვიდეს?
ემოციებს შორის განსხვავებასა და მათი აღქმის უნარს სწორედ ის უკიდურესი განცდები გვაძლევს, რომლებსაც ასე გავურბივართ ან ვესწრაფვით. სევდაში თუ ერთხელ მაინც არ ჩამხრჩვალხარ, ბედნიერების ეიფორიას მთელი სიცხადით ვერ შეიგრძნობ. საკუთარი შეცდომების შედეგები შენს ტყავზე თუ არ იწვნიე, ვერც სწორი გადაწყვეტილებებით მოპოვებული რაციონალურობის შეგრძნება იქნება ისეთი აშკარა. თუ საყვარელი ადამიანის მონატრებისგან სიგიჟეები არ გიკეთებია, ვერც მასთან ყოფნით დასადგურებულ სიმშვიდეს ვერ დააფასებ შესაფერისი სიმძაფრით. ასე მუშაობს ადამიანობა და თუ ერთ მცირე დეტალს მაინც გამოაკლებ, შედეგები ადრე ან უფრო გვიან მაინც დაგეწევა.
სევდისგან თავის არიდება იმას არ ნიშნავს, რომ ემოციები სწორხაზოვანია და ავტომატურად ბედნიერებისკენ გარბიხარ. უბრალოდ ნებისმიერი განცდის სიმძაფრეს ასატან დონეზე ამცირებ, ეს კი იმ ყველაფერზეც ახდენს გავლენას, რაც ჩვენივე შეფასებით დადებითად აღიქმება. არჩევანი ასე თუ ისე არსებობს: შეგიძლია, ყურადღების გადატანის მარტივ მეთოდებზე დარჩე, ყველაფერს განუდგე და სევდასთან ერთად სამყაროსაც გაექცე. თუმცა, თუ პერფექციონისტად დაიბადე ან გაბმულმა უიღბლობამ ასეთად გაქცია, ვაი, რომ მეორე უკიდურესობა გინდა. გინდა, საუკეთესო ცხოვრებით ცხოვრობდე, ყველაფერი ზედმიწევნით იდეალურად აკეთო, ყველა წარმატება მიიტაცო, არცერთი წამი ფუჭად არ დაკარგო, იყო იდეალური მეგობარი, პარტნიორი, თანამშრომელი, ოჯახის წევრი, ნაცნობი თუ ქუჩაში გამვლელი. მართალია, ეს ყველაფერი გარკვეული პერიოდი მუშაობს, თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ სიმძაფრეებზე უარი თქვი, რისი შედეგიც იმ სიტუაციებსაც ეხება, რომელთა შეგრძნებაც მთელი გულით და სულით გინდა.
ფოტო: Getty
ნელ-ნელა აცნობიერებ, რომ აღარაფერი აღარ არის საკმარისი და მუდამ მეტი გინდა. თანდათან საყვარელი სერიალიც მომაბეზრებელი ხდება, აღარცერთი პერსონაჟის სიკვდილი აღარ გაფორიაქებს, არც ბედნიერი დასასრული გავსებს ცრემლებით. დროდადრო ყველა მიღწეული წარმატება ეჭვქვეშ დგება, რადგან რაღაც კიდევ უფრო მეტი გინდა, თუმცა არ იცი, რა არის ეს მეტი ან რატომ უნდა გინდოდეს. როგორც იქნა, 10 წლის წინანდელი ოცნებები აგიხდა და მართლა მთავარი პერსონაჟი ხარ როგორც შენს, ასევე სხვის ცხოვრებაშიც. ვიღაცისთვის შენი ცხოვრებაც საოცნებო გახდა, მაგრამ არშემჩნეული კმაყოფილების ნაცვლად, მხოლოდ "რატომ" გიტრიალებს თავში. უფრო ზოგადად მასშტაბებში კი ყველაფერი გაცილებით მძიმედ გამოიყურება: აღარ გაოცებს, აღარ გიხარია, ვეღარ გიყვარდება, აღარ გაინტერესებს და რაც მთავარია, საერთოდ არსად და აღარაფერს ელოდები.
რა უნდა ვქნათ?
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ცხოვრების გზამკვლევები არ არსებობს. "თუ ამას იზამ, ასე იქნება; თუ ასე მოიქცევი, ეს შედეგი დადგება", — ვინც კი ამას გიჩიჩინებს, ყველა გატყუებს. მხოლოდ შენ იცი, სინამდვილეში რას ცდილობ. თუმცა მცდელობა, სურვილი და შესაძლებლობა ხშირად სხვადასხვა მხარეს გარბიან. რაც ამ სამყაროში დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ შემდეგი ორშაბათი (ანუ ცვლილებების წერტილი) მინიმუმ ხვალ, მაქსიმუმ კი 6 დღეშია. ამიტომ, მუდმივად შეგიძლია შენს თავს დაემუქრო, რომ "ამას იზამ, ასე იქნება, ისე აღარ მოიქცევი" და კიდევ კარგი, ამ მანკიერ წრეს დასასრული არ უჩანს!

კომენტარები