NASA-ს პოსტდოქტორანტმა, პატრიკ შობერმა გასულ თვეში ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელშიც კალიფორნიაში, კანადაში, იაპონიასა და ევროპაში მდებარე სხვადასხვა ობსერვატორიების მონაცემები გააანალიზა.

შობერმა თავის კვლევასთან დაკავშირებით გამოცემაში The Conversation ესეიც გამოაქვეყნა. ესეიში ვკითხულობთ, რომ შობერი ასტეროიდების უკეთ გაგებას ცდილობს, განსაკუთრებით ისეთების, რომლების ჩვეულებრივი ტელესკოპებით შემჩნევაც რთულია. გარდა ამისა, მეცნიერი იმასაც სწავლობს, თუ როგორ იწვევს ეს ასტეროიდები მეტეორებს, ე.ი. ქვების ან მტვრის ნაწილაკებს, რომლებიც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოსვლისას ალდება.

ბევრი მეტეორი კომეტებიდან წარმოიშობა. კომეტების მზესთან მიახლოებისას მათ მეტეორები წყდება, რომლებიც ზოგჯერ ჩვენს ატმოსფეროში ხვდება. გარდა ამისა, მეტეორები ასტეროიდებიდანაც წარმოიშობა. ამის მაგალითი დეკემბერში მიმდინარე გემინიდების მეტეორული ნაკადია, რომელსაც ასტეროიდი 3200 ფაეტონი წარმოქმნის.

შობერმა უფრო მცირე ზომის ასტეროიდების შესწავლა გადაწყვიტა. მან 235 271 მეტეორი და ბოლიდი შეისწავლა. მიზანი ერთმანეთის მსგავსი ნიშან-თვისებების მქონე მეტეორების აღმოჩენა იყო. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს მეტეორები ერთი და იმავე წყაროდან მოდის.

აღმოჩნდა, რომ არსებობს 282 მეტეორისგან შემდგარი გროვა. სავარაუდოდ, იგი პატარა ასტეროიდიდან წარმოიქმნება, რომელიც მზესთან მიახლოებისას იშლება. საინტერესოა, რომ ჩვენი პლანეტის ორბიტა ამჟამად ამ გროვასთან იკვეთება.

ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.