მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

22 Dec. 2025, 12:53

ქალბატონებო და ბატონებო,

დღეს ვიწყებთ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობას გვაძლევს, შევაჯამოთ განვლილი პერიოდი, შევაფასოთ არსებული რეალობა და დავსახოთ ის ამოცანები, რომლებიც მომავალ წელს ჩვენს დიპლომატიურ საქმიანობას განსაზღვრავს.

პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად გაწეული სამსახურისთვის.

ძალიან რთულ, სწრაფად ცვალებად და ხშირად არაპროგნოზირებად გარემოში გვიწევს მუშაობა.

გლობალური და რეგიონული პროცესები პირდაპირ აისახება ჩვენს ქვეყანაზე.

დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის სათანადოდ განხორციელება.

უსაფრთხოების არსებული გამოწვევები, გეოპოლიტიკური ცვლილებები და მზარდი გაურკვევლობა კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ეფექტიანად გასახორციელებლად.

არსებულ გარემოში დიპლომატიური სამსახურის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის, რომლის წინაშეც უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევას ორი რეგიონის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა წარმოადგენს.

საქართველომ უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში, განვითარების თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია.

ქვეყნის განვითარებასთან ერთად, იცვლება საქართველოს პერსპექტივები და იხსნება ახალი შესაძლებლობები. იზრდება საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვა, ძლიერდება საქართველოს პოზიცია რეგიონული ტრანზიტისა და ლოგისტიკის სფეროში, იზრდება ინვესტორთა ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ამ მიღწევებში საგარეო სამსახურის წვლილი არსებითია.

ახალ შესაძლებლობებს ახალი გამოწვევებიც ახლავს, რაც სუვერენული საგარეო პოლიტიკის განმტკიცებას, ქვეყნის ინტერესების სიღრმისეულ გააზრებას და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიან გამოყენებას საჭიროებს.

ბოლო პერიოდში, ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობისა და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით განხორციელებული გარე ჩარევები, საქართველოსთვის მნიშნველოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ჰიბრიდული მეთოდებით, დეზინფორმაციით, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლით, პოლარიზაციის წახალისებით განხორციელებული ქმედებების გასამკლავებლად, მცდარი ნარატივების საპასუხოდ და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად ქვეყნის საგარეო სამსახური წარმოადგენს კრიტიკულ ხაზს.

ამ კონტექსტში, შეუძლებელია არ აღვნიშნო ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წინაშე შექმნილი სირთულეები.

საქართველოს 82 დიპლომატიური წარმომადგენლობიდან, 2025 წელს 36 დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დაინიშნა, რაც სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი გახლავთ დიპლომატიური სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის.

ამასთან, წელს დავიწყეთ საგარეო უწყების ფუნდამენტური რეფორმა.

გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე საჭიროებებზე კარგად მორგებული თაობა, რომელიც ერთგულად ჩაერთვება თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საგარეო ასპარეზზე.

დაწყებული რეფორმის ეტაპობრივი განხორციელება ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ეროვნული ინტერესების დასაცავად და მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად, ყავდეს, რაც შეიძლება ძლიერი, მოქნილი და ეფექტიანი საგარეო სამსახური.

ფუნდამენტური რეფორმის კვლადაკვალ დავიწყეთ საგარეო დახმარების მექანიზმის განვითარება, რაც საქართველოს გლობალლურ არენაზე სრულიად ახალ როლს სძენს და მიმართულია საქართველოს ინტერესების შესაბამისად, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ.

ჩვენი წარმატებული რეფორმების, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით საქართველო შეძლებს თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.

ქალბატონებო და ბატონებო,

ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ყველა მიმართულებას და მის წარმატებას ზურგს უმაგრებს საქართველოს ხელისუფლება.

მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, პარლმენტის თავმჯდომარეს, საქართველოს მთავრობის თითოეულ წევრს საუკეთესო თანამშრომლობისთვის, საჭირო ერთობისთვის და მხარდაჭერისთვის.

მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების უკეთ დაცვას საერთაშორისო არენაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
  4. მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
  5. მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქსტატი: თევზეული გაძირებულია 21.2%-ით, ხილი — 13.4%-ით, პური და ხორცი 9.6%-ით, ზეთი —7.7%-ით

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის…