დედამიწიდან დაახლოებით 880 სინათლის წლის მანძილზე, ცხელი ეგზოპლანეტის მასა ნელ-ნელა ატმოსფეროს კოსმოსში აფრქვევს. შედეგად წარმოიქმნება ჰელიუმის ორი უზარმაზარი კუდი, რომლებიც ვარსკვლავის გარშემოა გადაჭიმული.

კვლევის ავტორების თქმით, ასეთი კოსმოსური სანახაობა პირველად დააფიქსირეს. ასტრონომებს მჟონავი ატმოსფეროს მქონე ეგზოპლანეტები აქამდეც დაუფიქსირებიათ, მაგრამ ბევრად მცირე ხნით, ვიდრე ახლა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც პლანეტა თავის ვარსკვლავის წინ ჩაივლიდა ხოლმე.

ამჯერად, მკვლევრები ამ მოვლენას პლანეტის მთელი ორბიტალური მსვლელობისას დააკვირდნენ. ეს ასტრონომებისთვის სრულიად ახალი ფენომენია.

მეცნიერების კვლევის ობიექტი WASP-121b იყო, ტილოსის სახელით ცნობილი ექსტრემალური ეგზოპლანეტა. ეს პლანეტა აქამდე ცნობილი იყო ისეთი მახასიათებლებით, როგორებიცაა აორთქლებული ლითონის ღრუბლები, ლალისა და საფირონის წვიმები და მეცნიერებისთვის ცნობილი ყველაზე სწრაფი ატმოსფერული ჭავლური ნაკადები.

ეს ულტრაცხელი იუპიტერია — მზის სისტემის მიღმა არსებული გაზის გიგანტების კატეგორია. ამ კატეგორიაში შემავალი პლანეტები იუპიტერს ჰგავს, მაგრამ ისინი ვარსკვლავთან უფრო ახლოს არის — შესაბამისად, სიმხურვალეც მეტია.

ტილოსი იმდენად ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, რომ ვარსკვლავისთვის წრის დასარტყმელად მხოლოდ 30 საათი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ერთი წელი დედამიწაზე დაახლოებით ერთი დღის ტოლია.

ვარსკვლავის ინტენსიური რადიაცია პლანეტის ატმოსფეროს ძალიან აცხელებს და შედეგად ექსტრემალური გარემო წარმოიქმნება. საბოლოოდ, ატმოსფეროდან კოსმოსში ჟონავს ისეთი მსუბუქი აირები, როგორებიცაა წყალბადი და ჰელიუმი.

ატმოსფეროს გაჟონვა შეიძლება სწრაფადაც მოხდეს, მაგრამ ხშირად ეს ნელ-ნელა ხდება. შედეგად, შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს პლანეტის ზომა და შემადგენლობა. საბოლოოდ, ეს პლანეტის ევოლუციაზეც ახდენს გავლენას.

ამ მოვლენაზე ჩვენ ძირითადად პლანეტების ტრანზიტზე დაკვირვებით ვიცით. ტრანზიტში პლანეტის მიერ ვარსკვლავსა და ჩვენს შორის ჩავლა იგულისხმება. მეორე მხრივ, ეს მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება და ამიტომ, საკმარის ინფორმაციას ვერ ვიღებთ.

WASP-121b-ს ილუსტრაცია.

ფოტო: NASA

ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერები ტილოსს თითქმის 37 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ ეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახლო ინფრაწითელი გამოსახულების აპარატისა და სპექტროგრაფის გამოყენებით შეძლეს. ამან ერთზე მეტი სრული ორბიტიდან უპრეცედენტო მონაცემები მოგვცა.

მკვლევრები ტილოსს ინფრაწითელი ტალღის სიგრძეებში დააკვირდნენ — ჰელიუმის შთანთქმისას. აღმოჩნდა, რომ ჰელიუმის ნისლი თავად პლანეტის მიღმაც ვრცელდებოდა და პლანეტის ორბიტის თითქმის 60%-ს იკავებს.

ეს ატმოსფეროს გაჟონვის დღემდე ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი დაკვირვებაა.

უცნაურია, რომ ტილოსი მხოლოდ ერთ ნაკადს არ წარმოქმნის. მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ჰელიუმის ატომები ორ სხვადასხვანაირ კუდს ქმნის. კუდებიდან ერთი პლანეტას უკან მიჰყვება, მეორე კი წინ მიუძღვება. ორივე კუდი უზარმაზარია და ჯამში პლანეტის დიამეტრზე 100-ჯერ დიდ ფართობს ფარავს.

"გაგვიკვირდა, როდესაც ვნახეთ, თუ რამდენად გრძელ მანძილზე ვრცელდებოდა ჰელიუმის კვალი. ეს პროცესები ძალიან საინტერესოა და ეგზოპლანეტის ატმოსფეროს ჩამოყალიბების პროცესებს გვიჩვენებს", — ამბობს კვლევის ავტორი, მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევარი რომენ ალერი.

საჭიროა მეტი კვლევა იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს ეს და სხვა ძალები ატმოსფერულ ნაკადებზე. ამ პროცესებს შეიძლება გაზის პლანეტების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა ჰქონდეს.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.