პაატა ბურჭულაძე

27 Nov. 2025, 10:17

რა მოხდა 4 ოქტომბერს — ქართულ ოცნებას ყოველთვის აღიზიანებდა ფრაზა "მშვიდობიანი დამხობა", ეს არის ჩვენი გასამართლების მიზეზი. უნდათ, ეს ფრაზა მონათლონ, როგორც ძალადობრივი მოქმედება. მშვიდობიანი დამხობა შედგა თავისუფლების მოედანზე, ეროვნულ კრებაზე. იმ პროვოკაციაზე პასუხი კი რაც სასახლესთან მოხდა, სჯობს, ე.წ. მთავრობას მოჰკითხოთ, კობახიძეს ჰქონია ინფორმაცია და გვითხრას.

მეგობრებო, გიფიქრიათ, როცა საუბარია 4 ოქტომბერზე, ე.წ. ხელისუფლება მხოლოდ ათონელის რეზიდენციასთან მომხდარზე საუბრობს და არ ახსენებს იმას, რაც თავისუფლების მოედანზე მოხდა — ოცნების კრახი გაფორმდა და მათ იქ პროვოკაცია ვერ მოახერხეს. 4 ოქტომბერს ყველა ვიყავით მისული ეროვნულ კრებაზე და ასე ეწერა მოსაწვევებზეც, ჩემი ხელმოწერით.

ჩემი კარიერა და ცხოვრება საჯაროა, ყველამ იცის. მთელი ცხოვრება ქვეყნის სამსახურს ვეწეოდი. ახლა კი აბსურდული ბრალდება წამიყენეს, რომ მე ვინმეს ძალადობისკენ მოვუწოდებდი.

4 ოქტომბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად ეროვნული კრება შედგა და ამ კრებაზე ხალხმა გამოხატა ნება, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია. იმ დღეს რუსთაველზე 250 000 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა. სოფელი არ დარჩენილა, საიდანაც არ ჩამოვიდნენ, მათ შორის სამაჩაბლოდან, აფხაზეთიდან, ემიგრანტებიც ჩამოვიდნენ, კრებას ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც.

ბევრს დაწყდა გული, რომ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ათონელის რეზიდენციასთან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. რუსი ოლიგარქის ბანდა ებრძვის ქართველ ხალხს. პასუხი მოღალატეებმა უნდა აგონ, ნაცვლად იმ უდანაშაულო ადამიანებისა, ბავშვებისა, ვისაც ქუჩებიდან, სახლებიდან, ოჯახებიდან იტაცებენ. ისინი თავად ბოროტებას ემსახურებიან ჩრდილიდან — დევნის, დაშინებისა და დამორჩილების გზით. სწორედ ამ დამნაშავეების სია იყო ის, რაც სცენიდან წავიკითხეთ და რის გამოც ჩვენ საპყრობილეში აღმოვჩნდით, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონისა და ქართველი ხალხის წინაშე.

 ქართველი ხალხის გეგმა იყო, რომ ათონელის ქუჩაზეც გაგვემართა მშვიდობიანი მიტინგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ როგორც კრების დელეგატები, ასევე, დიდი ალბათობით, ველოდებოდით, სამართალდამცველებსაც და შემდგომ, უამრავი ადამიანი მოვითხოვდით პრეზიდენტის სასახლის გასაღების გადმოცემას, რაც უეჭველად მშვიდობიანად მოხდებოდა, რომ არა ის პროვოკაცია, რაც ოცნებამ მოაწყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შედეგად კი უამრავი უდანაშაულო ადამიანია დაკავებული. ჩემი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს, აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

4 ოქტომბერს ჩემი წარმოთქმული სიტყვა არ შეიცავდა ძალადობის ან ძალადობისკენ მოწოდების ნასახსაც კი. ამის დასტურია ის რომ ჩვენ ყველანი იქ ვიყავით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გამოხატვას, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება“. ჩემი მიზანი ის იყო, რაც დღესაც ჩემი მიზანია — საქართველოში დემოკრატიული მმართველობის დამყარება, ხელისუფლების ცვლილება, ქართველი ხალხისგან მოტაცებული, წართმეული უფლებებისა და უფლებამოსილებების ხალხისთვის დაბრუნება.

4 ოქტომბერი ჩავარდნის დღე კი არ არის, არამედ ერთიანობის, საზოგადოების მიერ ძალაუფლების მშვიდობიანად, ლეგიტიმურად ხელში აღების, გასაჭირში ერთად დგომის დღეა. ეს არის გამარჯვების დღე ბოროტებაზე. 

დააკვირდით, ძალიან უცნაურია, რომ არავის გვინახავს, პროტესტის ისტორიაში პირველად, დრონის სრულყოფილი კადრი, თუ რამდენი ადამიანი ესწრებოდა სახალხო კრებას. ხალხის რაოდენობის პიკი იყო, დაახლოებით, 19:00 საათზე და ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 250 000 ადამიანი. თუმცა, შემდგომაც უამრავი ადამიანი გვიერთდებოდა. ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ ამ დღეს საეჭვოდ "დაიკარგა" დრონები. რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებმა ჩამოაგდეს სამი მედიის დრონი: ნეტგაზეთის, პროექტი 64-ისა და მაუწყებლის. აქედან ნაპოვნია მხოლოდ 1 დრონი და მას ამოცლილი ჰქონდა მეხსიერების ბარათი. ზემოაღნიშნულ საკითხზე ობიექტური სტატია გამოაქვეყნა რადიო თავისუფლებამ და კარგი იქნება, თუ მას საზოგადოება გაეცნობა. უზურპატორი პარტიის მიზანი იყო, რომ არ დაგვენახა რეალური სურათი, არ დაგვენახა ერთმანეთი, რადგან ვიყავით ძალიან ბევრი. 

ეს იყო მაქსიმუმი, რაც შეძლო ხუნტამ, რომ ხელი შეეშალა ეროვნული კრებისთვის. მათ ასევე აურიეს ნავიგაციის სისტემა — რუსთაველის გამზირს აჩვენებდა, როგორც თბილისის აეროპორტს და პირიქით. ეს, სავარაუდოდ, არა მარტო ხალხის შეკრების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დივერსიაა, რომელსაც მომავალში აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.

ქუჩაში იმაზე მეტი ხალხი იდგა, ვიდრე რუსულ სპეცოპერაციაზე, ე.წ. არჩევნებზე მივიდა. ოთხმა ოქტომბერმა დაგვარწმუნა, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვხედავთ ჩვენს ძლიერებას — საქართველოს ძლიერებას. ძლიერება ხალხშია, თავისუფალ ადამიანებში და არა იარაღში, ხელკეტებში ან წიწაკის სპრეის რაოდენობაში. ამ დღეს საქართველოს ე. წ. მთავრობის არალეგიტიმურობა გაფორმდა და ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა, ძალაუფლების წყარომ. 

4 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება არა როგორც ოცნების ე. წ. არჩევნების დღე, არამედ, რეალურად, მათი "გადარჩევნების" დღე.

ზოგიერთი გაყიდული ან უგუნური პოლიტიკოსი ამ დღის დაკნინებას ცდილობს. რეალურად კი, ჩვენ დავინახეთ, რომ გვყავს უამრავი პატრიოტი, გულანთებული ადამიანი. სამწუხაროდ, მოღალატეებიც საკმარისად გვყოლია. ვთხოვ ყველა მონაწილეს, როგორც კი ოლიგარქის მონები ათონელის პროვოკაციას მოიხსენიებენ არშემდგარ რევოლუციად, ყოველთვის ვუპასუხოთ, რომ მთავარი მოვლენა ამ დღეს იყო ის, რაც მოხდა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე — სადაც ქართველმა ხალხმა ქოცები ხელისუფლებიდან გადააყენა - საკადრისად უპასუხა მათ არალეგიტიმურობას.

ვიმეორებ, 4 ოქტომბრამდე ჩვენ ვაპროტესტებდით მათ არალეგიტიმურობას, სისასტიკეს, უკანონობას, ხოლო სახალხო კრების შემდეგ, უკვე ლეგიტიმურ, ხალხის ხელისუფლებას ებრძვის ავაზაკთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ პოლიციის მოძალადე ნაწილის მეშვეობით არსებობს. 4 ოქტომბერს მხოლოდ აქცია კი არ გაიმართა, არამედ გაიმართა საქართველოს ეროვნული კრება და ყველასთვის საამაყოა, ვინც მიიღო ამ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა, სადაც საქართველოს ხმა მკაფიოდ გაისმა: თავისუფლება საქართველოს არჩევანია და თავისუფლება საქართველოს ბედისწერაა.

დაბოლოს: მე არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ფეხქვეშ გათელილი რამდენიმე უფლება ჩამოვთვალე. აქვე უნდა დავამატო, რომ ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლებაც. მე არ შეგაწყენთ თავს იმის ახსნით, რატომ არის ეს ასე — ეს თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. უბრალოდ, მინდა, გითხრათ, ბატონო მოსამართლევ, რომ მე მესმის თქვენი მდგომარეობა და მე გპატიობთ.

ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო ქართველებო, ვამაყობ რომ, ერთ-ერთი თქვენგანი ვარ. 28 ნოემბერს და ყოველთვის, როცა საჭირო იქნება, ყველა რუსთაველზე. ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებამდე — ბოლომდე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მაგთიკომი": "მოვუწოდებთ "ენერგო-პრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე"
  2. ათეა-ს პრეზიდენტად კვლავ კახა კალაძე აირჩიეს
  3. ტრამპი 30-მდე ქვეყნის ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს — მიზეზი და ქვეყნების ჩამონათვალი
  4. უცნობით: როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა
  5. გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს — კახა კალაძე “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: 4 ოქტობრის დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის, ბაჩო ახალაია

"მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, ასეთი ადამიანები დღემდე…