NASA-ს მავალი Perseverance მარსის ზედაპირის გამოკვლევისას უჩვეულო ქვას გადააწყდა, რომელიც შეიძლება იქაურობას არ ეკუთვნოდეს. აპარატმა იგი ეზეროს კრატერში დააფიქსირა, მეცნიერებმა კი მას "Phippsaksla" შეარქვეს.

ესაა 80 სანტიმეტრი სიგანის ქვა, რომელიც რკინითა და ნიკელითაა მდიდარი. ასეთი შედგენილობით ის გარშემო არსებული გეოლოგიური გარემოსგან განსხვავდება, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მარსზე არ უნდა წარმოქმნილიყო. გამოდის, რომ, შესაძლოა, საქმე მეტეორიტთან გვქონდეს, რომელიც წითელ პლანეტაზე მოხვდა.

ცნობისთვის, რკინა-ნიკელის მეტეორიტები, როგორც წესი, დიდი ასტეროიდების ბირთვის ფრაგმენტებია. ამ ობიექტების ცენტრში ასეთმა მძიმე ლითონებმა მზის სისტემის არსებობის ადრეულ პერიოდში მაღალი ტემპერატურის გავლენით გადაინაცვლა.

Phippsaksla-მ მეცნიერთა ყურადღება უნიკალური ფორმის გამო მიიპყრო. ის დიდი ზომისაა და სხვა ქვებთან შედარებით უფრო მაღალია, ზედაპირი კი საინტერესო ვიზუალური მახასიათებლებით გამოირჩევა. მარსმავალმა იგი ერთგვარ ანძაზე დამონტაჟებული კამერებით გადაიღო, ხოლო ინსტრუმენტ SuperCam-ის ლაზერებითა და სპექტრომეტრებით მისი შედგენილობა გააანალიზა.

ფოტო: NASA/JPL-Caltech/ASU

უნდა აღინიშნოს, რომ რკინა-ნიკელის მეტეორიტები მარსზე აქამდეც უპოვიათ. ამის მიუხედავად, უფრო სიღრმისეული კვლევაა საჭირო, რათა ახალი ქვის ასეთი წარმოშობაც ოფიციალურად დადასტურდეს. თუ ასე მოხდება, ეს Perseverance-ისთვის პირველი მსგავსი მიგნება იქნება.

ამ მარსმავალს ქვის გაბურღვა და შეგროვებული ნიმუშების შენახვაც შეუძლია, მაგრამ გეოლოგიურ მასალას დედამიწაზე დამოუკიდებლად ვერ გამოგზავნის — ამისთვის სხვა აპარატია საჭირო. ასეა თუ ისე, Perseverance წითელ პლანეტას 2021 წლის თებერვლიდან მოყოლებული იკვლევს და ამ ციური სხეულის შესახებ ისეთ ინფორმაციას გვაწვდის, როგორსაც ხმელეთზე განლაგებული ტელესკოპებით ვერ მოვიპოვებთ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება მისია, თუმცა მანამდე მავალი ეზეროს კრატერში გადაადგილებასა და საინტერესო ქვების პოვნას განაგრძობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.