იუპიტერი მხოლოდ მზის სისტემის უდიდესი პლანეტა არაა, არამედ ის ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს სტრუქტურის განსაზღვრის მხრივაც მნიშვნელოვანია. საქმე ისაა, რომ განვითარების ადრეულ პერიოდში მან მზის გარშემო არსებულ დისკოში ცარიელი სივრცეების გაჩენას შეუწყო ხელი, რითაც ვარსკვლავის მიერ პლანეტების მაფორმირებელი აირისა და მტვრის შთანთქმას შეუშალა ხელი. ეს ნიშნავს, რომ მის გარეშე დედამიწისა და სხვა კლდოვანი ციური სხეულების შემადგენელი მასალები იქამდე განადგურდებოდა, სანამ გაერთიანებას მოასწრებდა.

ამრიგად, იუპიტერის გრავიტაციამ მზის სისტემის შიდა პლანეტების ფორმირებასა და მათი ორბიტების სტაბილურობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. შეგვიძლია, ის ერთგვარ კოსმოსურ არქიტექტორს შევადაროთ, რომელმაც ჩვენი ასტრონომიული ბედი რამდენიმე მილიარდი წლის წინ გადაწყვიტა. ის რომ არა, შეიძლება დედამიწის შემადგენელ მატერიას ერთად თავმოყრა და პროტოპლანეტისთვის საფუძვლის შექმნა ვერ მოეხერხებინა.

ეს ყველაფერი მეცნიერებმა კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით დაადგინეს. ამ მეთოდით მათ შეისწავლეს, რა გავლენა იქონია ადრეულ მზის სისტემაზე იუპიტერის ინტენსიურმა ზრდამ მისი არსებობის პირველ რამდენიმე მილიონ წელში. შედეგებმა აჩვენა, რომ ამ პერიოდში მისმა ძლიერმა გრავიტაციამ მზის პროტოპლანეტურ დისკოში რღვევები გამოიწვია, საბოლოოდ კი რგოლების მსგავსი სარტყელები წარმოქმნა. მატერიის ამ სქელ რეგიონებში მტვრის ისეთი ნაწილაკები მოექცა, რომლებიც, წესით, მზეს უნდა შთაენთქა. ისინი გაერთიანდა, უფრო მასიური გახდა და ციური სხეულები ჩამოაყალიბა.

კვლევის თანახმად, იუპიტერმა მზის სისტემა შიდა და გარე ზონებად გაყო, მათ შორის მტვერ-აირის თავისუფლად მიმოცვლა კი შეაფერხა. მიჯნის მიმდებარედ ელემენტების ისეთი ორგვარი განსხვავებული კვალი შენარჩუნდა, როგორიც მეტეორიტების იზოტოპური "ანაბეჭდებია". ასევე, ამან ახალი რეგიონები გააჩინა, რომლებშიც პლანეტოშენადედები შედარებით გვიან წარმოიშვა.

მეცნიერებმა ისიც ახსნეს, თუ რატომ ჩამოყალიბდა ზოგიერთი პრიმიტიული მეტეორიტი მილიონობით წლით გვიან, ვიდრე პირველი მყარი სხეულები. მათ ქონდრიტები ეწოდება და მიიჩნევა, რომ ისინი პირვანდელ და უცვლელ მატერიას შეიცავს. ახლა მათი გვიანი ფორმირებაც იუპიტერთან დააკავშირეს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.