ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ მგლები მთვარეს უყმუიან. სინამდვილეში, მთვარე მათ ასეთ ქცევასთან კავშირში არაა, თუმცა დროთა განმავლობაში ამან უფრო სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა. ასეა თუ ისე, მსგავსი ფენომენი მღრღნელებშიც გვხვდება, თუმცა მათი მხოლოდ ერთი ნაირსახეობისთვისაა უნიკალური — კალიისებრი თაგვისთვის. ის თავს მაღლა სწევს და გაბმულ ხმას გამოსცემს, მაგრამ სულ სხვა ტონალობაში.

მათი სამი სახეობა არსებობს: ჩრდილოური (Onychomys leucogaster), სამხრეთული (O. torridus) და მირნსის (O. arenicola) კალიისებრი თაგვები. მეორე ჩრდილოეთ მექსიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ში გვხვდება, მათ შორის სონორის უდაბნოში. ის თითქმის 15 სანტიმეტრი სიგრძისაა, ხოლო მასით მხოლოდ 20-50 გრამს აღწევს.

მათმა ზომამ არ უნდა მოგვატყუოს, რადგან ეს პაწაწინა არსებები მტაცებლები არიან და თავისზე პატარა ცხოველებს არ ინდობენ: კალიებს, მორიელებსა და სხვა ფეხსახსრიანებს. მცენარეები ამ თაგვების რაციონის მცირე ნაწილს შეადგენს, რადგან ისინი მეტწილად სწორედ ხორცით იკვებებიან.

ლათინური დასახელება Onychomys "ბრჭყალებიან თაგვს" ნიშნავს. მათი კიდურები და ფრჩხილები სპეციალურადაა განვითარებული მსხვერპლის მოსახელთებლად, რომელსაც საკმაოდ ძლიერად კბენენ. ისინი იმასაც კი ახერხებენ, რომ სონორის უდაბნოში გავრცელებულ შხამიან მორიელებს გადაურჩნენ. ამისთვის თაგვები ტვინში ტკივილის სიგნალს ნატრიუმის არხების (მემბრანული ცილები) მეშვეობით "თიშავენ".

ამის გარდა, კალიისებრი თაგვების გამორჩეული თვისება "ყმუილია". ასეთი ქცევა მდედრებშიც ვლინდება და მამრებშიც — ისინი ორ ფეხზე დგებიან, ცხვირს მაღლა სწევენ და ძალიან მაღალი ტონალობის ხმას გამოსცემენ. ბგერების სიხშირე 9-14 ჰერცია და 100 მეტრ მანძილზე ისხმის.

ხშირად "ყმუილი" მსხვერპლის მოკვლას უსწრებს ხოლმე, მაგრამ მისი ზუსტი ფუნქცია უცნობია. ფიქრობენ, რომ ასე თაგვები საკუთარ ტერიტორიას შეიძლება ნიშნავდნენ; 2017 წლის კვლევის მიხედვით კი ამ არსებების ვოკალიზაცია ორი ტიპისაა: სტვენის მსგავსი, რაც სხვა მღრღნელებშიც გვხვდება, და ვიბრაციული, რომელიც უფრო უნიკალურია და ჰაერის ნაკადის მეშვეობით წარმოიქმნება.