სატურნის გიგანტური შტორმის თავზე უჩვეულო ლაქები დააფიქსირეს — ნახეთ
ფოტო: NASA/JPL-Caltech/SSI/Hampton University
ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით სატურნის ჩრდილოეთ პოლუსის ექვსკუთხა შტორმის რეგიონი შეისწავლეს. მის თავზე მათ უჩვეულო სტრუქტურები აღმოაჩინეს, რომლებსაც ფორმით "მუქ მძივებსა" და "ოთხქიმიან ვარსკვლავს" ამსგავსებენ. ისინი აცხადებენ, რომ ასეთი რამ აქამდე არ უნახავთ და ჯერჯერობით არ იციან, რასთან აქვთ საქმე.
აღნიშნული ლაქები ტელესკოპის ახლო ინფრაწითელმა კამერამ მაშინ დააფიქსირა, როცა ის მეცნიერებმა უზარმაზარი შტორმისკენ ამ სპექტრის ემისიების შესასწავლად მიმართეს. ამის მიუხედავად, სულ სხვა სტრუქტურები შენიშნეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ურთიერთდაკავშირებულია, თუმცა ერთმანეთისგან დიდი დისტანციითაა დაშორებული. "მძივები" პლანეტის იონოსფეროში არსებულ დამუხტულ პლაზმაში ნელა გადაადგილდება, "ოთხქიმიანი ვარსკვლავი" კი მის ქვეშ მდებარე სტრატოსფეროშია.
სატურნის ექვსკუთხა შტორმი მეცნიერებმა მისია Voyager-ის მეშვეობით 1980 წელს აღმოაჩინეს, პირველი დეტალური კადრები კი ზონდმა Cassini-მ გადაიღო. მისი სიგანე 29 000 კილომეტრს აღწევს და თითო ბრუნს დაახლოებით 10 საათში ერთხელ ასრულებს. შტორმის წარმოქმნა აირების რეაქტიულ ნაკადებს უკავშირდება, რომლებიც პლანეტის პოლუსს უვლის გარს, ხოლო ექვსკუთხა ფორმა ატმოსფერული აირების მახასიათებლებით უნდა იყოს განპირობებული.
ზუსტი მიზეზები მაინც გაურკვეველია. ასევე, ცოტა რამ ვიცით შტორმის თავზე არსებული ატმოსფერული შრის შესახებაც, რადგან იქიდან ძალიან სუსტი ემისიები მოდის. სწორედ ამიტომ დააკვირდნენ სატურნის იონოსფეროსა და სტრატოსფეროს ვების ტელესკოპით. ისინი 1100 და 600 კილომეტრ სიმაღლეზეა განლაგებული.
10 საათის განმავლობაში ტელესკოპმა პლანეტის ატმოსფეროში დადებითად დამუხტული წყალბადისა (H3+) და მეთანის მოლეკულები დააფიქსირა, რამაც უცნაური სტრუქტურები გამოავლინა. ფიქრობენ, რომ "მუქი მძივები" მაგნიტოსფეროსა და მბრუნავ ატმოსფეროს შორის რთული ურთიერთქმედების შედეგადაა წარმოქმნილი. ვარსკვლავის ფორმის ლაქა ავტორებმა თავად შტორმის ექვსკუთხა ფორმასთან დააკავშირეს, თანაც მისი უგრძესი "ქიმის" გასწვრივ ყველაზე მუქი შეფერილობის "მძივები" შენიშნეს. უცნობია, ეს დამთხვევაა, თუ არა.
მეტის გასაგებად გუნდი ხელახალ დაკვირვებებს გეგმავს. მათი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.


კომენტარები