როგორ დავინახეთ მილიონობით წლის წინანდელი სამყარო აბასთუმნიდან?
15 სექტემბერი საღამო იყო, როცა მეორე დღისთვის მზადება დავიწყე: ჩავალაგე ბარგი, ბარათზე არსებული ფული გავანაღდე და წავედი ჩემს მეგობარ ზაზასთან. მეორე დღეს, დილით მცირე მოგზაურობა გვიწევდა აბასთუმნისკენ, აბასთუმნიდან კი შორეულ, მილიონობით წლის წინანდელ სამყაროში. იქ ჩემი ჯგუფის, Geo-Astro-ს ორი წევრი, ლაშა ებიტაშვილი და დავით დვალი მელოდებოდნენ. სამწუხაროდ, დანარჩენებმა, ლევან ვერძეულმა და დიმიტრი გოდერძიშვილმა ვერ მოახერხეს წამოსვლა. ჯგუფში ახალი წევრი, მერაბ ბასიალა შემოგვემატა, რომელიც შედარებით გვიან, 23:00-ისკენ მოვიდა და შემოგვიერთდა.
15 სექტემბრის ღამე გადავათენეთ და 16-ში დილით გავეშურეთ „ოკრიბაში“. მძღოლმა, 11:40-ზე გავდივართ და მანამდე მოიცადეთო. მოვიდა დათქმული დროც და მძღოლიც მოახტა თავის მანქანას და დავიძარით ახალციხისკენ. გზაში ცოტა ხნით მეძინა და ახალციხეს რომ მივუახლოვდით, გამოვიღვიძე, გამოვფხიზლდი, აბასთუმანში ვიყავი ასასვლელი, თან უამრავი ბარგით. ახალციხის სმარტში სამი ღამის საჭმლის მარაგი ვიყიდეთ. ღამის იმიტომ, რომ დღე გვეძინა და ღამე ვცხოვრობდით, ამიტომ ღამისთვის იყო ყველაფერი გათვლილი. როგორც იქნა, ავაღწიეთ აბასთუმნამდეც, დავეხსენით თბილისის და ახალციხის საშინელ სიცხეს.
დღე კი არადა ღამე I
დავბინავდით ობსერვატორიის მშვენიერ სასტუმროში, ცოტა მოვითქვით სული, დავტენეთ მოწყობილობები, კოკა-კოლები, ანუ სიცოცხლის ელექსირები დავლიეთ და ამასობაში შებინდდა კიდეც. ასტრონომებისთვის ღამე მაშინ იწყება, როცა მზე სრულად ჩასულია, ან, ცოტა ტექნიკურად თუ ვიტყვით, ჰორიზონტიდან 18 გრადუსითაა ჩასული. ეს ე.წ. ასტრონომიული ღამე იმ დღეს დაახლოებით 9 საათზე უწევდა. ერთი საათით ადრე გავედით, ტექნიკა გვქონდა გასამართი. იქ აწყობილი კი იყო, მაგრამ ვაი და რამეს არ ემუშავა, ხომ უნდა დაგვეკარგა ასტრონომიული ღამის ძვირფასი წამები? თითოეულ წამსაც მნიშვნელობა აქვს, რადგან ასტრონომიული ღამე მზის პირველი სხივის ამოსვლის მერე მთავრდება, ეს კი დილის 5-ისკენ იყო დაახლოებით.
ყველაფერი თავის ადგილას იყო, ყველაფერი იდეალურად მუშაობდა. იმ შენობიდან, რომლის სახურავზეც ჩვენი მოწყობილობები იყო გამართული, დენის წყარო ამოვიყვანე. ამ დენის წყაროს ერთი გამაგრძელებელი მიუერთდა, ამ გამაგრძელებელს - მეორე გამაგრძელებელი და ერთ წამში ყველა დენცქვიტა შეივსო. დაიქოქა პირველი ტელესკოპის სადგარი, მიჰყვა მეორე, მეორეს მესამე და ბოლოს მეოთხეს ძრავმაც დაიწრიპინა. ახმაურდა ასტრონომიული კამერების მაცივრები - მნიშვნელოვანია, რომ კამერა დაბალ ტემპერატურაზე (-15 გრადუსზე ცელსიუსით) იყოს, რომ უკეთესი ხარისხის ფოტო მივიღოთ. სანამ წარსულის საჭვრეტად ამოვიდოდით, მოფიქრებული გვქონდა უკვე, ვინ რას ვიღებდით. მე გადავწყვიტე, ჩვენი მეზობელი ანდრომედას გალაქტიკა გადამეღო. სადგარს ბრძანება მივეცი, რომ გაეწია ტელესკოპი კასიოპეას თანავარსკვლავედისკენ, კერძოდ ანდრომედას გალაქტიკისკენ და 2 მილიონი სინათლის წლის დაშორებით მდებარე გალაქტიკის შუქი კამერის სენსორზე რაც შეიძლება დიდი ხანი მოეგროვებინა.
სინათლის სიჩქარე სამყაროში 300 000 კმ/წმ-ია. მასზე სწრაფად ვერაფერი ვერ მოძრაობს. სინათლის წელიწადი კი არის სინათლის მიერ განვლილი მანძილი ერთ წელიწადში, რაც, კილომეტრებში რომ გადავიყვანოთ, 9,6 ტრილიონს უდრის. თბილისიდან ბათუმში სინათლის სიჩქარით ზუსტად 0.00126 წამში ჩავალთ, დედამიწას ეკვატორთან წრეს კი 7-ჯერ შემოვუვლით. ანდრომედას გალაქტიკიდან კი სინათლის მოღწევას 2 მილიონი წელიწადი სჭირდება. ამიტომ მას ისეთს ვხედავთ, როგორიც 2 მილიონი წლის წინ იყო. ამ დროს დედამიწაზე პლიოცენის ხანა იყო. მასში თუ ვარსკვლავი აფეთქდება, აფეთქების „ამსახველი კადრები“ 2 მილიონი წლის შემდეგ ჩამოაღწევს ჩვენამდე და, კაცობრიობა თუ იარსებებს, ჩვენი (შვილთა)...შვილები ნახავენ.
გავუშვი გადაღებაზე და კამერამ დაიწყო 2 მილიონი წლის წინანდელი პირველი ფოტონების მოგროვება სენსორზე. 180 წამის ლოდინის შემდეგ პირველი კადრი გამოჩნდა. ცხადია, ეს საკმარისი არ იყო, ამიტომ ასეთი ათეულობით უნდა გადამეღო, რომ უკეთესი ხარისხი მიმეღო. ასტროფოტოგრაფია ჩვეულებრივი ფოტოგრაფიისგან იმით განსხვავდება, რომ ერთი ფოტოს მისაღებად წუთები, საათები და დღეებიც კი გჭირდება, როგორც ჩვენი ჯგუფის დამფუძნებელს, დავით დვალს დასჭირდა. მან ობიექტი Simeis 57 სამი ღამის განმავლობაში გადაიღო. რატომ გვჭირდება ამდენი ხანი გადასაღებად? იმიტომ, რომ ღრმა კოსმოსის ობიექტები ძალიან, ძალიან მკრთალები არიან ღამის ცაზე, ადამიანის თვალისთვის უხილავები. ამის გამო, საჭიროა, რომ მათგან წამოსული მკრთალზე მკრთალი სინათლე დიდი ხნის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი მოვაგროვოთ.
ლაშა ებიტაშვილმა თავისი კამერა პლეადების (შვიდი და) რეგიონისკენ გაახედა. 2 საათიანი ჭვრეტის შემდეგ, კადრში არა მარტო შვიდი და, არამედ კალიფორნიის ნისლეულიც კი ჩაატია. კალიფორნიის ნისლეული 1000 სინათლის წლითაა დაშორებული, ხოლო პლეადები - 444 სინათლის წლით. პირდაპირი მნიშვნელობით, ლაშა წარსულის ორ სხვადასხვა პერიოდს აკვირდებოდა - 1000 წლის წინანდელ და 444 წლის წინანდელ კოსმოსს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, კოსმოსი წარსულში სამოგზაურო დროის მანქანაა. პირდაპირი გაგებით.
ტემპერატურა გარეთ 12 გრადუსამდე დაეცა, ამიტომ ჩასათბობად რა უნდა გვექნა? მართალია, კურორტ აბასთუმნიდან შინდის ჭაჭა ამოვიტანეთ. ზაზამ და ჯოზიმ, რომლებიც სასტუმროში იყვნენ და ოდნავ გვიან ამოვიდნენ, ბუტერბროდები ამოგვიტანეს, ასე რომ, სასმელთან ერთად, საჭმელიც გვქონდა. სანამ ტელესკოპები საათობით აგროვებდნენ წარსულის სინათლეს, ჩვენ ირმის ნახტომის ფონზე ვსვამდით არაყს და განვიხილავდით ზოგადსაკაცობრიო თემებს.
ადამიანის თვალი ვერ აფიქსირებს მზის პირველ სხივებს, სამაგიეროდ, კამერები აფიქსირებენ და ასევე ჩიტები იწყებენ ჭიკჭიკს. რომ მივხვდით, მთავრდებოდა ასტრონომიული ღამე, დავიწყეთ ტექნიკის ნაწილობითი დემონტაჟი - კვების წყაროები გამოვაძრეთ და დიდი პარკი გადავაფარეთ ტელესკოპებს. გაყინულები ჩავსხედით მანქანაში და ჩავედით ნომერში. სამზარეულოში ცოტა ხანი ვილაპარაკეთ, შევაჯამეთ ღამე და დავიშალეთ.
ასე დასრულდა პირველი პროდუქტიული ღამე.
ღამე II
დილის ექვსზე დაძინებულებს შუა დღის სამ საათზე გაგვეღვიძა. აბასთუმნის ტყეში გაღვიძება სულ სხვანაირია. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ჰაერის სისუფთავე და ჟანგბადის სიჭარბე გაღვიძებს, თანაც, ძალიან ბედნიერი ხარ გაღვიძებისას. ავდექით, შეძლებისდაგვარად ვისაუზმეთ, ყავა კი არადა კოკა-კოლა (დვალის შემთხვევაში - პეპსი) დავლიეთ და გამოვფხიზლდით. ვემზადებით დღევანდელი ღამისთვის, ვათვალიერებთ წინა ღამის ნამუშევრებს, ვადარებთ სხვა ასტროფოტოგრაფების ნამუშევრებს, ვარჩევთ ახალ ობიექტებს, კომპიუტერებში რაც გვაკლია, ყველა წვრილმანს ვიწერთ.
უჩვეულოდ ადრე მოვრჩით ყველაფერს. ასტრონომიული ღამის დაწყებამდე მრავალი საათია დარჩენილი. გადავწყვიტეთ, აბასთუმნის ბუნებით დავმტკბარიყავით. დაახლოებით ორი საათი ფეხით სიარულის შემდეგ, 2000 მეტრზე ავედით და იქიდან გადმოვხედეთ ობსერვატორიას, რომელიც წერტივილით მოჩანდა. გადავიღეთ ფოტოები, დავტკბით ლამაზი ხედებით და დავეშვით უკან, სასტუმროში.
დავისვენეთ, კოკა-კოლა-პეპსები დავლიეთ და ავედით ჩვენს მოწყობილობებთან. შავცელოფან-წამოცმული ტელესკოპები მორჩილად გველოდებოდნენ და ნებისმიერ დროს მზად იყვნენ, შორეული ცისთვის ეჭვრიტათ, ოღონდ ღამე უნდა ყოფილიყო. როგორც იქნა დაღამდა და განმეორდა ის პროცესები, რაც წინა ღამით მოხდა.
ეს ღამე მე და ლაშასთვის მთლად პროდუქტიული არ გამოდგა. წესით, მე და ლაშას უნდა გაგვეყო ერთი სადგარი: ჯერ მას უნდა დაეგდა ერთი ტელესკოპი და გადაღებას რომ მორჩებოდა, მერე მე მეორე ტელესკოპი უნდა შემომესკუპებინა. სამწუხაროდ, რაღაც გაუგებრობების გამო ვერ მოვახერხეთ ლაშას ტელესკოპის ამუშავება, ამიტომ ჩემთვისაც დაიკარგა დრო, მზე ამოსვლას იწყებდა უკვე. ეგ არაფერი. წინა ღამით ხომ გადავიღეთ ანდრომედა და პლეადები კალიფორნიის ნისლეულთან ერთად?! დვალი აგრძელებდა ე.წ. პროპელერების გადაღებას, გვერდით კამერით კი ანდრომედას გარშემო არსებულ ღრუბლებს იღებდა.
ღამე III
მე და ზაზა წესით შემდეგ დილით უნდა წავსულიყავით, აუცილებელი საქმე გვქონდა უნივერსიტეტებში. მაგრამ წინა ღამის ნათევებმა ვერ ავწიეთ თავები და რომ გავიღვიძეთ, შუა დღის სამი საათი იყო. გავარკვიეთ ტრანსპორტის ამბები და ყველაფერი გასული იყო უკვე - აბასთუმნიდანაც და ახალციხიდანაც. ამიტომ, ჩემდა საბედნიეროდ და ზაზას საუბედუროდ, დარჩენა მოგვიწია.
დვალი პროპელერს ტაკაჰაშით იღებდა. ტაკაჰაში ტელესკოპების იაპონური ფირმაა, რომელიც, დვალისვე თქმით, ტელესკოპების როლს-როისია. დილით კი არადა შუა დღით რომ ავდექით და ჩვენი წასვლა ჩაიშალა, მითხრა, რომ პროპელერების ერთ საათიანი გადაღებაღა სჭირდებოდა და მერე თავისუფლდებოდა ტაკაჰაში. ტაკაჰაში. თავისუფლდებოდა. მერე. ანუ... მოიცა... მერე შემეძლო... მე... მე გამომეყენებინა ტაკაჰაში? ძლივს დავიჯერე მეც. დღეს ღამე ტაკაჰაში ჩემი იყო! სასწრაფოდ დავაინსტალირე ყველა საჭირო დრაივერი და მოუთმენლად ველოდი, როდის დაასრულებდა დვალი თავისი ობიექტის გადაღებას, რომ მე მიმეერთებინა მერე.
ეს ერთი საათი საუკუნედ გაიწელა. ერთი წამი ერთ წუთში გადიოდა. მართლა. მაგრამ როგორც იქნა, მორჩა და მივუერთე ჩემი კომპიუტერი. ლოცვა გავაძლიერე, რომ უპრობლემოდ მიერთებოდა. ლოცვამ გაჭრა! არც ერთი ერორი არ ამოუგდია და მიერთდა! მე და დვალმა გადავშალეთ ობიექტების სია და ვარჩევთ, რა გადავიღოთ. არჩევანი გულის ნისლეულზე შეჩერდა. ხელის კანკალით გავაბრუნე როლს-როისი ტელესკოპი გულის ნისლეულისკენ და... დაიწყო! 7500 წლის წინანდელი სინათლე ტაკაჰაშის ლინზების გავლით QHY ასტროკამერაზე ხვდებოდა და მე ამას ვუყურებდი ჩემი თვალით. პირველი კადრიც დაგენერირდა და ვხედავ, რომ აშკარად გულია, გულის ნისლეულია!
2 საათის განმავლობაში ვაგროვე იქიდან წამოსული შუქი. სიცივეს ვეღარ გავუძელით და მანქანაში შევიკეტეთ. TeamViewer-ის საშუალებით, სმარტფონებით ვაკონტროლებდით ჩვენს კომპიუტერებს, რომლებზეც ასტრომოწყობილობები იყო მიერთებული. როგორც კი დამთავრდა გადაღება (ანუ მზემ ამოისროლა პირველი სხივები), გადმოვედით მანქანიდან და შევუდექით ყველაზე საშინელ პროცესს - ტექნიკის დაშლას. დილის 6 საათზე, როცა ყველაზე მეტად ცივა, ტექნიკის დაშლა ჯოჯოხეთის ტოლფასია: ერთმანეთში გადახლართული უამრავი კაბელი უნდა გააცალკეო, დაახვიო, ჩადო თავის ყუთში, კამერა - თავის ყუთში, სადგარი - თავის ყუთში, ტელესკოპიც და ყველაფერი თავის ადგილას! შემდეგ ეს ყველაფერი ისე უნდა მოათავსო მანქანის საბარგულში, რომ უკანა გზა ჩანდეს სარკიდან. არ ვიცი, როგორ, მაგრამ დვალმა მოახერხა ოთხი კაცის ბარგი + ტექნიკა ისე მოეთავსებინა მანქანაში, რომ ყველანი კმაყოფილები დავრჩენილიყავით.
ასე დასრულდა წარსულში ვოიაჟი აბასთუმნიდან. ყველანი კმაყოფილები ჩამოვედით. ყველამ ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ. ახალი შემართებებით ვართ. ჩვენი Geo-Astro მუდამ იმაზე ფიქრობს, რომ დღევანდელზე უკეთესი ხვალ იყოს და ამისთვის ჩვენი გუნდის წევრები ყველაფერს აკეთებენ. ამ სამ ღამიანმა წარმატებულმა ვოიაჟმა ეს გრძნობა უფრო გაგვიმძაფრა და შემდეგი გაჭვრიტინებები უფრო პროდუქტიული და პროფესიონალური იქნება.
თან არ დაგავიწყდეთ, რომ მალე ჩვენი საკუთარი, პირველი კერძო ობსერვატორია გვექნება საქართველოში.
კომენტარები