107 წლის ფილტვიდან ესპანური გრიპის ვირუსის გენომი აღადგინეს — აღმოჩენილია მუტაციები
ფოტო: Wikimedia Commons
1918-1920 წლებში გავრცელებული ესპანური გრიპის ადრეულმა შტამმა პირველი ტალღისას 100 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ახლა მეცნიერებმა სრულად გაშიფრეს მისი გენომი, რომელიც ერთ-ერთი მსხვერპლის ფილტვიდან აღებული ნიმუშის მეშვეობით აღადგინეს. მათ ისეთ მუტაციებს მიაგნეს, რომლებიც პათოგენის მიერ უჯრედების ინფიცირებისა და ლეტალობის შანსებს ზრდიდა.
ეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი პანდემია იყო (სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯამში 50-100 მილიონი), რომელიც A ტიპის გრიპის ვირუსმა გამოიწვია. მისი შესწავლა მარტივი არაა, რადგან ამ შემთხვევაში გენეტიკური ინფორმაცია რნმ-ის ფორმითაა წარმოდგენილი, რომელიც უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე დნმ. ასევე, იმდროინდელი ვირუსის შემცველი ქსოვილები ფორმალდეჰიდის მსგავს ნივთიერებებში ინახება, რაც მათ რნმ ანალიზისთვის გამოუსადეგარს ხდის.
ასევე, იხილეთ: ესპანური გრიპის ისტორია — უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი კაცობრიობას
მკვლევრებმა რნმ-ის სეკვენირების ახალ პროტოკოლს მიმართეს. ნიმუში იმ 18 წლის ბიჭის ფილტვიდან აიღეს, რომელიც ესპანური გრიპით 1918 წლის 15 ივლისს ციურიხში მოკვდა. ის ადრეული შტამით დაინფიცირდა, რომელიც პანდემიის პირველი ტალღის დროს, გაზაფხულზე, გავრცელდა. მეორე ტალღამ უკვე შემოდგომაზე იჩინა თავი, მსოფლიოს მოედო და გენეტიკური ადაპტაციებით გაძლიერდა.
ამის მიუხედავად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შვეიცარიაში გავრცელებულ პირვანდელ შტამში 3 მუტაცია უკვე იყო. ეს ნიშნავს, რომ ვირუსმა მნიშვნელოვანი ადაპტაციები პანდემიის დასაწყისშივე განიცადა. მაგალითად, ორი მუტაცია მას ადამიანის იმუნური სისტემის მთავარ ანტივირუსულ ცილა MxA-სგან თავდაცვაში ეხმარებოდა.
მეორე გენეტიკურმა ცვლილებამ ამ შტამს შესაძლებლობა მისცა, რომ ზედაპირული ცილის, ჰემაგლუტინინის, ფორმა შეეცვალა. ამით ის ადამიანის უჯრედების რეცეპტორებს უკეთ ებმოდა და იქ მის შეღწევას ამარტივებდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი მიგნება იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ როგორ განიცადა ადაპტაციები ვირუსმა ევროპაში, პანდემიის დასაწყისში. შესაძლებელია, ამ დინამიკის ცოდნის წყალობით სამომავლო ეპიდაფეთქებებისთვის უკეთაც მოვემზადოთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში BMC Biology გამოქვეყნდა.

კომენტარები