პომპეიში ვეზუვის ამოფრქვევის შემდგომი სიცოცხლის კვალი აღმოაჩინეს — კვლევა
ფოტო: NEXT.On.ge/ideogram.ai
ახ. წ.79 წელს პომპეიში ვეზუვის ვულკანი ამოიფრქვა, რამაც ქალაქი ნანგრევებად აქცია. 6 აგვისტოს არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ ამოფრქვევის შემდეგ პომპეიში სიცოცხლის კვალი ბოლომდე არ გამქრალა. ეს ნიშნავს, რომ კატაკლიზმის შემდეგ აქ ადამიანები ხელახლა დასახლდნენ.
უძველეს რომაულ ქალაქში 20 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. მისი განადგურების შემდეგ უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, წასასვლელი კი არსად ჰქონდათ. მეცნიერებს სჯერათ, რომ გადარჩენილების ნაწილი განადგურებულ ქალაქში დაბრუნდა და აქ ცხოვრება განაგრძო.
გარდა ამისა, არქეოლოგების თქმით, პომპეიში სხვა ტერიტორიებიდანაც ბევრი ადამიანი ჩავიდა; ისინი ეძებდნენ როგორც საცხოვრებელს, ასევე ძვირფას ნივთებს, რომლებიც პომპეიდან გაქცევისას მდიდრებს დარჩათ.
"არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პომპეიში ერთგვარი არაფორმალური დასახლებები შეიქმნა. იქ ადამიანები სარისკო პირობებში, რომაული ქალაქისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურისა გარეშე ცხოვრობდნენ", — ამბობენ მკვლევრები.
ახლად დასახლებულებმა შემორჩენილი შენობების ზედა სართულები ნაწილობრივ აღადგინეს, ქვედა სართულები კი სარდაფებად გადააკეთეს.
არქეოლოგების შეფასებით, ვეზუვის ამოფრქვევის დროს პომპეის მოსახლეობის 15-20% დაიხოცა. მათი უმეტესობა თერმულ შოკს ემსხვერპლა, რომელიც აირებისა და ფერფლის უზარმაზარმა ღრუბელმა გამოიწვია. ქალაქის ნანგრევები XVI საუკუნეში აღმოაჩინეს. ვულკანურმა ფერფლმა სახლები, საჯარო შენობები და ადამიანების ნამარხებიც კი იდეალურად შემოინახა.
პომპეი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. იგი იტალიის მეორე ყველაზე მონახულებად ტურისტულ ადგილად ითვლება. გასულ წელს მას დაახლოებით 4.17 მილიონი ადამიანი ეწვია.
ქალაქი დაახლოებით 22 ჰექტარზეა გადაჭიმული, მისი ფართობის მესამედი კი დღემდე ფერფლშია ჩაფლული.


კომენტარები