ChatGPT-ს, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ჩატბოტს, სურათების დაგენერირება უკვე გაცილებით ხარისხიანად შეუძლია, ვიდრე აქამდე.

25 მარტს კომპანია OpenAI-მ, ჩატბოტის შემქმნელმა, GPT-4o მოდელი განაახლა. შედეგად ხელსაწყო უფრო ზუსტ გამოსახულებებს აგენერირებს, რომლებიც რეალურ სურათებსაც მეტად ჰგავს და ჩვენს მოთხოვნებსაც უკეთ ერგება. ფოტოები არაერთი სტილით შეუძლია შექმნას და, მაგალითად, რომელიმე კონკრეტული ანიმაციის პერსონაჟებად გვაქციოს. სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება Studio Ghibli-ს ანიმეს სტილში შექმნილი სურათები.

"OpenAI-ში დიდი ხანია გვჯერა, რომ სურათების გენერირობა ჩვენი ენობრივი მოდელების მთავარი უნარი უნდა იყოს", — წერს ჩატბოტის შემქმნელი კომპანია თავის ბლოგპოსტში — "ამიტომ ჩვენი ამ ეტაპზე ყველაზე დახვეწილი გენერატორი GPT‑4o-ში ჩავაშენეთ. შედეგი — სურათების გენერირება არამხოლოდ მშვენიერი, არამედ გამოსადეგიც არის".

ხელსაწყო შეიძლება დაგვეხმაროს როგორც ლოგოების, ასევე პოსტერებისა და, მაგალითად, სტატიის გარეკანის შექმნაშიც.

განახლებული 4o მოდელით სარგებლობა ChatGPT-ს უფასო ვერსიითაც შეგვიძლია, თუმცა გარკვეული ლიმიტით. იგი ნაკლებად შეზღუდულადაა ხელმისაწვდომი ჩატბოტის ფასიან ვერსიებზე: Plus, Pro და Team.

როგორ დავაგენერიროთ ანიმეს სტილის სურათები?

ეს საკმაოდ მარტივია. დაგჭირდებათ მხოლოდ ChatGPT-ს ვებსაიტზე (chatgpt.com) ან აპლიკაციაში შესვლა. იმისათვის, რომ ფოტოების შექმნა შეძლოთ, ჯერ საკუთარ ანგარიშში უნდა შეხვიდეთ.

ამის შემდეგ შეგიძლიათ, ჩატბოტს უბრალოდ სთხოვოთ, რომ სურათი შექმნას (ინგლისურად create image) და მისი მახასიათებლები დეტალურად აღუწეროთ. მეორე ვარიანტია, უბრალოდ "შექმენით სურათი" ("create image") ღილაკი აირჩიოთ და პირდაპირ სასურველი გამოსახულების აღწერა დაიწყოთ.

თუ გინდათ, რომ მას Studio Ghibli-ს ანიმეს სტილი ჰქონდეს, სურათის აღწერაში ჩატბოტს მიუთითეთ, რომ ეს სტილი გამოიყენოს. შეგიძლიათ, ChatGPT-ს თქვენი ფოტო აუტვირთოთ და მისი გადაკეთებაც სთხოვოთ.

პირველ მცდელობაზე ჩატბოტს მივწერე: "Studio Ghibli-ს სტილის გამოყენებით შექმენი სურათი, რომელზეც გოგო სტატიას წერს", მან კი რამდენიმე წუთის შემდეგ ეს ფოტო დამიბრუნა:

ფოტო: ChatGPT / NEXT.On.ge

შემდეგ თხოვნაზე ბოტს ვთხოვე დაეგენერირებინა გამოსახულება, რომელზეც ადამიანები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სურათების შექმნას ცდილობენ. შედეგი ასეთია:

ფოტო: ChatGPT / NEXT.On.ge

ბოტს რამდენიმე ცვლილების შეტანა ვთხოვე: "იმ წარწერის ნაცვლად, რომელიც აქვს, ქართულად დააწერე ეს: "სურათების გენერირება ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით". ასევე, სასურველია, ფოტო იასამნისფერ, ლურჯ და ვარდისფერ ფერებში იყოს. კომპიუტერთან ვინც ზის, ეგ ადამიანი გოგო იყოს გრძელი თმით".

ბოტმა ყველა თხოვნა ზედმიწევნით შემისრულა, თუმცა ქართულად წერა მისი ძლიერი მხარე არ აღმოჩნდა:

ფოტო: ChatGPT / NEXT.On.ge

მეოთხე ფოტოს გენერირება ვეღარ შევძელი. როგორც აღმოჩნდა, ChatGPT-ს უფასო ვერსიას 3-სურათიანი ლიმიტი აქვს და მისი ამოწურვის შემდეგ ფუნქციით 24 საათის განმავლობაში ვეღარ ვისარგებლებთ. შეზღუდვა კომპანიამ განახლებიდან მალევე დააწესა, რადგან სურათებზე დიდი მოთხოვნის გამო მათი გენერირების რესურსი აღარ ეყოთ.

"...ჩვენი GPU-ები დნება", — წერს სემ ოლტმენი, OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორი — "დროებით სიხშირის ლიმიტების შემოღებას ვაპირებთ, სანამ ეფექტიანობის გაზრდაზე ვმუშაობთ. იმედია, დიდხანს არ გაგრძელდება!".

ცნობისთვის, ყოველ ჯერზე, როცა ChatGPT-ს რამეს ვეკითხებით ან სურათის დაგენერირებას ვთხოვთ, დიდი ენერგია იხარჯება (განსაკუთრებით გამოსახულების შექმნისას). ამისათვის ძლიერი გრაფიკული პროცესორები (GPU-ები) და მონაცემთა ცენტრებია საჭირო.

ეს პროცესები ელექტროენერგიას საჭიროებს, რომელიც ნახშირის, ბუნებრივი აირის ან სხვა საწვავის დამუშავებით მიიღება. პროცესში შეიძლება დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი (CO2) გამოიყოს. რაც მეტ ინტერაქციაში შევდივართ ჩატბოტთან, მით მეტი ენერგიაა საჭირო და მეტად შეიძლება დავაზიანოთ ბუნებაც.

შესაბამისად, თუ ელექტროენერგიის დაზოგვა და ამით გარემოზე ზრუნვა გსურთ, შემდეგს გირჩევდით: ჩემს შეცდომას ნუ გაიმეორებთ და ბოტს დეტალურად აღუწერეთ, რა გაინტერესებთ ან რა ტიპის გამოსახულების მიღება გსურთ. ასე მის რესურსსაც დაზოგავთ და 3-სურათიან ლიმიტსაც მეტად აზრიანად გამოიყენებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.