სალვადორში მდებარე პირამიდის თავზე არქეოლოგებმა 2400 წლის წინანდელ კერამიკულ მარიონეტებს მიაგნეს, რომელთაც სახის დრამატული გამომეტყველება გამოარჩევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი სახალხო რიტუალებში გამოიყენებოდა, რათა რეალური ან გამოგონილი ამბები გაეცოცხლებინათ. ეს მიანიშნებს, რომ სალვადორში მცხოვრები ადამიანები ცენტრალური ამერიკის მაშინდელ კულტურაში იმაზე მეტად ინტეგრირებულნი იყვნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა.

მეცნიერებმა დიდი პირამიდული სტრუქტურის ზედა ნაწილში სულ 5 ფიგურას მიაკვლიეს, რომელთაგანაც ოთხი ქალია, ერთი კი კაცი. თავდაპირველად მიიჩნიეს, რომ ეს შესაძლოა, მკვდრებისთვის შესაწირი ყოფილიყო, მაგრამ მახლობლად ადამიანის ნაშთები ვერსად აღმოაჩინეს. მარიონეტების რიტუალურ დანიშნულებაზე მათი მდებარეობაც მიუთითებს, რადგან ისინი იმ მიდამოს ყველაზე მაღალ პირამიდაზე იყო მოთავსებული.

მეცნიერები ამბობენ, რომ ფიგურების ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელი მათი გამომეტყველებაა, რომელიც ცვალებადია იმის მიხედვით, თუ რომელი კუთხით შეხედავთ. მაგალითად, თვალს თუ პირდაპირ გაუსწორებთ, გაბრაზებული მოგეჩვენებათ, ზემოდან გაღიმებული, ქვემოდან კი — შეშინებული. სპეციალისტების თქმით, ასეთი დიზაინი მიზანმიმართულადაა შექმნილი, რათა რიტუალური წარმოდგენები რაც შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო.

კაცის ფიგურა, რომელსაც სახეზე ტატუები ან იარები აქვს.

ფოტო: Antiquity Publications Ltd

ხუთი მარიონეტიდან სამი თითქმის 30 სანტიმეტრი სიგრძისაა, დანარჩენი კი შედარებით პატარაა და მხოლოდ 10-18 სანტიმეტრს აღწევს. ყველა დიდი ფიგურა ტანისამოსის გარეშეა, არც თმა აქვს და არც რაიმე სამკაული უკეთია. მათი პირი გაღებულია, ხელები კი მოძრაობს, რაც უფრო ფართო თეატრალურ შესაძლებლობას მისცემდა. სხვების თავზე თმის კულულებია გამოსახული. ჯერჯერობით უცნობია, რამდენადაა ისინი რეალური ადამიანების ანალოგები.

აღსანიშნავია, რომ არქეოლოგებმა პირამიდის მიმდებარედ სხვა ფიგურების ფრაგმენტებიც აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მათგანი ღრუს მქონე ტანის ფორმაში ეტევა და ორელემენტიან მარიონეტს ქმნის, რომელიც შესაძლოა, დაბადების რეპრეზენტაცია იყოს.

ფოტო: Antiquity Publications Ltd

ეს და 2012 წელს გვატემალაში მიკვლეული სხვა მსგავსი ნიმუშები მიუთითებს, რომ ისინი ცენტრალურ ამერიკაში პრეკლასიკურ (ძვ. წ. 2000-დან ახ. წ. 200 წლამდე) და კლასიკურ (ახ. წ. 200-დან 900 წლამდე) პერიოდებში იყო გავრცელებული. სტილისა და მასალის მსგავსების მიხედვით ასკვნიან, რომ ამ რეგიონში მაშინ საერთო ტრადიციებს იზიარებდნენ.

ახალი წელთაღრიცხვით დაახლოებით 400-დან 500 წლამდე პერიოდში სალვადორის ბევრი არტეფაქტი ვულკან ილოპანგოს ფერფლით დაიფარა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ამ მოვლენისას ვეზუვიზე 10-ჯერ მეტი მატერია ამოიფრქვა, რამაც 40 კილომეტრ რადიუსში ყველაფერი გაანადგურა.

აქედან გამომდინარე და იმიტომ, რომ დღეს სალვადორი მჭიდროდ დასახლებულია (ეს გათხრებს აფერხებს), მაშინდელი მოსახლეობის ეთნოლინგვისტური და სხვა მახასიათებლების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ახალი მიგნება ცხადყოფს, რომ ისინი სოციო-კულტურულად განცალკევებულად არ არსებობდნენ, არამედ მეზობელ პოპულაციებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Antiquity გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.