თეთრი კვამლი ვატიკანის თავზე — რა მოხდება პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ?
დღეს მსოფლიომ უმნიშვნელოვანესი სიახლე შეიტყო: პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა.
მართალია, ფრანცისკემ წინა წელს საკუთარი პანაშვიდის სცენარი დაამტკიცა და გლოვისა და დაკრძალვის ტრადიციული პროცესიდან რამდენიმე საკრალური რიტუალი ამოიღო, თუმცა ვატიკანში მისი სიკვდილისთანავე დაიწყება დეტალებში გათვლილი პროცესების მთელი რიგი, რომლებიც ეკლესიაში უკვე საუკუნეებია, ყალიბდება. ზოგი ტრადიცია ანტიკური რომიდან იღებს სათავეს.
როცა პაპის დაკრძალვის წმინდა ცერემონია დასრულდება, კარდინალთა საბჭო კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურს აირჩევს, ისე, როგორც ჰოლივუდის ახალ ფილმში, კონკლავშია ნაჩვენები. ახალი პაპის არჩევას მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანი დაელოდება, თუმცა ეს რელიგიურ-პოლიტიკური სენტიმენტებითა და დრამატიზმით გაჯერებული საიდუმლო პროცესი ვატიკანის კედლებს მიღმა, საიდუმლოდ ჩატარდება.
პაპის სიკვდილი
ფოტო: Getty Images
ტრადიციულად, პაპის სიკვდილის დადასტურება რომის პაპის კარის უფროსი მოხელის, კარდინალი კამერლენგოს პასუხისმგებლობაში შედის. ამჟამად ამ პოზიციას ირლანდიური წარმოშობის კარდინალი, კევინ ფარელი იკავებს.
შესაბამისად, სწორედ ფარელი იქნება ის ადამიანი, რომელიც პაპს მის პირად სამლოცველოში მოინახულებს და მის სახელს დაიძახებს. როცა ფრანცისკე ფარელს პასუხს არ გასცემს, ეს მისი სიკვდილის დამადასტურებელი იქნება. თანამედროვე ეპოქაში ეს ტრადიცია ცერემონიული სახისაა, რადგან პაპის სიკვდილს, როცა ეს მომენტი დადგება, მისი ექიმები დაადასტურებენ და არა სასულიერო პირები. ტრადიციის მიხედვით, პაპის ბეჭედი, რომელსაც ის ოფიციალური დოკუმენტების დასალუქად იყენებს, განადგურდება, რაც მისი მმართველობის დასასრულის ნიშანი იქნება. ამის შემდეგ პაპის პირადი ოთახები დაიკეტება, კამერლენგო კარდინალთა საბჭოსა და ეკლესიის მოხელეთა სამმართველო ჯგუფს პაპის გარდაცვალების შესახებ შეატყობინებს. დანარჩენი სამყარო კი პაპის სიკვდილის შესახებ ვატიკანის ოფიციალური განცხადებით შეიტყობს.
გლოვის პერიოდი
პაპი ფრანცისკე
ფოტო: Getty Images
პაპის სიკვდილს გლოვის 9 დღე მოსდევს, რომელსაც ნოვენდიალეს უწოდებენ. ეს ტრადიცია ანტიკური რომის პერიოდში ჩაისახა. ეროვნულ გლოვას გამოაცხადებს იტალიაც.
ფრანცისკეს წესს აუგებენ, მის ცხედარს პაპის ტანსაცმლით შემოსავენ და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მოათავსებენ, სადაც მისი მონახულება და პატივის უკანასკნელად მიგება ასიათასობით მორწმუნეს შეეძლება. აქ აუცილებლად მოვლენ უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკური ლიდერებიც. წარსულში პაპის ცხედარს შემაღლებულ პლატფორმაზე ათავსებდნენ, თუმცა ფრანცისკემ საკუთარი პანაშვიდის ცერემონიის პომპეზურობის გარეშე ჩატარება მოითხოვა, რის გამოც მისი გარდაცვალების შემდეგ მას ჩვეულებრივ, ღია კუბოში მოათავსებენ.
ისტორიულად, პაპებს ხშირად უკეთებდნენ ბალზამირებას და ზოგიერთ მათგანს დაკრძალვამდე ორგანოებსაც კი აცლიდნენ — ცნობილი ტრევის შადრევნის სიახლოვეს ეკლესია მდებარეობს, რომელშიც მარმარილოს ყუთებში მოთავსებული 20-ზე მეტი პაპის გული ინახება — თუმცა, ვატიკანი ახლა ამ პრაქტიკას აღარ მისდევს.
იქამდე, სანამ პაპი ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში იქნება დასვენებული, ამ ტაძარსა და დანარჩენ კათოლიკურ სამყაროში ყოველდღიურად აღსრულდება წირვა-ლოცვის ცერემონია. ვატიკანში ამასობაში sede vacante, ანუ "თავისუფალი სკამის", გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რომლის განმავლობაშიც ეკლესიის მართვა კარდინალთა კოლეგიას დაევალება. ახალი პაპის არჩევამდე კოლეგიას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ეკრძალება.
დაკრძალვა
ფოტო: Vatican News
პაპის დაკრძალვის პროცესია, დიდი ალბათობით, მისი სიკვდილიდან 4-6 დღის განმავლობაში შედგება წმინდა პეტრეს მოედანზე. ცხადია, ვატიკანს მგლოვიარეთა დაუსრულებელი რიგები შეავსებს. პროცესიას თავში კარდინალთა საბჭოს დეკანი, 91 წლის იტალიელი ჯოვანი ბატისტა რე ჩაუდგება.
ტრადიციულად, პაპი ვატიკანის აკლდამებში, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ქვეშ იკრძალება. აქ თითქმის 100 რომის პაპი განისვენებს, მათ შორის, პაპი ბენედიქტე მე-16, რომელიც პაპის პოზიციიდან 2013 წელს გადადგა და 2022 წელს გარდაიცვალა.
თუმცა, პაპმა ფრანცისკემ 2023 წელს მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამუდამო განსასვენებლად რომში მდებარე წმინდა მარიამის ბაზილიკა შეარჩია, მისი საყვარელი ტაძარი, რომელსაც ძალიან ხშირად სტუმრობდა. თუ ვატიკანი ფრანცისკეს სურვილს პატივს სცემს, ის ამ საუკუნეში პირველი პაპი იქნება, რომელიც ვატიკანის გარეთ დაიკრძალება.
წარსულში პაპებს სამ კუბოში კრძალავდნენ: ერთი კვიპაროსისგან, ერთი თუთიისგან, ერთი კი თელის ხისგან იყო დამზადებული. კუბოები ერთმანეთში თავსდებოდა. თუმცა, ფრანცისკემ ამ ტრადიციის შეცვლაც მოისურვა და ხისა და თუთიისგან დამზადებულ კუბოში განსვენება მოითხოვა.
ახალი პაპის არჩევნები
კადრი ფილმიდან Conclave
ფოტო: iMDB
პაპის დაკრძალვიდან 2-3 კვირის გასვლის შემდეგ, კარდინალთა საბჭო სიქსტის კაპელაში იკრიბება და კონკლავს, ახალი პაპის არჩევის ზესაიდუმლო პროცესს იწყებს. თეორიულად, პაპობის უფლება ნებისმიერ კათოლიკურად მონათლულ კაცს აქვს, თუმცა უკანასკნელი 700 წლის განმავლობაში პაპებს ყოველთვის კარდინალთა საბჭოს წევრებიდან ირჩევენ.
კათოლიკურ ეკლესიას არსებობის მანძილზე 266 პაპი ჰყავდა. ამ 266 ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპელი იყო. ფრანცისკე, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, 1300 წლის მანძილზე პირველი არაევროპელი, სამხრეთ ამერიკელი პაპი იყო.
ხმის მიცემის დღეს სიქსტის კაპელა, რომლის ჭერსაც მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ამშვენებს, ილუქება და შიგნით მყოფი კარდინალები გაუთქმელობის ფიცს დებენ. პაპის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 80 წელს მიუღწეველ კარდინალებს შეუძლიათ. ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ არჩევნებში დაახლოებით 120 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას. ისინი სასურველი კანდიდატის სახელს ფურცელზე დაწერენ, ამ ფურცელს კი საკურთხეველზე მოთავსებულ თასში ჩადებენ.
თუ ხმების ორ მესამედზე მეტს პაპობის ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, ხმის მიცემის შემდეგი ეტაპი დაიწყება. თითო დღის განმავლობაში ხმის მიცემის 4-ჯერ ჩატარებაა შესაძლებელი. 2013 წლის კონკლავი, რომელმაც პაპი ფრანცისკე აირჩია, 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ხმის მიცემის 5 ეტაპი მოიცვა, თუმცა ისტორიას ბევრად გრძელი კონკლავებიც ახსოვს. როგორც ცნობილია, მე-13 საუკუნეში ერთი კონკლავი 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მე-18 საუკუნეში კი ახალი პაპის ასარჩევად 4 თვე დასჭირდათ.
"ბიულეტენების" დათვლის შემდეგ ფურცლებს სიქსტის კაპელაში არსებულ ქურაში წვავენ, რომელსაც ვატიკანელი მეხანძრეები ამონტაჟებენ. მეორე ქურაში კი ქიმიურ ნივთიერებებს წვავენ, რომელიც საკვამურიდან თეთრ ან შავ კვამლს უშვებს. სწორედ ეს კვამლი უშვებს სიგნალს მსოფლიოსთან: შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კი კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევის მანიშნებელია.
ახალი პაპი
წმინდა პეტრეს ტაძარი
ფოტო: Getty Images
მას შემდეგ, რაც პაპს აირჩევენ, კარდინალთა საბჭოს წარმომადგენელი წმინდა პეტრეს ტაძრის მთავარი აივნიდან მომლოდინე მორწმუნეებს ლათინურ ლოცვა-განცხადებას, Habemus papam-ს წაუკითხავს, რომელიც ითარგმნება, როგორც "ჩვენ პაპი გვყავს".
შემდეგ არჩეული პაპი, რომელსაც ახალი სახელი უკვე შერჩეული ექნება (სავარაუდოდ, რომელიმე წინამორბედის ან წმინდანის პატივსაცემი სახელი), თეთრ ანაფორაში შემოსილი დაენახვება კათოლიკეებს და მათ საჯაროდ მიმართავს. ასე და ამგვარად, კათოლიკურ ეკლესიას ახალი ლიდერი ეყოლება.
-
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
გადახედვა
-
რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს? რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
გადახედვა
-
"თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ "თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
გადახედვა
-
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე? Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
-
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
-
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
გადახედვა
-
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
გადახედვა
-
"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია" ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია"
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
გადახედვა
-
არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
-
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
გადახედვა
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
მარნეულში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს მარნეულში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში
გადახედვა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
კომენტარები