ასტრონომებმა გამოავლინეს კოსმოსური სუპერსტრუქტურა, რომელიც წარმოუდგენელი მასშტაბისაა. მას კიპუ უწოდეს, ინკების გამოთვლითი სისტემის მსგავსად. იგი იმდენად უზარმაზარია, რომ 200 კვადრილიონ მზის მასას მოიცავს და 1.3 მილიარდზე მეტ სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება (რაც 400 მეგაპარსეკის ეკვივალენტურია).

რა თქმა უნდა, ასეთ სტრუქტურას გარემომცველ კოსმოსზე აქვს გავლენა, რომლის შესწავლაც თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. მაგალითად, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როგორ აისახება ამგვარი ეფექტი კოსმოსურ მიკროტალღურ ფონზე, ღამის ცის სურათებზე, გრავიტაციულ ლინზირებაზე ან ჰაბლის მუდმივას გამოთვლაზე.

სუპერსტრუქტურებში გალაქტიკათა დიდი ჯგუფებია თავმოყრილი, ამიტომ ისინი კოლოსალურ მანძილზეა გადაჭიმული და ძალიან მასიურია. ჩვენთვის ცნობილ ასეთ 5 სუპერსტრუქტურას შორის კიპუ ყველანაირ რეკორდს ხსნის. ისინი ერთად გალაქტიკათა შეჯგუფებების 45%-ს, გალაქტიკების 30%-სა და მატერიის 25%-ს შეიცავს, ასევე დაკვირვებადი სამყაროს მოცულობის 13%-ს იკავებს.

თუ კიპუს დიაგრამულ გამოსახულებას დააკვირდებით, მიხვდებით, რატომ შეურჩიეს მას ეს სახელი.

ფოტო: Astronomy and Astrophysics

"აქ ეს სუპერსტრუქტურა წარმოდგენილია, როგორც გრძელი ფილამენტი, რომელსაც პატარა გვერდითი ფილამენტები უერთდება. სწორედ ამიტომ ვუწოდეთ მას კიპუ", — აცხადებენ მეცნიერები.

მათ სუპერსტრუქტურები 130-დან 250-მდე მეგაპარსეკ დისტანციებზე გამოავლინეს, რისთვისაც რენტგენული გალაქტიკური შეჯგუფებები გამოიყენეს. ასეთ შეჯგუფებებში ათასობით გალაქტიკა და ძალიან ცხელი აირია, რომელიც რენტგენულ გამოსხივებას გამოყოფს. მასზე დაყრდნობით სუპერსტრუქტურების მასასა და ყველაზე მკვრივი არეალების მდებარეობას ადგენენ.

რუკაზე სხვადასხვა სიმკვრივის რეგიონები განსხვავებულ ფერებშია წარმოდგენილი. ცხადად ჩანს, რომ სუპერსტრუქტურების მიმდებარედ სიმკვრივე საგრძნობლად დიდია.

ფოტო: Bohringer et al.

ასეთი სიმკვრივისა და მასიურობის გამო ფილამენტების ეს სისტემები კვალს ტოვებს კოსმოსურ მიკროტალღურ ფონზე, რომელიც დიდი აფეთქების დროინდელი ნარჩენი რადიაციაა. როცა ის სუპერსტრუქტურებში გადის, მათი ძლიერი გრავიტაცია მასზე მოქმედებს და გარკვეულ ცვლილებებს იწვევს. შესაბამისად, შესაძლოა, ამან მიკროტალღურ ფონზე დაკვირვებაში ხელი შეგვიშალოს.

იგივეა ჰაბლის მუდმივას შემთხვევაში, რომელიც სამყაროს გაფართოების სიჩქარეს შეესაბამება. საქმე ისაა, რომ მის გამოსათვლელად გალაქტიკათა საკუთრივი სიჩქარე გაფართოებით გამოწვეული მოძრაობის ტემპისგან უნდა განვასხვაოთ. ვინაიდან სუპერსტრუქტურების ძლიერი მიზიდულობა გალაქტიკების გადაადგილებაზე ახდენს გავლენას, ამგვარი დაკვირვებებიც რთულდება. ასევე, დიდი მასები ზოგჯერ კოსმოსის გამოსახულებებსაც ამახინჯებს.

აქედან გამომდინარე, სუპერსტრუქტურების შესწავლა ორმაგად მნიშვნელოვანია. მათ შესახებ ნაშრომი გამოცემაში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.