"საქართველოში ადამიანის კვერცხუჯრედის ფერმაში იძულებით დაკავებული 100 ტაილანდელი ქალს სასწრაფო დახმარებას ითხოვს", — ამ სათაურით ტაილანდურმა მედიამ სტატია 3 თებერვალს გამოაქვეყნა. იქვეა იმ სახლისა და ოთახის ფოტოები, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდება.

სახლის ფოტოს, სადაც, სავარაუდოდ, ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები ჰყავთ, ტაილანდური გამოცემა აქვეყნებს

სახლის ფოტოს, სადაც, სავარაუდოდ, ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები ჰყავთ, ტაილანდური გამოცემა აქვეყნებს

ფოტო: The Nation

გამოცემა წერს, რომ ტრეფიკინგის ერთ-ერთმა მსხვერპლმა ქალმა ტაილანდურ არასამთავრობო ორგანიზაცია Pavena-ს უამბო, რომ საქართველოში არსებულ ტრეფიკინგის არალეგალურ ქსელს ჩინური კრიმინალური დაჯგუფება მართავს. მათ ქალები ლეგალური სუროგაციის დაპირებით ჩამოიყვანეს, შემდეგ კი ყოველთვიურად სამედიცინო მანიპულაციებით კვერცხუჯრედების ამოღებას აიძულებდნენ.

ფოტოებს ტაილანდური გამოცემა ავრცელებს

ფოტოებს ტაილანდური გამოცემა ავრცელებს

ფოტო: The Nationa

ფონდი Pavena მოუწოდებს ტაილანდის მთავრობას, დახმარება სთხოვონ ჩინეთს ჩინურ დაჯგუფებასთან ბრძოლაში, რომელიც საქართველოში 100-მდე ტაილანდელ ქალს იძულებით კვერცხუჯრედების არალეგალურ ფერმაში ამუშავებს და შემდეგ ამ კვერცხუჯრედებს ყიდის. როგორც ირკვევა, ქალებს სუროგატი დედის ლეგალურ ვაკანსიას დაჰპირდნენ, მაგრამ შემდეგ ძალის გამოყენებით კვერცხუჯრედების მოპოვების პროცედურებს უტარებდნენ და ყიდდნენ.

კვერცხუჯრედის იძულებითი ამოღება ჰორმონალურ სტიმულაციას და ინვაზიურ სამედიცინო პროცედურას გულისხმობს, რაც ჯანმრთელობის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. უკანონო ოპერაციების გაკეთებისას ხშირად არაა დაცული უსაფრთხოების პროტოკოლები, რაც საფრთხეს უქმნის ქალთა ჯანმრთელობას.

ტაილანდური გამოცემის ინფორმაციით, ის, ვინც უარს იტყვის კვერცხუჯრედის დათმობაზე, დიდ გამოსასყიდ თანხას სთხოვენ. Pavena ქალების მდგომარეობის შესახებ ერთ-ერთი მსხვერპლისგან შეიტყო, რომელმაც ნათესავებთან დაკავშირება და ტაილანდში დასაბრუნებლად გამოსასყიდი ფულის შეგროვება მოახერხა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქალები საქართველოში ოთხი ობიექტზე ცხოვრობენ. სტატიის ავტორი ჰყვება, რომ ტრეფიკინგის ერთ-ერთი მსხვერპლი მოათავსეს სახლში, სადაც უკვე 60-მდე ტაილანდელი ქალი იმყოფებოდა. ბევრ მათგანს გაუარესებული ჯანმრთელობა ჰქონდა და სახლში დაბრუნება სურდათ. მისივე თქმით, ოთხივე სახლში დაახლოებით 100 ტაილანდელი ქალი იყო.

გამოცემა წერს, რომ სამი გადარჩენილი ქალი ახლა ფონდის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თუმცა, ტაილანდურმა ფონდი მოუწოდებს ტაილანდის მთავრობას, კოორდინაცია გაუწიოს ჩინეთის ხელისუფლებასთან, რათა უზრუნველყონ დაახლოებით 100 დარჩენილი ქალის გათავისუფლება, რომლებიც ჯერ კიდევ საქართველოში არიან გამომწყვდეული.

რადიო თავისუფლებას ცნობით, მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სადაც წერია, რომ ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, დაწყებულია გამოძიება ადამიანითა ვაჭრობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილი). მათი ინფორმაციით გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ადგილას ჩატარდა ჩხრეკა.

"გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს გარდა 3 ტაილანდელი ქალბატონისა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. გამოკითხული 3 ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს", — წერია განცხადებაში.

შსს-ს თანახმად, პოლიციამ, ასევე გამოიკითხა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე, რომლებმაც ტაილანდის მოქალაქეები საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.