რამდენად განვსხვავდებით ნეანდერტალელებისგან? არა იმდენად, რამდენადაც ადრე გვეგონა. რაც უფრო მეტს ვიგებთ არქაული ადამიანების ამ ჯგუფზე, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ისინი ძალიან გვგავდნენ.

ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რაც აღმოვაჩინეთ, რომ თანამედროვე ადამიანების ნაწილში ნეანდერტალელების გენებია.

ასევე: ნეანდერტალელების გარდა, თანამედროვე ადამიანებში სხვა გადაშენებული სახეობის დნმ-იცაა

ჩნდება შეკითხვა, მოქმედებს ეს გენები ადამიანის აზროვნებაზე?

პალეოგენომიკის დარგი, რომელიც გადაშენებული ორგანიზმების გენომს სწავლობს, შედარებით ახალი დისციპლინაა. პირველად ნეანდერტალელის ნაშთები 1829 წელს ბელგიის გამოქვაბულში აღმოაჩინეს. მაშინ მკვლევრებმა ჩათვალეს, რომ ეს არსება პრიმიტიული იყო და მისი გონებრივი შესაძლებლობები არც ისე საინტერესო. თუმცა, ახალი აღმოჩენების თანახმად, ნეანდერტალელი გონებრივად საკმაოდ განვითარებული იყო და ბევრს მიაჩნია, რომ ის დიდად არც ჩამოგვრჩებოდა.

ნეანდერტალელები ამზადებდნენ და იყენებდნენ იარაღებს, გააჩნდათ სიმბოლოები და იყენებდნენ მათ რიტუალებში. მეტიც, ისინი მცენარეულ მედიკამენტებსაც კი იყენებდნენ.

ასევე: როგორი იყო ნეანდერტალელების გონებრივი შესაძლებლობები

მივუბრუნდეთ ზემოთ დასმულ შეკითხვას, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ნეანდერტალელის გენებს თანამედროვე ადამიანებზე?

2019 წელს პალეოანთროპოლოგმა ფილიპ გუნზმა დაადგინა, რომ ნეანდერტალელის დნმ გავლენას ორი გენის ექსპრესიაზე ახდენს. ეს ისე, რომ ამით ადამიანის თავის ქალა ნაკლებად მრგვალია. კონკრეტული ვარიანტები განლაგებულია UBR4-სა და PHLPP1 გენების მახლობლად, რომლებიც ხელს უწყობს ნეირონების წარმოქმნას და მონაწილეობს მიელინის ფორმირებაში. ეს ცხიმოვანი გარსებია, რომლებიც ფარავს ნეირონების აქსონებს და მათ კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.

გუნზმა ვერ მიაგნო მტკიცებულებას, რომ ნეანდერტალელის დნმ-ის ვარიანტები გავლენას ახდენდა ადამიანის შემეცნებაზე. ეფექტი მხოლოდ თავის ქალაზე იყო — ესეც ძალიან მცირე მასშტაბებზე.

სხვა კვლევაში მეცნიერებმა დააფიქსირეს გარკვეული განსხვავებები ტვინის მორფოლოგიაში. ნეანდერტალელის დნმ-ის უფრო მაღალი კონცენტრაციის მქონე ადამიანებს უფრო მეტი აქტივობა აქვთ ვიზუალურ ქერქზე და ინტრაპარიეტალურ ღეროში. ეს ტვინის ის ნაწილია, რომელიც დაკავშირებულია სენსორულ ინფორმაციასთან და მოტორიკასთან.

მაიკლ დ. გრიგორის ბოლო კვლევის თანახმად, ნეანდერტალელების ტვინში მეტი "ყურადღება" ვიზუალურ ქერქს ეთმობოდა. ეს შეიძლება სოციალური შემეცნების დათრგუნვის ხარჯზე მომხდარიყო. რაც ნიშნავს იმას, რომ ნეანდერტალელები ჰომო საპიენსებთან შედარებით ნაკლებად სოციალურები იყვნენ. სწორედ ამ ფაქტორს შეიძლება გამოეწვია მათი გადაშენება.

2016 წელს მკვლევრებმა ევროპული წარმოშობის 28 000 ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის ჩანაწერები გააანალიზეს. მათ აინტერესებდათ, შეუძლია თუ არა ნეანდერტალელის გენებს ჰომო საპიენსში მნიშვნელოვანი როლის შესრულება.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ ნეანდერტალელების გენების კავშირები ფსიქიკურ, იმუნოლოგიურ და დერმატოლოგიურ ფენოტიბეთან", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

შედეგებმა აჩვენა, რომ ნეანდერტალელების გენები დაკავშირებულია ნევროლოგიურ საკითხებთან, როგორიცაა დეპრესია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ძილის ციკლის დარღვევით. სხვა ვარიანტები დაკავშირებულია მზის სხივებისგან კანის დაზიანებებთანაც.

მკვლევრები ასევე ვარაუდობენ, რომ ნეანდერტალელების გენის ზოგიერთმა იშვიათმა ვარიანტმა, შესაძლოა, აუტიზმისკენ მიდრეკილება გამოიწვიოს.

მეტიც, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, არ არის გამორიცხული ადამიანებში ადრე დაძინებისა და ადრე გაღვიძების მიდრეკილებას ნეანდერტალელთა გენები განაპირობებდეს.

საყურადღებოა 2023 წლის კვლევაც, რომელშიც ნათქვამია, რომ შესაძლოა, ცხვირის ზომაზე პასუხისმგებელი გენები ნეანდერტალელებისგან მოდიოდეს. სავარაუდოდ, დიდი ცხვირები მათ ევრაზიის ცივ კლიმატთან შეგუებაში ეხმარებოდა, ეს გენები კი თანამედროვე ადამიანებს ორი სხვადასხვა სახეობის შეჯვარების შედეგად გვერგო.

მთლიანობაში, ზუსტად იმის თქმა თუ რა გავლენა აქვს ამ გენებს თანამედროვე ადამიანებზე რთულია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ეს გენები კვლავ არსებობს და ბუნებრივია ამ ყველაფერს გარკვეული როლი აქვს.

მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.