ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, სამყაროს აჩქარებული გაფართოების გამომწვევი ბნელი ენერგია და, მეორე მხრივ, ბნელი მატერია "კოსმოსური ილუზია" იყოს. მას ფუნდამენტური ძალების შესუსტება უნდა განაპირობებდეს.

სამყარომ აჩქარებული ტემპით გაფართოება დაახლოებით 5-6 მილიარდი წლის წინ დაიწყო, რის მიზეზადაც ბნელი ენერგია მიიჩნევა; ბნელი მატერია კი უხილავი სუბსტანციაა, რომელიც კოსმოსის მასის უდიდეს ნაწილზეა პასუხისმგებელი. ოტავას უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორი, რეჯენდრა გუფთა, საინტერესო ალტერნატივას გვთავაზობს:

"სამყაროს ძალები მის გაფართოებასთან ერთად სუსტდება. ეს თითქოსდა იმიტომ ხდება, რომ რაღაც იდუმალი ძალა [ბნელი ენერგია] მას უფრო სწრაფად გაფართოებისკენ უბიძგებს. ამის მიუხედავად, გალაქტიკებისა და გალაქტიკური შეჯგუფებების მასშტაბით, გრავიტაციულად შეკავშირებულ სივრცეში, აღნიშნული ძალების ვარიაციების შედეგად დამატებითი გრავიტაცია მიიღება [ბნელი მატერია]. შესაძლოა, ორივე მათგანი ილუზია იყოს, რომელიც ევოლუციის პროცესში მყოფი და ძალების სიძლიერის განმსაზღვრელი მუდმივების გავლენით წარმოიქმნება".

ამას ერთად ცვლადი და ურთიერთმოქმედი მუდმივები (CCC) ეწოდება და α-თი აღინიშნება. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, გრავიტაციისა და ელექტრომაგნეტიზმის ძალები (როგორც მუდმივები) დროთა განმავლობაში იცვლება და ერთმანეთზეა დამოკიდებული. ამ მოდელის მიხედვით, ისინი კოსმოლოგიური მასშტაბით ფიქსირებულია, მაგრამ ჩვეულებრივი მატერიის განაწილების შესაბამისად ლოკალურად იცვლება.

ასევე, იხილეთ: ის აქ არის, მაგრამ ვერ ვხედავთ — ბნელი მატერია სამყაროსა და მზის სისტემაში

გუფთა ამბობს, რომ სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელში ბნელი ენერგიისა და მატერიის ასახსნელად ორი განსხვავებული განტოლებაა საჭირო. პირველის მიხედვით, დიდი მასშტაბით სამყარო ერთგვაროვანია, მეორის თანახმად კი ის მცირე მასშტაბებში განსხვავებულია. ახალი ჰიპოთეზა ბნელი ენერგიისა და მატერიის საჭიროებას აუქმებს და ზემოხსენებული ფენომენების ახსნას ერთი განტოლებით ცდილობს.

კერძოდ, მატერიის მაღალი კონცენტრაციის მქონე უბნებში α უფრო ნაკლებად მონაწილეობს, ვიდრე დაბალი კონცენტრაციისაში. სწორედ ეს შეიძლება იყოს მიზეზი გალაქტიკების არამკვრივ რეგიონებში დამატებითი გრავიტაციისა, რომელიც მეორე შემთხვევაში ვლინდება.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერის ეს ჰიპოთეზა საინტერესოა, ის მტკიცებულებებს მოითხოვს, რომლებიც არ მოგვეპოვება; დადასტურებული არაა თავად CCC-იც. შესაბამისად, ბნელი მატერიისა და ენერგიის იდეებს ჯერჯერობით ვერაფრით ჩავანაცვლებთ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Galaxies გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.