რა უნდა გავითვალისწინოთ მეორადი ტანსაცმლის გამოყენებამდე — რისკები და სიფრთხილის ზომები
მეორადმა ტანსაცმელმა, შესაძლოა, ინფექციების რისკი შეგვიქმნას. ამის პრევენციისთვის შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ.
მეორადი ტანსაცმელი ბოლო წლებში საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა იმისა, რომ იაფია, ამ სამოსის გამოყენება გარემოსთვის მეტად სასარგებლოა. მეორე მხრივ, მეორადი ტანსაცმელი, შესაძლოა, ინფექციური დაავადებების წყარო იყოს, ამიტომ ჩაცმამდე მათ დეზინფექცია უნდა ჩავუტაროთ.
ცნობილია, რომ კანზე მილიონობით ბაქტერია, სოკო და ვირუსი ბინადრობს, ჩვენს სამოსს კი ამ მიკრობებთან მჭიდრო კონტაქტი აქვს. თითოეული ადამიანის კანის მიკრობიომი უნიკალურია და მასზეა მორგებული. იმან, რაც ერთისათვის ბუნებრივი და უსაფრთხოა, შესაძლოა, სხვაში დაავადება გამოიწვიოს.
მოდით, რისკები და სიფრთხილის ზომები უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ სტატიის მიხედვით, რომელიც პლატფორმა The Conversation-ისთვის მოამზადა პრიმროუს ფრისტოუნმა, ლესტერის უნივერსიტეტის უფროსმა ლექტორმა მიკრობიოლოგიის დარგში.
მეორადი ტანსაცმელი და ინფექციის რისკები
ტანსაცმლის მეშვეობით დაავადების გამომწვევი პათოგენები ხშირად გადაეცემა. ეს ნიშნავს, რომ სამოსის წინა პატრონის კანის მიკრობიომი — თავისი ინფექციებითა და პათოგენებით — შესაძლოა, მეორად ტანსაცმელზე იყოს შემორჩენილი, თუ გაყიდვამდე ისინი კარგად არ გაირეცხება.
კვლევით დადგინდა, რომ ტანსაცმელზე არაერთი ინფექციური პათოგენი შეიძლება ბინადრობდეს, მათ შორის: ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus — ბაქტერია, რომელიც კანისა და სისხლის ინფექციებს იწვევს), სალმონელა, ნაწლავის ჩხირი, ნოროვირუსი, როტავირუსი (შეუძლია გამოიწვიოს მაღალი ტემპერატურა, ღებინება და დიარეა) და სოკოები, რომლებიც ზოგჯერ ტრიქოფიტიასა და ტერფის დერმატოფიტიას იწვევს.
მეცნიერებმა პაკისტანის მაღაზიაში არსებული მეორადი ტანსაცმელი გამოიკვლიეს. აღებულთაგან ბევრ ნიმუშში აღმოჩნდა ბაქტერიები Bacillus subtilus და Staphylococcus aureus, რომლებსაც კანისა და სისხლის ინფექციების გამოწვევა შეუძლია. მეორად ტანსაცმელში აღმოუჩენიათ პარაზიტებიც, რომლებიც კანის ინფექციურ დაავადებებთან, თუნდაც მუნთან, არის კავშირი.
კანის მიკრობები, შესაძლოა, ცხოვრობდეს ოფლის ამინომჟავებში ანდა ცხიმში, რომელსაც თმის ფოლიკულები და კანის უჯრედთა პროტეინები გამოყოფს. ყველა ეს ნივთიერება ტანსაცმელზე აღმოჩნდება.
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ პათოგენები — თუნდაც E coli, Staphylococcus aureus და Streptococcus pyogenes — შეიძლება ტანისამოსზე თვეობითაც კი დარჩეს, თუ მათ ოთახის ტემპერატურაზე შევინახავთ. კვლევის ფარგლებში ბამბის ანდა შერეულ ქსოვილებში მიკრობები 90 დღემდე ცოცხლობდა.
მეტიც, ქსოვილ პოლიესტერის შემთხვევაში ეს მიკროორგანიზმები 200 დღის განმავლობაშიც კი ცოცხლობდა. ბაქტერიების შტამების უმრავლესობა უკეთ ძლებდა ისეთ გარემოში, სადაც ჰაერის ტენიანობა მაღალი იყო. შესაბამისად, თუკი მიკრობების გამრავლების პრევენცია გვინდა, ტანსაცმელი მშრალ გარემოში უნდა შევინახოთ.
რთული სათქმელია, რამდენად მაღალია იმის რისკი, რომ მეორადი ტანსაცმლიდან რეალურად დავავადდეთ (ამაზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა), თუმცა სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, სავარაუდოდ, ყველაზე მაღალი რისკი ექნებათ. ასეთ შემთხვევაში მეორადი ტანისამოსის გარეცხვას განსაკუთრებით სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.
როგორ გავრეცხოთ მეორადი ტანსაცმელი
მიკრობთა უმეტესობას გამრავლებისთვის წყალი სჭირდება. კანის მეტად ნესტიან ადგილებში — იღლიებში, ფეხებსა და გენიტალიების არეში — როგორც წესი, ყველაზე მეტი მიკროორგანიზმია თავმოყრილი. შესაბამისად, ყველაზე დაბინძურებული ის ქსოვილი იქნება, რომელსაც ამ რეგიონებთან ჰქონდა შეხება.
გარდა ფიზიოლოგიური სითხეებისა, ტანსაცმელი, შესაძლოა, საკვებითაც დაბინძურდეს. ეს თავის მხრივ გამოიწვევს ბაქტერიებისა და სოკოების მომრავლებას, ეს კი პოტენციურად კანის ინფექციის რისკს გაზრდის.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მეორადი ტანსაცმელი გამოყენებამდე კარგად გავასუფთაოთ. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, რომელშიც მუნით დაბინძურებული მეორადი ტანსაცმელი გამოიკვლიეს, გარეცხვამ ქსოვილზე არსებული ყველა პარაზიტი მოსპო.
რეკომენდებულია, რომ ტანსაცმელი სარეცხი საშუალებით გავრეცხოთ დაახლოებით 60°C ტემპერატურაზე. ეს ქსოვილს არამხოლოდ ჭუჭყს მოაშორებს, არამედ ბაქტერიებსა და არააქტიურ პათოგენებსაც მოსპობს. იმ შემთხვევაში, თუკი მაღალი ტემპერატურით რეცხვა არ ხერხდება, შეგიძლიათ ტანსაცმლის სადეზინფექციო საშუალება გამოიყენოთ.
უკეთესი იქნება, თუ მეორად ტანსაცმელს პირველად სხვა სამოსთან ერთად არ გარეცხავთ. ეს მნიშვნელოვანია, რათა სხვა სამოსიც არ დაბინძურდეს. შეგიძლიათ, მეორადები 2-3 საათით ცხელ წყალში მოათავსოთ, ანტიბაქტერიულ სარეცხ საშუალებაში, შემდეგ კი სარეცხი მანქანით ჩვეულებრივად გარეცხოთ.
თუკი დამატებით გსურთ თავდაცვა, შეგიძლიათ, გარეცხვის შემდგომ ქსოვილზე უთო გამოიყენოთ — თუ, რა თქმა უნდა, ქსოვილი გაძლევთ ამის საშუალებას.
მეორადი ტანსაცმლის ბევრი გამყიდველი ამბობს, რომ სამოსი გარეცხილია, თუმცა ამაში დარწმუნებული ვერასოდეს იქნებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავადაც გარეცხოთ, სანამ გამოიყენებდეთ. იგივე პრინციპი ახალ ტანსაცმელზეც ვრცელდება — მაღაზიებში მათ ბევრი ადამიანი ისინჯავს, ამიტომ ინფექციების რისკი ამანაც შეიძლება შექმნას.
კომენტარები