თუ გგონიათ, რომ ალკოჰოლს მხოლოდ ადამიანები მოვიხმართ, ცდებით. ახალი კვლევის თანახმად, ცხოველები ფერმენტირებული ხილის ჭამის შედეგად ეთანოლს "შემთხვევით" და იშვიათად სულაც არ იღებენ, როგორც აქამდე მიიჩნეოდა.

აღნიშნული ნაერთი თითქმის ყველა ეკოსისტემაში გვხვდება, ამიტომ ის ხელმისაწვდომია როგორც შაქრიანი ხილის მჭამელი ცხოველებისთვის, ისე იმ მწერებისთვის, რომლებიც ნექტარს ეწაფებიან. ისინი ეთანოლს რეგულარულად იღებენ, ანუ ეს ველურ ბუნებაში საკმაოდ გავრცელებული ფენომენია და მხოლოდ ჰომო საპიენსს არ ახასიათებს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეთანოლი ბუნებაში მას შემდეგაა ჭარბად, რაც მცენარეებმა ტკბილი ნექტრისა და ხილის წარმოქმნა დაიწყო. ეს დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ მოხდა. ამჟამად ალკოჰოლი ამ სახით ყველაზე დიდი ოდენობით ტროპიკულ და ტენიან რეგიონებშია. როგორც წესი, ფერმენტირებულ ნაყოფში ალკოჰოლის კონცენტრაცია 1-2%-ია, თუმცა, მაგალითად, მცენარე პალმირას ნაყოფში ეს მაჩვენებელი 10.2%-ს აღწევს.

მაიმუნი კაპუცინი, რომელიც ხილს ჭამს.

ფოტო: Julia Casorso

და მაინც, როგორ ახერხებენ ცხოველები ალკოჰოლის გადამუშავებას? ცნობილია, რომ მათ ორგანიზმს ეს მანამდე შეეძლო, სანამ ნაყოფის ფერმენტაციის გზით სოკოები ეთანოლის წარმოქმნას შეუწყობდა ხელს. ამის მიუხედავად, ხილისა და ნექტრის მჭამელ სახეობებში ეს უნარი გაძლიერებულია. სხვაგვარად თუნდაც ხის ტოტებზე ცოცვა მთვრალ მდგომარეობაში უბრალოდ ევოლუციურად არახელსაყრელი იქნებოდა, რადგან ცხოველების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა.

უცნობია, რამდენად მიზანმიმართულად იკვებებიან ცხოველები ეთანოლის შემცველი ნაყოფით, მაგრამ ცხადია, რომ ის კალორიების კარგი წყაროა. ასევე, შესაძლოა, მათ ფერმენტაციისთვის დამახასიათებელი სუნი იზიდავდეს. მწერებში ეს ნაერთი კვერცხებს პარაზიტებისგანაც იცავს, ზოგიერთი თეორიის მიხედვით კი ეთანოლი ენდორფინისა და დოფამინის სისტემებს ააქტიურებს, რაც ცხოველებს ამშვიდებს და მათ სოციალურ ქცევას აუმჯობესებს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Trends in Ecology & Evolution გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.