თუ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას აპირებ — იცოდე შენი უფლებები
ადამიანების შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დაცულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო აქტებით, რომელიც აღიარებული და დანერგილია საქართველოს კანონმდებლობაში.
შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება დაცულია ქვეყნის მთავარი კანონით — საქართველოს კონსტიტუციით.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი შეკრების თავისუფლებას ეხება და განსაზღვრავს, რომ:
1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
კონსტიტუციის შემდეგ აქციის მონაწილეების ქცევის წესებს შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონი განსაზღვრავს, სადაც მეორდება კონსტიტუციაში ჩაწერილი დებულება, რომ, მაგალითად, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, აქციებში მონაწილეობა ეკრძალებათ. შესაბამისად, აქციის მონაწილეების გავრცელებული თხოვნა პოლიციის მიმართ, რომ გაიზიარონ და დაიჭირონ პროტესტის მონაწილეთა მხარე, კანონდარღვევისკენ მოწოდებაა. ეს იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ პოლიცია გაფიცვას გადაწყვეტს და გაფიცვის წესების მიხედვით იმოქმედებს.
სჭირდება თუ არა აქციას ნებართვა?
იურისტი გვანცა ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ თუ აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა იციან, რომ მონაწილეთა რაოდენობა იმდენად დიდი იქნება, რომ შეუძლებელი გახდება ტროტუარზე და ფეხით მოსიარულეთა სივრცეში მათი განლაგება, ამ შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორებმა აქციის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. თუმცა თუ პროტესტში მონაწილე მოქალაქეების რაოდენობა სრულად ეტევა ფეხით მოსიარულეთა სივრცეში, მათ მუნიციპალიტეტის ნებართვა არ სჭირდებათ.
"თუ მოქალაქეები შეიკრიბებიან იმ ტერიტორიაზე, სადაც არის ფეხით მოსიარულეთა სივრცე, მათ შეუძლიათ გამოიხატონ თავისი აზრი და არ სჭირდებათ ნებართვა; ანუ თუ არ იბლოკება ავტოსატრანსპორტო მოძრაობა, ამ შემთხვევაში, ნებართვა არაა საჭირო. ნებართვა არც იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ მოქალაქეების რაოდენობა გასცდა იმ რაოდენობას, რომ შეუძლებელია მათი დატევა ფეხით მოსიარულეთათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე და მათი გეგმისგან დამოუკიდებლად გადაიკეტა ტრანსპორტის მოძრაობა. ამ შემთხვევაშიც შეიძლება ვთქვათ, რომ აქცია სანქცირებულია, რადგან ადამიანების ის რაოდენობა ვერ დაეტია იმ ტერიტორიაზე, სადაც მათ უნდოდათ თავისი აზრის დაფიქსირება", — ამბობს გვანცა ჟორჟოლიანი.
შეგვიძლია თუ არა აქცია ნებისმიერ ტერიტორიაზე გავმართოთ?
არის ტერიტორიები, რომელზეც კანონი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. თუ, მაგალითად, აქციის, ან მანიფესტაციის გამართვის ადგილი არის საქართველოს პროკურატურის, პოლიციის შენობების, პენიტენციური დაწესებულებების, რკინიგზის სადგურების, პორტების, აეროპორტების და ა.შ. მიმდებარე ტერიტორია, ასეთ შემთხვევაში, კანონის თანახმად, ადამიანებს უფლება აქვთ შეიკრიბონ ამ შენობებიდან 20 მეტრის რადიუსში. ასევე თუ პროტესტის გამოხატვა გადაწყდა სამხედრო ნაწილთან ახლოს, ამ შემთხვევაში, მსგავსი აქტივობა ნებადართულია ამ ობიექტიდან 100 მეტრის რადიუსში.
"მოქალაქეებს ნებისმიერ ადგილზე გვაქვს უფლება გამოვხატოთ პროტესტი და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, მაგრამ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები. ადმინისტრაციულ ობიექტებთან უნდა დავიცვათ კანონით განსაზღვრული დისტანცია", — აცხადებს იურისტი.
აქვს თუ არა აქციის მონაწილეს კარვის გაშლის უფლება?
მიმდინარე წლის ოქტომბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც დროებითი კონსტრუქციის (კარვის, სცენის და ა. შ.) მოწყობას დაუსაბუთებლად ზღუდავს. განსახილველი კანონპროექტი არ შეესაბამებოდა გამოხატვის თავისუფლების ევროპულ სტანდარტებს, რაზეც ყურადღება გამახვილებულია ეუთო/ოდირის დასკვნაში. მართალია, პრეზიდენტმა ვეტო დაადო მიღებულ კანონს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობას ნებისმიერ დროს შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, რაც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტებს არსებითად გააუარესებს.
ამ ეტაპზე, ვიდრე კანონში ცვლილება არ არის ასახული, აქციის მონაწილეს კარვის დადგმის უფლება აქვს. მით უმეტეს, თუ აქცია სანქცირებულია; თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელი ჩათვლის, რომ რომელიმე კონკრეტული დანადგარი, მაგალითად, გათბობის საშუალება, შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ან ამან შეიძლება დაარღვიოს კონსტიტუციური უსაფრთხოება, მას შეუძლია ამ დანადგარის პროტესტის ადგილზე შეტანა აკრძალოს.
როდის შეუძლია პოლიციელს აქციის მონაწილის დაკავება?
თუ აქციის მონაწილე დგას ისეთ ტერიტორიაზე, სადაც დგომითაც ირღვევა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი, მაგალითად, თუ პირი მიუახლოვდა გარკვეულ ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც არის დაწესებული ზღვარი — 20 მეტრი, პოლიციას შეუძლია მას მიუთითოს ტერიტორიის დატოვებისკენ. თუ მოქალაქე არ ემორჩილება მოთხოვნას, პოლიციას აქვს უფლება გაიყვანოს ადგილიდან ისეთ სივრცეში, სადაც კანონით მისი ყოფნა არ იკრძალება. თუ ამის მიუხედავად, მოქალაქე კვლავ არ დაემორჩილა პოლიციას, სამართალდამცველს შეუძლია ის იზოლატორში გადაიყვანოს.
"პოლიციას შეუძლია გადაიყვანოს განყოფილებაში აქციის მონაწილე, თუ ის არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ ასრულებს მის მითითებას. ამ შემთხვევაში, შეიძლება ძალით გაიყვანონ ტერიტორიიდან, თუ ამაშიც წინააღმდეგობა გაუწია, ეს შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც წვრილმანი ხულიგნობა და პირი გადაიყვანონ იზოლატორში", — ამბობს გვანცა ჟორჟოლიანი.
დაიმახსოვრეთ: როცა აქციის მონაწილეს აკავებს პოლიცია და ამაში აქციის სხვა მონაწილეები სამართალდამცველს წინააღმდეგობას უწევენ, ეს კანონდარღვევაა და პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლად აღიქმება.
რისი უფლება აქვს აქციის მონაწილეს დაკავებისას?
- დაკავებულს უფლება აქვს იცოდეს ვინ აკავებს. პოლიციელი ვალდებულია, წარმოადგინოს მისი იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- აქციის მონაწილეს უფლება აქვს, მოსთხოვოს პოლიციას ჩართოს ვიდეოგადაღების საწარმოებლად სამხრე კამერა იმისთვის, რომ პოლიციელის უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, დაკავებულმა საკუთარი უფლებების დაცვა მარტივად შეძლოს;
- თუ პირს არ აქვს თავად შესაძლებლობა პოლიციელთან კომუნიკაციის დროს გადაიღოს ვიდეო, მას აქვს უფლება სთხოვოს თავის მეგობარს გადაიღოს დაკავების მომენტი;
- ზედაპირული ჩხრეკის ჩატარების შემთხვევაში პოლიციას უფლება აქვს მხოლოდ გარეგნულად შეეხოს აქციის მონაწილის სხეულს. პოლიციას არ აქვს ჯიბეში ხელის ჩაყოფის უფლება. საფუძვლიანი ჩხრეკის შემთხვევაში, პოლიციელმა უნდა წარმოადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ან პროკურორის დადგენილება, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პიროვნებაზე იქნება გაცემული ჩხრეკის ჩატარების უფლება, ამის მიუხედავად, არსებობს გადაწყვეტილების დაგვიანებით აღების შესაძლებლობა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუმცა სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში და არა ადმ. სამართალდარღვევის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება (მათ, შორის ჩხრეკაც) გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, ან როცა საქმისათვის საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (თუ აღმოჩენილია მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგად), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე, შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც.
- თუ აქციის მონაწილე ატარებს ჩანთას და პოლიციელმა მოითხოვა ამ ჩანთის გაჩხრეკა, პოლიციას არ აქვს უფლება თავად ჩაყოს ხელი ჩანთაში და დაათვალიეროს ის. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, აქციის მონაწილე თავად ხსნის ჩანთას, თავად იღებს ნივთებს და აჩვენებს პოლიციელს.
- თუ აქციის მონაწილე გადაიყვანეს იზოლატორში, პოლიციას აქვს უფლება ის დააყოვნოს მინიმუმ 24, მაქსიმუმ 48 საათი. თუ მაქსიმუმ 48 საათში პირს ვერ წაუყენეს ბრალი და სასამართლოს სხდომა არ ჩატარდა, ის უნდა გათავისუფლდეს.
აქციის მონაწილეს არ აქვს უფლება, აქციაზე ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა მოითხოვოს, ან იქონიოს სხვადასხვა სახის იარაღი.
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი, მუხლი 11
1. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
2. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:
ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;
ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;
დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;
ე ) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისა თვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 11 პრიმი 1 მუხლის მოთხოვნები .
3. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და სხვაგვარი ხელყოფა.
რა შეიძლება გააკეთოს იზოლატორში გადაყვანილმა აქციის მონაწილემ?
იზოლატორში გადაყვანილ მოქალაქეს აქვს:
- ოჯახთან დაკავშირების უფლება;
- ადვოკატის აყვანის უფლება;
- სამედიცინო დახმარების მიღების უფლება;
- დუმილის უფლება;
- პოლიციამ უნდა უზრუნველყოს დაკავებულის საკვებით და პირადი ჰიგიენის ნივთებით დაკმაყოფილება.
შეუძლია თუ არა აქციის მონაწილეს ქუჩებსა და ფასადებზე წარწერების დატოვება?
გახსოვდეთ: აქციის მონაწილეებს პროტესტის ქუჩების და შენობების ფასადების მოხატვის/წარწერების დატანის გზით გამოხატვის უფლება არ აქვთ! საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლით აქციის მონაწილეებს, პირდაპირ ეკრძალებათ ტერიტორიის იერსახის დამახინჯება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 150. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება
1. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
იურისტის განმარტებით, ნებისმიერი სახის წარწერა, ნახატები, სიმბოლოები შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, რომლითაც ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული შენობების იერსახე იცვლება, იწვევს მოქალაქეების დაჯარიმებას, თუ მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია, მაშინ შეიძლება კონკრეტული აქციის ორგანიზატორი დაჯარიმდეს.
სტატია მომზადდა On.ge-ს მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია on.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
კომენტარები