ისტორიაში პირველად, კოსმოსში ხის თანამგზავრი გაუშვეს
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტამ კოსმოსში ხელოვნური თანამგზავრი გაიტანა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სატელიტი არ ყოფილა. იმავე ფუნქციის მეტალის აპარატებისგან განსხვავებით, ის ხისგანაა დამზადებული და პირველი ასეთი ობიექტია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გაუშვეს.
ხის სატელიტი იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს და ის ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთთან ერთად გაგზავნეს. კიოტოს უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტები ელიან, რომ მისიის დასასრულს ხის ხელოვნური თანამგზავრი ატმოსფეროში ხელახლა შემოსვლისას დაიწვება, რითაც საფრთხის შემცველი კოსმოსური ნარჩენების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
მეტალის ასეთი ფრაგმენტები ორბიტაზე მრავლადაა და მათი უმეტესობა სწორედ ექსპლუატაციიდან გასულ სატელიტებს ეკუთვნის. ისინი პოტენციურად საშიშია, როგორც სხვა აპარატებისთვის,, ისე სატელეკომუნიკაციო სისტემებისთვისა და, ხმელეთზე ჩამოღწევის შემთხვევაში, ადამიანებისთვისაც.
ხის ხელოვნურ თანამგზავრს ყუთის ფორმა აქვს და LignoSat-ის სახელითაა ცნობილი. მისი ზომა სულ რაღაც 10 სანტიმეტრია. სატელიტი ორბიტაზე აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს.
LignoSat სპეციალურ კონტეინერში იყო მოთავსებული და, როგორც იაპონიის კოსმოსურ სააგენტოში ამბობენ, ჩვენი პლანეტის ორბიტაზე უსაფრთხოდ გაუშვეს. მეცნიერები მისიას წარმატებულად მიიჩნევენ.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მიღწევის შემდეგ LignoSat იქ დაახლოებით 1 თვე დაყოვნდება და გამძლეობის გამოსაცდელად მხოლოდ ამის შემდეგ განცალკევდება. ამ პროცესში ის დედამიწაზე მონაცემებს გამოგზავნის, რათა ინჟინრებმა მისი მდგომარეობა შეამოწმონ.
კომენტარები