შესაძლოა, კატები სიტყვებს ბავშვებზე სწრაფად იმახსოვრებდნენ
უკვე 12 000 წელია, კატები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და, როგორც ჩანს, ამ დროის განმავლობაში ადამიანთა კომუნიკაციას ალღოც აუღეს. ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ისინი კონკრეტული ობიექტების შესაბამის სიტყვებთან ასოციაციებს ბავშვებზე სწრაფად იმახსოვრებენ. ასევე, ამისთვის ჯილდოზე დაფუძნებული სპეციალური გაწვრთნა არ სჭირდებათ.
ამ უნარის გამოსაკვლევად იაპონელმა მეცნიერებმა 32 ზრდასრულ კატაზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც მანამდე მეტყველების განვითარების შესასწავლად 14 თვის ბავშვებზე იყო გამოცდილი. ცხოველებს ლეპტოპში ხანმოკლე ანიმაციურ ვიდეოებს აჩვენებდნენ, პარალელურად კი მათი პატრონების აუდიო ჩანაწერი ესმოდათ, რომელშიც გამოგონილ სიტყვებს ამბობდნენ.
პირველ ვიდეოში მარტორქის მსგავსი არსება ჩანდა, რომელიც იზრდებოდა და პატარავდებოდა, გამოგონილი სიტყვა კი "კენარუ" იყო. მეორეში ცვალებადი ზომის მქონე წითელი მზე იყო წარმოდგენილი, რომლის შესაბამის სიტყვადაც "პარუმბო" შეარჩიეს. ბავშვებში 20-წამიანი ვიდეო/აუდიო გამოიყენეს, ამ ცდაში კი 2-2 ექსპერიმენტის 9-წამიანი ვიდეოები აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ კატების უმრავლესობას ასოციაციები დაემახსოვრებინა.
ამის შემდეგ კატები მცირე ხნით შეასვენეს და მომდევნო ეტაპზე ვიდეო-აუდიო კიდევ 4-ჯერ აყურებინეს/მოასმენინეს. ამჯერად მათ ნახევარში სიტყვები "არასწორი" იყო. ცხოველებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და დაიბნენ, რაც იმით გამოიხატა, რომ ეკრანს საშუალოდ 33%-ით მეტხანს უყურებდნენ. ზოგი მათგანის გუგები ამ შეუსაბამობის გამო გაფართოვდა კიდეც.
"ეს ადასტურებს, რომ კატებს გამოსახულებისა და სიტყვის ასოციაციების სწრაფად დამახსოვრება შეუძლიათ. ისინი ჩვენს ყოველდღიურ საუბარს აკვირდებიან და იმაზე მეტად ცდილობენ გაიგონ, რას ვამბობთ, ვიდრე წარმოგვიდგენია", — აცხადებენ მეცნიერები.
აღსანიშნავია, რომ კატებსა და ბავშვებში ჩატარებული ექსპერიმენტები 100%-ით იდენტური არ ყოფილა, ამიტომ რამდენად მართებულია შედეგების შედარება, საკამათოა. პატარებს მხოლოდ ერთმარცვლიან სიტყვებს ასმენინებდნენ, თანაც უცნობი ადამიანის მიერ სხვადასხვა ინტონაციით ნათქვამს. ოთხფეხა მეგობრებს სამმარცვლიანი სიტყვების დამახსოვრება მოუწიათ, რომელთაც მათივე პატრონი ერთი ინტონაციით ამბობდა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები