ამერიკის დიდი ტბების თავზე მეტეორმა გაიელვა — ნახეთ შთამბეჭდავი კადრები
21 ოქტომბერს ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე დიდი ტბების თავზე მეტეორმა გაიელვა. ის ცაზე მზის ჩასვლისას გამოჩნდა, საღამოს 7 საათზე.
ამერიკის მეტეორულმა საზოგადოებამ ამ მოვლენის შესახებ საზოგადოებისგან 534 შეტყობინება მიიღო. მათ გასაოცარი სანახაობა 10 შტატიდან იხილეს, მიჩიგანიდან ჩრდილოეთ კაროლინამდე. რამდენიმე ადამიანმა მისი გადაღებაც შეძლო.
კოსმოსურმა ობიექტმა სიკაშკაშე მაშინ წარმოქმნა, როცა დედამიწის ატმოსფეროში 80 კილომეტრ სიმაღლეზე იყო, რის გამოც კანადიდანაც ჩანდა. ის ბოლო თვეებში დაფიქსირებულ მეტეორებს შორის უდიდესად მიიჩნევა.
მეტეორი ცაზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. პირველად ის ლეიკის ოლქის თავზე გამოჩნდა, რის შემდეგაც თითქმის 100 კილომეტრი დისტანცია დაფარა და ერის ტბის სანაპიროსთან ახლოს გაუჩინარდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ უკანასკნელი მოვლენა ტაურიდების მეტეორების წვიმას არ უნდა უკავშირდებოდეს. ის ამჟამად აქტიურია და ოქტომბრის მიწურულიდან ნოემბრის შუა პერიოდამდე გრძელდება ხოლმე.
ამის მიუხედავად, დედამიწის ატმოსფეროში მეტეორების შემოჭრა ხშირია და საფრთხეს არ გვიქმნის. ამგვარი ობიექტები აირებთან ურთიერთქმედების დროს წვას განიცდის, რა დროსაც ნათებას წარმოქმნის, ამიტომ ცაზე მარტივად შესამჩნევია. მათი დიდი ნაწილი ატმოსფეროში მთლიანად ნადგურდება ან ხმელეთამდე მხოლოდ მცირე ზომის მეტეორიტის სახით აღწევს.
კომენტარები