ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა არჩევნებზე — აი, რატომ
როგორ მუშაობს ელექტრონული არჩევნები და როგორ დავიცვათ ჩვენი ხმის ფარულობა
2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული სისტემის გამოყენებით ჩატარდება, ანუ ამომრჩევლები ხმას ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემენ. მაინც რამდენად იცავს მსგავსი მიდგომა ჩვენი ხმის ფარულობას? შეიძლება თუ არა, ვინმემ გაიგოს, ვის მივეცით ხმა?
ამის საპასუხოდ მალხაზ რეხვიაშვილს, ფაქტ-მეტრის მთავარ რედაქტორს, გავესაუბრე. ეს პლატფორმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო) წლის დასაწყისიდანვე თანამშრომლობს, რათა არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებას შეუშალოს ხელი.
როგორ მუშაობს ელექტრონული არჩევნები და რა იცავს ჩვენი ხმის ფარულობას
ცნობილია, რომ საარჩევნო პროცესში სამი აპარატი იქნება გამოყენებული: ვერიფიკაციის (ანუ ვინაობის დადასტურების) აპარატი, ხმის მთვლელი აპარატი და სპეციალური პლანშეტი. ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში ინტერნეტი არ იქნება გამოყენებული, რაც ტექნიკის მეშვეობით ხმების გაყალბების შანსებს ამცირებს.
უფრო ზუსტად:
- ვერიფიკაციის აპარატში რეგისტრატორი ამომრჩევლის პირადობის მოწმებას ათავსებს და მის ვინაობას ადასტურებს. მას აღარ უწევს, რომ ხმის მიცემამდე ამომრჩევლის სახელი სიაში მოძებნოს. აპარატი ქვითარს ამობეჭდავს, რომელზეც ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ხელმოწერით დაადასტურებს;
- ხმის მთვლელ აპარატში ამომრჩეველი ბიულეტენს ათავსებს მას შემდეგ, რაც სასურველ პარტიას მისცემს ხმას; აპარატი ამომრჩეველს ატყობინებს, მიიღო თუ არა მისი ბიულეტენი, შემდეგ კი ხმებს ითვლის;
- პლანშეტის გამოყენებით კომისიის თავმჯდომარე ცესკოს აპარატების მიერ დათვლილ მონაცემებს გაუგზავნის; ამ აპარატთან ამომრჩეველს შეხება არ აქვს.
მალხაზის განმარტებით, "ვერიფიკაციის აპარატი არავითარ კავშირში არ არის ხმის მთვლელ აპარატთან სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის რაიმე ტიპის კავშირის დადგენა".
თავად ვერიფიკაციის აპარატები, მისი თქმით, ერთმანეთთან ე. წ. მარშრუტიზატორით იქნება შეერთებული. ეს შიდა ქსელია, ანუ გარე ქსელთან არ იქნება დაკავშირებული (ეს გარე ჩარევის რისკს ამცირებს). ამ აპარატების შეერთება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მათ ერთმანეთს მიაწოდოს ინფორმაცია და ამომრჩეველმა ერთზე მეტჯერ ვერ გაიაროს ვერიფიკაცია.
"ეს იმისთვისაა საჭირო, რომ, ერთ აპარატში თუ გაიარა ამომრჩეველმა ვერიფიკაცია, დანარჩენმა ორმა აპარატმაც იცოდეს", — თქვა მალხაზმა.
მან აღნიშნა, რომ ვერიფიკაციის აპარატები ხმის მიცემის აპარატს არ უკავშირდება, "ეს აპარატები ერთმანეთს ვერ ხედავენ". შესაბამისად, შეუძლებელია, ადამიანის ვინაობა (ანუ ვერიფიკაციის აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია) იმ ინფორმაციას დაუკავშირდეს, თუ ვის მისცა მან ხმა (ანუ ბიულეტენზე არსებული ინფორმაცია).
ცნობისთვის, თავად ბიულეტენზე არანაირი პირადი ინფორმაცია არ არის დატანილი — უბანზე არსებული ყველა ბიულეტენი ერთნაირია. ბიულეტენები მხოლოდ უბნების მიხედვით განსხვავდება.
ერთმანეთს შეზღუდულად უკავშირდება საარჩევნო ყუთებიც, რომლებშიც ბიულეტენები ხვდება. მალხაზის თქმით, "ისინი ერთმანეთთან ეთერნეტ კაბელით არის დაკავშირებული. ესეც შიდა ქსელია და ისინი [ყუთები] ინფორმაციას ყოველ წამს არ ცვლის — ცვლის მაშინ, როცა საარჩევნო უბანი დაიხურება". გამოდის, ეს აპარატები ერთმანეთის შედეგებს მანამ ვერ გაიგებს, სანამ კენჭისყრა არ დასრულდება.
"მხოლოდ ამის შემდეგ მოიყრის ყველა მონაცემი ერთ-ერთ აპარატში თავს და ეს აპარატი დაბეჭდავს შედეგების ქვითარს თერმულ ქაღალდზე".
ამ დროს შედეგები უკვე დაბეჭდილია. პროცესში ინტერნეტი მაშინ ერთვება, როცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე დათვლილი მონაცემები უნდა მიეწოდოს.
"ინტერნეტი ისეთ ეტაპზე შემოდის, რომ ჩარევის ინტერესი უბრალოდ არ არსებობს იმიტომ, რომ შედეგი ისედაც დაბეჭდილი და საჯაროდ ცნობილია, მისი გაგზავნა კი უკვე ფორმალობაა", — თქვა მალხაზმა.
ამ დროს მონაცემების დასაცავად ცესკო დახურულ ქსელს, VPN-ს, გამოიყენებს.
"მასზე 256-ბიტიანი დაცვის შიფრია დაყენებული, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს იერიშის მიტანასა და ამ მონაცემების მოპარვას ან ჩანაცვლებას რომელიმე მესამე მხარის მხრიდან", — ახსნა მალხაზმა.
გამოდის, არჩევნებში გამოყენებული ტექნიკა ჩვენი ხმის ფარულობას არ არღვევს. იმისათვის, რომ პირადი ინფორმაცია არ გამჟღავნდეს, საარჩევნო უბანზე გარკვეული წესებია შემუშავებული.
"გაფერადების პროცესში ხართ მარტო ამომრჩევლის კაბინაში. ვერავინ ვერ ხედავს, რას აფერადებთ. აქ [ფოტოს/ვიდეოს] გადაღება არის აკრძალული", — განმარტა მალხაზმა — "როდესაც ამომრჩეველი თავის ხმას დააფიქსირებს და გამოდის კაბინიდან, თავისი ბიულეტენი მას კონვერტში აქვს მოთავსებული".
კონვერტი ერთგვარი ჩარჩოა, რომელმაც ჩვენი ბიულეტენი უნდა დაფაროს. წესის მიხედვით, ბიულეტენი პირქვე უნდა გვეჭიროს, რათა გარშემომყოფებმა მისი შინაარსის დანახვა ვერ შეძლონ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიულეტენი გაგიფუჭდებათ ან უბრალოდ დახმარებას მოითხოვთ, ბიულეტენის შინაარსის გაგება დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებსაც ეკრძალებათ — მათ დახმარება ისე უნდა გაგიწიონ, რომ თქვენი ხმის ფარულობა არ დაირღვეს.
"აკრძალულია თქვენი ხმის ფარულობის დარღვევა, კანონით არის დაუშვებელი და, თუ თავად არ გაანდობთ ვინმეს, ხმა ვის მიეცით, ამას თავისით ვერავინ ვერ გაიგებს", — დასძინა მალხაზმა.
არჩევნებზე მონაწილეობის წესებსა და პროცედურის მიმდინარეობას ცესკოს საინფორმაციო მასალაში, ამ ბმულზე, გაეცნობით.
ვერიფიკაციის აპარატი
ფოტო: ცესკო
კომენტარები