ბოლო ათწლეულებში ველური ცხოველების გლობალური პოპულაცია 73%-ით შემცირდა
ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, 1970-დან 2020 წლამდე, გლობალურად ველური ცხოველების პოპულაცია 73%-ით შემცირდა.
საუბარია ხერხემლიანებზე, მათ შორის ძუძუმწოვრებზე, ფრინველებზე, ამფიბიებზე, ქვეწარმავლებსა და თევზებზე. ამგვარი ცვლილების მიზეზად მეცნიერები ბუნებრივი გარემოს დეგრადაციასა და გლობალურ დათბობას ასახელებენ.
WWF-ის ანგარიში ცოცხალი პლანეტის ინდექსს ეყრდნობა, რომელიც 5 495 სახეობის თითქმის 35 000 პოპულაციას მოიაზრებს. ყველაზე მკვეთრი 85%-იანი კლება მტკნარი წყლის თევზებში დაფიქსირდა, 69%-იანი ხმელეთის ცხოველებში, ხოლო 56%-იანი — ოკეანეებისა და ზღვების ბინადრებში.
მათ შორის არიან ავსტრალიაში გავრცელებული Eretmochelys imbricata-ს სახეობის ზღვის კუები, რომელთა რაოდენობაც 1990-2018 წლებში 57%-ით შემცირდა. ამაზონის მდინარის დელფინების პოპულაციამ 65%-ით იკლო, მდინარე საკრამენტოში არსებული ჩავიჩას რაოდენობამ კი — 88%-ით.
რეგიონების მიხედვით პოპულაციების კლების მაჩვენებელი ასეთია:
- ლათინოამერიკა და კარიბები — 95%;
- აფრიკა — 76%;
- აზია-წყნარი ოკეანე — 60%;
- ჩრდილოეთ ამერიკა — 39%;
- ევროპა და ცენტრალური აზია — 35%.
ბუნების მსოფლიო ფონდის განცხადებით, პოპულაციებს მთავარ საფრთხეს საცხოვრებელი არეალის დაკარგვა, გარემოს დეგრადაცია და ადამიანთა მიერ ჭარბი მოსავლის მოყვანა უქმნის. ასევე, გარკვეულ როლს ასრულებს ინვაზიური სახეობები, დაავადებები და კლიმატის ცვლილება.
ეს ყველაფერი ბუნების მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და პოტენციურად შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. რეგიონულ დონეზე აღსანიშნავია, მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის ფიჭვის ტყეების, ამაზონის ჯუნგლებისა და მარჯნის რიფების განადგურება. ამან შესაძლოა, სხვა რეგიონებზე, ჩვენს საკვების მარაგებსა და ეკონომიკაზე იქონიოს გავლენა.
სწორედ ამიტომ, მეცნიერები მოგვიწოდებენ, რომ გარემოს გავუფრთხილდეთ, რათა ის კლიმატის ცვლილების მიმართ უფრო მოწყვლადი არ გახდეს.
კომენტარები