მეცნიერებმა ახალი მეთოდით დაადგინეს, რა არის ვულკანების ქვეშ
ფრანგმა მეცნიერებმა ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც გვიჩვენებს, რა არის ვულკანების ქვეშ. ამისთვის მათ სამედიცინო და ოპტიკურ-მიკროსკოპული ტექნოლოგიები გააერთიანეს, შედეგად კი ე.წ. მატრიცული სკანირების ინოვაციურ ტექნიკამდე მივიდნენ.
მისი უპირატესობა ისაა, რომ დედამიწის სიღრმეში მოძრავი სეისმური ტალღების დასაფიქსირებლად ბევრ სენსორს არ საჭიროებს. ასეთი ტალღების მეშვეობით შესაძლებელია გავიგოთ, როგორი ტიპის მატერიები გვხვდება პლანეტის ქერქში. ეს ვულკანური აქტიურობის პროგნოზირებაშიც დაგვეხმარება, რაც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია.
ახალი მეთოდი სპეციალისტებმა გვადელუპაში მდებარე ვულკან სუფრიერზე გამოცადეს, რომელიც სენსორებით შეისწავლეს და მათი ერთობლივი მონაცემები გააანალიზეს, რათა დეტალური სურათი მიეღოთ. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ მიწისქვეშ არსებული სხვადასხვა ელემენტის მიერ ტალღების ასხლეტით გამოწვეული ხელისშემშლელი სიგნალები შემცირდეს.
შედეგად, მეცნიერებმა ამგვარი სიგნალებისგან შეძლებისდაგვარად დაცლილი ინფორმაცია მიიღეს. ის 100-მეტრიანი გარჩევადობით გვიჩვენებს, როგორი სტრუქტურაა ვულკანის ქვეშ, 10 კილომეტრამდე სიღრმეში. კერძოდ, გამოვლენილია მაგმის მარაგების რამდენიმე შრე და ის, თუ როგორ არის ისინი სიღრმეში განლაგებულ სხვა გეოლოგიურ წარმონაქმნებთან დაკავშირებული.
ამ ყველაფრის გარკვევით ვულკანში მიმდინარე პროცესებს ეხდება ფარდა და ამოფრქვევების პროგნოზირება ხდება შესაძლებელი. ავტორები ფიქრობენ, რომ ეს მეთოდი სხვა ადგილებშიც ასე წარმატებით იმუშავებს.
მათი ნაშრომი გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.
კომენტარები