ნახეთ: ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ყველაზე დეტალური ინფრაწითელი რუკა შექმნეს
ასტრონომებმა შექმნეს ირმის ნახტომის გალაქტიკის ყველაზე დეტალური ინფრაწითელი რუკა, რომელიც 1.5 მილიარდზე მეტ ობიექტს მოიცავს.
ასეთი მასშტაბური მონაცემების შესაგროვებლად და სისტემაში გასაერთიანებლად სპეციალისტებს 13 წელი დასჭირდათ. ამ დროში ისინი ღამის ცას 420 ღამის განმავლობაში დააკვირდნენ. შედეგად აღბეჭდეს, როგორც ვარსკვლავები, ისე ყავისფერი ჯუჯები (ობიექტები, რომლებიც მნათობებსა და მასიურ ეგზოპლანეტებს შორისაა), "მოხეტიალე" ეგზოპლანეტები, ძალიან სწრაფად მოძრავი ვარსკვლავები, რომლებიც გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის გავლენით სივრცეში გაიტყორცნა და სხვა.
საერთო ჯამში, რუკაში 200 000 სურათია თავმოყრილი. ისინი ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ტელესკოპ VISTA-ს მეშვეობითაა გადაღებული, რომელიც ჩილეშია განლაგებული.
"იმდენად ბევრი აღმოჩენა გავაკეთეთ, რომ ჩვენი გალაქტიკის გამოსახულება სამუდამოდ შევცვალეთ", — აცხადებს ასტროფიზიკოსი დანტე მინიტი.
რუკის შესაქმნელად მან, კოლეგებთან ერთად, VISTA-ს ინფრაწითელი კამერა, სახელად VIRCAM, გამოიყენა. ამ ხელსაწყომ შეძლო, რომ ჩვენს გალაქტიკაში არსებული მტვრისა და აირის მიღმა მდებარე აქამდე უცნობი ობიექტები დაეფიქსირებინა. თითოეულ რეგიონზე განმეორებითმა დაკვირვებებმა მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ ამ ობიექტების მოძრაობა და სიკაშკაშის ცვლილება შეესწავლათ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა. მთლიანი რუკის დასათვალიერებლად, გადადით ბმულზე — ESO Science Portal.
კომენტარები