მეცნიერებმა სისხლის ჯგუფთა ახალი სისტემა აღმოაჩინეს
1972 წელს ექიმებმა ორსულ ქალს სისხლის ანალიზი აუღეს და აღმოაჩინეს, რომ ნიმუშში არ იყო ანტიგენი AnWj, რომელიც სისხლის იმ დროისთვის ცნობილ ყველა ტიპში ფიქსირდებოდა. ახლა, 52 წლის შემდეგ, მეცნიერებმა ამის მიზეზი დაადგინეს, რამაც ისინი სისხლის ჯგუფთა ახალ სისტემამდე მიიყვანა.
"ეს უდიდესი მიღწევა და ხანგრძლივი შრომის შედეგია, რომელმაც სისხლის ჯგუფთა ახალი სისტემის იდენტიფიცირების საშუალება მოგვცა და იშვიათი, მაგრამ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის საუკეთესო ზრუნვის შეთავაზებაში დაგვეხმარება", — აცხადებს ბრიტანელი ჰემატოლოგი, ლუის ტილი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის კარგად ცნობილი სისტემა ABO და რეზუს ფაქტორია, ადამიანების სისხლის კიდევ არაერთი ჯგუფი არსებობს, რომელთაც უჯრედული ზედაპირის ცილები და შაქრები განასხვავებს. ჩვენი სხეული ამ ანტიგენურ მოლეკულებს იმისთვისაც იყენებს, რომ საკუთარი მახასიათებლები უცხოსგან გამიჯნოს. სწორედ ამიტომ, თუ სისხლის გადასხმისას ბიოლოგიური თანხვედრა არაა, შესაძლოა, ეს პაციენტის სიკვდილითაც კი დასრულდეს.
ამის თავიდან ასაცილებლად სისხლის ჯგუფების ერთმანეთისგან განსხვავება უნდა შეგვეძლოს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში აღმოაჩინეს, მაგრამ სია დღემდე იზრდება. მათ შორისაა ახალი სისტემა, რომელსაც MAL ეწოდება. როცა ადამიანს ამავე სახელწოდების გენის ორივე ასლის მუტაცია აქვს, AnWj-უარყოფითი სისხლის ტიპი ყალიბდება, მაგრამ ეს სისხლთან დაკავშირებული დარღვევების დროსაც შეიძლება მოხდეს.
ამ სისტემის გამოვლენა მარტივი არ ყოფილა. მეცნიერებმა MAL გენი AnWj-უარყოფითი სისხლის უჯრედებში შეუშვეს, რამაც მათში ეს ანტიგენი შეიტანა. MAL-ის ცილა უჯრედის მემბრანის სტაბილურობის შენარჩუნებაში მონაწილეობს და ნივთიერებების უჯრედულ გადატანას უწყობს ხელს. საინტერესოა ისიც, რომ AnWj ახალდაბადებულ ჩვილებში არ გვხვდება, მაგრამ მათ ორგანიზმში მალევე ჩნდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ AnWj-უარყოფითი სისხლის მქონე პაციენტში ერთნაირი მუტაცია დაფიქსირდა, მაგრამ სხვა ანომალიები ან დაავადებები არ გამოვლენილა. მომდევნო ეტაპზე იმის გარკვევა სურთ, მემკვიდრეობითია თუ არა სისხლის ეს ტიპი.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Blood გამოქვეყნდა.
კომენტარები