აღდგომის კუნძულის მოსახლეობის უეცრად გაქრობის საიდუმლო ამოხსნილია
"სულ რამდენიმე საუკუნეში აღდგომის კუნძულის ხალხმა გაანადგურა ტყე, მცენარეები და ცხოველები გადაშენებამდე მიიყვანა. შესაბამისად, მალე ეს კომპლექსური საზოგადოება ქაოსსა და კანიბალიზმში გადაეშვა", — ასე წერს ჯარედ დაიმონდი თავის ბესტსელერში, რომელიც 2005 წელს გამოიცა.
და, აი, ახლა თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, გენეტიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა მიაგნო მტკიცებულებას, რომ სინამდვილეში ეს ამბავი არც არასდროს მომხდარა.
ახალი კვლევის თანახმად, რაპა ნუის (ასე ეძახიან აღდგომის კუნძულს ადგილობრივები) რეალური ამბავი მოსახლეობის მიერ თვით განადგურების ისტორია კი არ არის, არამედ ეს კულტურული გამძლეობის მაგალითია.
როგორც ჩანს, 1600-იან წლებში რაპა-ნუის ხალხი კუნძულზე სრულად იზოლირებული არ იყო და მათ საზოგადოება "ეკოციდის" წერტილამდე არ მიუყვანიათ.
უძველესი გენეტიკური მასალიდან გამომდინარე, კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო. საუბარია დაახლოებით 1500-იდან 3000 ადამიანზე. ეს ინდივიდები ევროპელების გამოჩენამდე პოლინეზიური და ადგილობრივი ამერიკული წარმოშობის ხალხთან ირეოდა.
გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ რაპა ნუის ცივილიზაცია 1860-იან წლებამდე იზრდებოდა. ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ, სანამ პერუდან მონების წაყვანის მიზნით მომხდარმა რეიდებმა და ევროპელი კოლონიზატორების მიერ ჩამოტანილმა ეპიდემიებმა კუნძულის მოსახლეობა 110 ინდივიდამდე არ შეამცირა.
დღეს რაპა ნუიზე მცხოვრები ადამიანებიდან 1500-ზე მეტი ინდივიდი აიდენტიფიცირებს თავს ძირძველ ადგილობრივ მოსახლედ.
"ეს შედეგები რაპა ნუის მოსახლეობის კოლაფსის თეორიასთან თანხვედრაში არ მოდის", — აღნიშნულია კვლევაში.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაპა ნუის ეკოციდის თეორიას უკვე მრავალი არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური მონაცემი ეწინააღმდეგება. თუმცა, ახალი კვლევა პირველია, რომელიც ამ თეორიას უშუალოდ გენომური მონაცემების გამოყენებითაც უარყოფს.
შედეგები ეფუძნება რაპა ნუის 15 ინდივიდის ნაშთებს, რომლების კბილები და ძვლები ევროპელებმა კუნძულიდან მე-19 და მე-20 საუკუნეებში წამოიღეს. ეს ნაშთები ახლა პარიზის მუზეუმებში ინახება.
მკვლევრებმა ამ ნაშთების ანალიზით თითოეული ინდივიდის გენომი გაშიფრეს. გენომიკურ ანალიზზე დაყრდნობით, რომელიც რაპა ნუის ას თაობაზე მეტს მოიცავს, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ეს ინდივიდები ევროპელებთან კონტაქტის შემდეგ არ დაბადებულან. ევროპული წარმომავლობა მხოლოდ თანამედროვე რაპა ნუებში დაფიქსირდა და არა ძველ მოსახლეობაში.
დღეს რაპა ნუის და პოლინეზიის პოპულაციები ასევე ატარებენ ამერიკელ ძირძველ გენებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პოლინეზიელმა მეზღვაურებმა ევროპელებზე ადრე მიაღწიეს ამერიკასა და რაპა ნუის.
"ახალი კვლევა ეჭვს არ ტოვებს, რომ რაპა ნუის ძველი მოსახლეობა სქესობრივ კავშირებს ამყარებდა ძირძველ ამერიკული წარმოშობის პოპულაციებთან", — აღნიშნულია კვლევაში.
ახლა საკითხავი ისაა, თუ როგორ დაუკავშირდა რაპა ნუის მოსახლეობა ძირძველ ამერიკელებს. ცნობისთვის, აღდგომის კუნძული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული კუნძულია. აქედან უახლოესი დასახლებული კუნძული 1800 კილომეტრითაა დაშორებული. რაც შეეხება სამხრეთ ამერიკასთან დაშორებას, ეს მანძილი 3512 კილომეტრია.
წლების განმავლობაში ექსპერტები მსჯელობდნენ, მიაღწიეს თუ არა წყნარი ოკეანის კუნძულების მაცხოვრებლებმა ამერიკას ევროპელებზე ადრე.
"ცნობილია, რომ პოლინეზიელები გამოცდილი მეზღვაურები იყვნენ. სწორედ ამის ხარჯზე, მათ პოლინეზიის ყოველი კუნძული აითვისეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ შეძლეს და ამერიკის კონტინენტამდე მიაღწიეს. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაპა ნუი არ იყო ისეთივე იზოლირებული, როგორიც აქამდე გვეგონა", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები